”საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” (GPB Guardians) ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველმა არხმა” სამსახურიდან გაათავისუფლა “რეალური სივრცის” კიდევ ერთი თანამშრომელი მერი შიხაშვილი. GPB Guardians-ი წერს, რომ შიხიაშვილი დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებისთანავე გაათავისუფლეს.
“საზოგადოებრივი მაუწყებლი” პრო-ევროპული აქციების მიმდინარეობის პარალელურად, მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებს მათ ნაწილს სხვადასხვა სახის დისციპლინური სანქციაც დაეკისრა.
2025 წელს, “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო, არაერთ თანამშრომელს დააკისრა დისციპლინური სანქცია ან გაანთავისუფლა სამსახურიდან. მათ შორის არიან გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვანი და ავტორი, ნინო ზაუტაშვილი და გადაცემა “მოამბის” წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
“ტელეკომპანია “პირველის” ფოტოჟურნალისტი გიორგი მოსიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორჯერ დააჯარიმა, ჯამში 10 000 ლარით. პოლიცია ფოტოჟურნალისტს ედავება 21 თებერვალს და 11 მარტს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ ჯარიმის დაკისრების დროს, იგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას.
„ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.
არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა შორის არიან “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრი ორგანიზაციებიც, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების“ ბრალდებით.
2025 წლის 27 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ამ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დააყადაღა.
პროკურატურის მიერ განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე წუთში პროსამთავრობო ტელეკომპანია “იმედმა” გამოძიების მხარდაჭერი სიუჟეტი გაავრცელა, კერძოდ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების კომენტარები პროევროპული აქციებიდან. პროკურატურის ბრალდება ორგანიზაციებს ედავება პრო-ევროპული აქციების მონაწილეებისთვის სპეციალური ეკიპირების (როგორიცაა სპეციალური აირწინაღები, ჩაფხუტები, სახის დასაფარი ნიღბები, პირბადეები, დამცავი სათვალეები) შესაძენად თანხების მობილიზებას.
50-ზე მეტმა სამოქალაქო და მედია ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა ყადაღადადებულ ორგანიზციებს.
“ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა” – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 27 აგვისტოს, შვიდი ორგანიზაციის ანგარიში დააყადაღეს, ესენია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „დემოკრატიის მცველები“, „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა“ (GDI), „საფარი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. აქედან, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ISFED, IDFI და GDI “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრები არიან.
2025 წლის 11 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთაგან ოთხი “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრია, ანტიკორუფციული ბიუროსგან მორიგი წერილი მიიღეს, რომელშიც “FARA”-ს დარღვევას ედავებიან. აღნიშნული ორგანიზაციებია: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “მედიის განვითარების ფონდი” და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED]”.
„გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად,” – აღნიშნეს ორგანიზაციებმა ერთობლივ განცხადებაში.
კოალიციის წევრების განცხადებით “FARA” მათ არ ეხებათ და “რუსული კანონების” შესრულებას არ აპირებენ.
„ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა“- ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.
პირველი წერილი ანტიკორუფციული ბიუროსგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2025 წლის ივნისში მიიღეს.
ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელმა (IFCN), რომლის წევრიც არის “მედიის განვითარების ფონდი”, დაგმო საქართველოში ფაქტების გადამმოწმებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება.
“გამოძიებები, რომლებიც ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო, ასევე ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მუქარა, საგანგაშო ესკალაციაა იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებას სანდო ინფორმაციას აწვდიან,” – წერია IFCN-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2025 წლის 20 ივნისსს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ონლაინ გამოცემების “ნეტგაზეთი” და “ბათუმელების” წინასწარ პატიმრობაში მყოფი მენეჯერის, მზია ამაღლობელის, დისკრედიტაციას შეეცადა სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტით: “ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა.”
პაპუაშვილის ეს განცხადება მოჰყვა ევროკავშირის დელეგაციის მიერ გავრელებულ პოსტს, რომელშიც დელეგაცია სოლიდარობას უცხადებს გამოცემა “ბათუმელებს” და მზია ამაღლობელს და მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” “შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემური თავდასხმა.” ევროკავშირის დელეგაციის პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ევორკავშირის ელჩი და “ბათუმელების” რედაქტორი არიან გადაღებული.
საქართველოში არ შემოუშვეს ფრანგი ფოტოგრაფი ჰიშამ ელ ბოუჰმიდი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესქტო აქციებს აშუქებდა. 2025 წლის 3 აგვისტოს ინსტაგრამზე დაწერა, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ექვსსაათიანი ლოდინისა და გამოკითხვის შემდეგ, მას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს და ოფიციალურ მიზეზად „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ დაუსახელეს.
2024-2025 წელს, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა”, უცხოელი ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების საქართველოში არ შემოშვების 9 , ხოლო ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის 1 შემთხვევა აღრიცხა. ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მოტივი, სამართალდამცველებს, არცერთ შემთხვევაში არ დაუკონკრეტებიათ.
“ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანია “იმედმა” , კვირის შემაჯამებელ თოქ-შოუში “იმედის კვირა”, გააკრიტიკა ტელეკომპანია Al Jazeera-ს რეპორტაჟი საქართველოს შესახებ და ქართული დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიები და ჟურნალისტები პოლიტიკურად ანგაჟირებულებად მოიხსენია.
რეპორტაში საქართველოში მიმდინარე ამბებს ეხება და მის რესპონდენტებს შორის არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი და “ნეტგაზეთის” რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე. მათ “იმედის” სიუჟეტის ავტორი მოიხსენიებს როგორც “უცხოური ორგნიზაციებიდან დაფინანსებულ, პოლიტიზებულ ონლაინ მედიების სუბიექტურ ჟურნალისტებს”.
“რეპორტაჟში Al Jazeera-ს ჟურნალისტი და მისი პოლიტიკურად ანგაჟირებული რესპონდენტები ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ტერმინი “დიფსთეთი” ტელეკომპანია “იმედმა” დაამკვიდრა, – ამბობს ერთ-ერთ მონაკვეთში “იმედის” ჟურნალისტი და ამ სიტყვების ფონად კადრში ჩანს გამოცემა “ნეტგაზეთის” რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე და ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი [ტაიმკოდი: 05:46-05:56].
“იმედის კვირის” სიუჟეტში ნახსენებია გამოცემების “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” მედიამენეჯერის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელიც და მისი უდანაშაულობა კითვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული.
“მე ვურჩევ ქალბატონ ამაღლობელს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იჩივლოს, თუკი მას მიაჩმიან რომ ის პატიმრობაში ჟურნალისტის პროფესიის მიზეზით იმყოფება. მისი პატიმრობის მიზეზით სასამართლო მის საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს. ძალიან ბევრი ფული იხარჯება მისი ადვოკატებისთვის და კეთილი ინებოს და იჩივლოს სტრასბურგში, თუმცა იგი არ მიდის” – ამბობს რუხაძე Al Jazeera-ს ეთერში (ტაიმკოდი: 05:04 – 05:46] და ამ ნაწყვეტს იმეორებს “იმედიც” მის სიუჟეტში ისე, რომ არ ხსნის ამაღლობელის პატიმრობის კონტექსტს, დეტალებს და არც მოპასუხე მხარე ჩანს, რომელიც მზია ამაღლობელის პატიმრობის კანონიერებაზე ისაუბრებდა.
„ქართუ ბანკი“, რომლის 35%-იან წილს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილი, ფლობს “TV პირველს” ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის. მოსარჩელე მოითხოვს არხმა ბანკი არ მოიხსენიოს როგორც “ივანიშვილის” ან “ოლიგარქის” ბანკი.
“TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის, განმარტებით, რეპორტაჟი, რომლის გამოც ბანკი ჩივის, საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა და ეყრდნობოდა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) რეზოლუციას, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნაც იყო „ქართუ ბანკის“ საერთაშორისო გადახდის სისტემიდან – SWIFT-იდან გათიშვა. „ისინი მოითხოვენ, რომ ეს რეპორტაჟი არ იყოს განთავსებული ონლაინ პლატფორმებზე. როგორც ჩანს, ბანკისთვის ეს საკითხი პრობლემატურია და მოითხოვენ სასამართლოს გზით ისეთი ტერმინების აკრძალვას მედიაში, როგორიცაა „ივანიშვილის ბანკი“ ან „ოლიგარქის ბანკი“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ გამოცემა “ნეტგაზეთთან”. მისივე განცხადებით, „ქართუ ბანკი“ ითხოვს მხოლოდ სიუჟეტში გასული ფაქტების უარყოფას და არა ფულად კომპენსაციას.
“მედიის ადვოკატირების კოალიციის” შეფასებით, ეს სარჩელი სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების (SLAPP) მორიგ შემთხვევას წარმოადგენს: “აღნიშნული საქმე არის ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების” მიერ მედიაზე წარმოებული მიზნობრივი რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
“ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღეს უფლება გადაიღონ ბიძინა ივანიშვილის “პირად პატიმრად” მიჩნეული ბიზნესმენის, გიორგი ბაჩიაშვილის, სასამართლო პროცესი. ეს არის პირველი შემთხვევა, მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებების შედეგად მედიას სასამართლო პროცესის გადაღება აეკრძალა როცა იუსტიციის საბჭომ გადაღების ნებართვა გასცა. “იმედის” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მათ იუსტიციის საბჭოს 28 ივლისს მიმართეს და მეორე დღეს ნებართვა მიიღეს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025 წლის 26 ივნისს მიიღო ცვლილებები “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში, რომლის თანახმად, სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია აიკრძალა. გადაღებაზე ნებართვა კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გასცეს. კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებმა კანონის ამოქმედებიდან დღემდე არაერთი განცხადება შეიტანეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თუმცა, მათ ამ დრომდე არცერთხელ არ მიუღიათ პასუხი.
მეტიც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არაერთხელ მოუწოდეს მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, რომ დროულად შეემუშავებინა სხდომების გადაღებაზე ნებართვის გადაცემის პროცედურები, რაც მედიას შესაძლებლობას მისცემდა, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, სხდომის დაწყებამდე, სწრაფად მიეღო პასუხი განცხადებებზე. თუმცა ამ დრომდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უკუკავშირი არავის მიუღია.
2025 წლის 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შემოდგომის სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე აღარ გავა აღარც რუბრიკა “ადამიანები ისტორიიდან”. რუბრიკის წამყვანმა, დიმიტრი სილაქაძემ, უარი თქვა შეთავაზებაზე გადასულიყო სხვა გადაცემაში და არხის დატოვება გადაწყვიტა. დიმიტრი სილაქაძე ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის მონაწილე და მხარდამჭერია და მათ შორისაა, ვინც აკრიტიკებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას.
„ეს ჩემი ბოლო გადაცემა იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე… ვუსურვო ჩვენს მსმენელს წარმატებები. ასევე, ჩვენს ქვეყანას გამთლიანება, გაძლიერება, სამართლიანი ქვეყნის ჩამოყალიბება და ყველაფერი კარგი, რაც შეიძლება ადამიანმა საკუთარ ქვეყანას უსურვო“, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა წამყვანი მაყურებელს სეზონის ბოლო, 29 ივლისის გადაცემაში.
მისი რუბრიკა „ადამიანები ისტორიიდან“ ჯერ გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“ ეთერით გადაიცემოდა, 2024 წლიდან კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, გადაცემა „შუადღის პიკის საათში“ გადაინაცვლა.
ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მენეჯმენტი აჩერებს მიმდინარე პროექტსა თუ რუბრიკას: 1-ლი აგვისტოდან ეთერში აღარ გავა გადაცემა “ამ შაბათ-კვირას” და შეწყდება ჟურნალისტ ია ანთაძის საავტორო პროექტიც – სტატისების სერია სახელწოდებით – “საინტერესო ადამიანები”. “ამ შაბათ-კვირის” ყველა სხვა წევრმაც (7-მა ჟურნალისტმა) და ია ანთაძემაც არხი დატოვეს. გადაცემის გუნდმა ასევე უარი თქვა შეთავაზებაზე გადანაწილებულიყვნენ ტელევიზიისა და რადიოს სხვადასხვა გადაცემებში.უფრო ადრე, მაისში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დახურა ყველაზე ცნობადი, სოციალური გადაცემა “რეალური სივრცე” და მის წამყვანთან ნინო ზაუტაშვილთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.
არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება ან მათთვის დისციპინური სანქციების დაკისრება საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროევროპული პროტესტის პარალელურად დაიწყო. ამ დრომდე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დისციპლინარული წარმოების საშუალებით სამსახურიდან დაითხოვეს ან დისციპლინარული სანქცია დააკისრეს 20-ზე მეტ თანამშრომელს.