2025 წლის 25 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ხურავს გადაცემას “ამ შაბათ-კვირას“. არხის მენეჯმენტმა გადაცემის გუნდს – პროდუსერებს, ჟურნალისტებსა და გადაცემის წამყვანებს სხვა გადაცემებში გადასვლა შესთავაზა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცნობა, რომ მათთან თანამშრომლობა შეწყდებოდა.
ეს თანამშრომლები არიან: გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერები -თამარ ჭინჭარაული და მარიამ ფირცხალავა , პროდუსერი ნია ბარაბაძე, ჟურნალისტი ანა აბაკელია და გადაცემის წამყვანები – ლიკა ევგენიძე და გიორგი შარვაშიძე.
მაუწყებლის დირექტორის, თინა ბერძენიშვილის მიერ გადაცემის გუნდის წევრებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ გადაცემას საპროექტო ვადა 1 აგვისტოს ეწურება და მისი გაგრძელება აღარ იგეგმება, რადგან მაუწყებელს აღარ აქვს ამ გადაცემის საჭიროება: „ახალი სატელევიზიო სეზონიდან, განახლებული საეთერო ბადის შუადღის ზოლი დაეთმობა ახალ პროექტს, რომელიც კვირის ყველა დღეს მოიცავს. შესაბამისად ცალკე და დამატებით მხოლოდ შაბათ-კვირისთვის გადაცემის საჭიროება აღარ იკვეთება“.
სხვა გადაცემებში გადასვლაზე ექვსივე თანამშრომელმა უარი თქვა. შესაბამისად, 1 აგვისტოდან ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ. ექვსივე ჟურნალისტი „საზოგადოებრივი მაუწყბლის მცველებში“ არიან და უკვე რვა თვეა მაუწყებლის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებენ.
ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველმა არხმა დახურა ჟურნალისტ ია ანთაძის პროექტიც „საინტერესო ადამიანები“. „რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას ჩემი არჩევანის, ჩემი პასუხისმგებლობის ბუნებრივ შედეგად აღვიქვამ“, – დაწერა ია ანთაძემ სოციალურ ქსელში.
არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება ან მათთვის დისციპინური სანქციების დაკისრება საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროევროპული პროტესტის პარალელურად დაიწყო. ამ დრომდე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დისციპლინარული წარმოების საშუალებით სამსახურიდან დაითხოვეს, ან დისციპლინარული სანქცია დააკისრეს 13 თანამშრომელს.
2025 წლის 22 ივლისს, გამოცემა „პუბლიკის” რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი ვიდეოს გადაღების გამო კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა. ვარდიაშვილი ცდილობდა დაეფიქსირებინა, როგორ გამოიყვანა მანდატურის სამსახურმა ძალის გამოყენებით სასამართლოს შენობიდან ოპოზიციური პარტიის წევრი.
ინციდენტი სინდისის ერთ-ერთი პატიმრის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესის დროს მოხდა. როგორც ზურა ვარდიაშვილი აღწერს, მატიაშვილმა ოპოზიციური პარტია „ახალის” წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე, რომელიც სასამართლო პროცესზე დასასწრებად იყო მისული, ძალის გამოყენებით გაიყვანა სასამართლოს შენობიდან. როგორც კი შენობას გასცდნენ, ჟურნალისტმა ამ ფაქტის გადაღება დაიწყო: “კიბეებთან დავიწყე გადაღება. ეს რომ დაინახა, მეცა და შემათრია შიგნით. პირადობა ჩამომართვა, გადაცემულიაო და კანონის წინაშე აგებ პასუხსო”. იგი სასამართლოს შენობაში, ერთ-ერთ ოთახში რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი, შემდეგ კი პირადობის მოწმობა დაუბრუნეს და გაათავისუფლეს.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, 30 ივნისიდან სასამართლო დარბაზებში, დერეფნებსა თუ ეზოში ფოტო/ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა აკრაძალულია. ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, მედიასაშუალებებმა გადაღების უფლებისთვის განცხადებით მიმართეს იუსტიციის საბჭოს – კანონით დადგენილ უწყებას, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არცერთს არ მიუღია.
რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამდე, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს უკანონოდ ხელი ეშლებოდათ სასამართლოს შენობაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ცვლილების შემდეგ კი მანდატურის სამსახური არაპროპორციულად, დაუსაბუთებლად ძალას იყენებს მათ შორის მედიის წინააღმდეგ რეპრესიული კანონმდებლობის აღსასრულებლად.
2025 წლის 17 ივლისს, “ქართული ოცნების” განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, ჟურნალისტებს “სასაცილოები” და “უსუსურები” უწოდა შეკითხვის პასუხად, რომელიც მის დოქტორის ხარისხს შეეხებოდა.
„ძალიან სასაცილოები ხართ, მართლა ძალიან სასაცილოები ხართ, იმდენად უსუსურები ხართ. რა დიპლომზეა საუბარი? დოქტორანტი კანდიდატი… ეს თქვენ შეგიძლიათ ჩემს ნებისმიერ CV-ში ამოიკითხოთ. ძალიან სასაცილოები ხართ. როგორი უსუსურები ხართ იცით? ‘ – განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრად წარდგენსას “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იგი ამსტერდამის უნივერსიტეტის დოქტორად მოიხსენია. მოგვიანებით გაირკვა, რომ მიქანაძეს ხარისხი დაცული არ აქვს. ჟურნალისტები სწორედ ამის გადამოწმებას ცდილობდნენ.
2025 წლის 15 ივლისს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი მაუწყებლის “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “კონკრეტული პირებისგან დაფინანსებაში დაადანაშაულა”. დეზინფორმაციული განცხადების მიხედვით: “არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცებს ჰგონიათ „ნაცები“ და სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება… ნოდარ მელაძე, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული კორუფციაში ეჭვმიტანილი ჯგუფიდან იღებს დირექტივებს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით”.
ნოდარ მელაძეს წინააღმდეგ განცხადება 14 ივლისს “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც გააკეთა და ის “აგენტურულ სპეკულაციაში” დაადანაშაულა.
2025 წლის 14 ივლისს, “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “აგენტურულ სპეკულაციაში” დაადანაშაულა. “ეს დაკითხვა ემსახურება შენს აგენტურულ სპეკულაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ დააბრალო შენი დანაშაული სხვას” – უთხრა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს.
ამას წინ უსწრებდა 8 ივლისის მოვლენები, როცა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის თვითმკვლელობის მცდელობა კრიტიკულ მედიებს “ტვ პირველსა” და “ფორმულას” დაუკავშირა.
კითხვაზე, მისი ინფორმაციით, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს „კორუფციას“ და „ბარიგების მფარველობას“, – როგორც გავრცელებულ წერილში წერია, – კობახიძემ თქვა: „მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. ზოგადად, სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული. მათ შორის იმ დროსაც, როცა აღარ უკავია თანამდებობა. უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ… მაგალითად, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
2025 წლის 10 ივლისს, „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი „კონკრეტულ დაკვეთის” შესრულებაში და პოლიციის „დაკნინებასა და შეურაცხყოფაში” დაადანაშაულა
„ეს შემთხვევა [მზიას საქმე] მათთვის [ევროპარლამენტარები] არის ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ – იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ განზრახული საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ თუ დაკნინდება ძალოვანი სტრუქტურები, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო და რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელმა ამ კუთხით შეასრულა კონკრეტული დაკვეთა. მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, დაეკნინებინა პოლიცია”, – თქვა კობახიძემ.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მსგავსი განცხადება ირაკლი კობახიძემ 16 აპრილსაც გააკეთა, “რუსთავი 2-ის” ეთერში.
6 თვეა რაც “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. ჟურნალისტი 2025 წლის 11 იანვარს, თავდაპირველად სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს და მალევე გათავისუფლეს. ცოტა ხანში კი, 2025 წლის 12 იანვარს, , იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
9 ივლისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც მოითხოვა მზია ამაღლობელის გათავისუფლება. მის გათავისუფლებას ითხოვენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც.
2025 წლის 12 ივლისს, ტელეკომპანია “TV პირველის” ეთერში გავიდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხებოდა პოლიციელებს რომლებსაც “ქართული ოცნება” სავარაუდოდ იყენებს სინდისის პატიმრების წინააღმდეგ და იმ სარგებელს, რომელსაც ეს პოლიციელები იღებენ სანაცვლოდ. სიუჟეტში გაშუქებული იყო პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი, რომლის მამაც, გამოძიების მიხედვით, ქურდობის საქმეზე იყო დაკავებული.
ფაქტის გადამოწმების მიზნით, ჟურნალისტი მივიდა თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ასურეთის განყოფილებაში და კომენტარი სთხოვა განყოფილების უფროსს, კობა სუთიაშვილს. სიუჟეტში ჩანს, რომ განყოფილების უფროსმა კაბინეტიდან ოპერატორი გააძევა, ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი კი კაბინეტში ჩაკეტა, შემდეგ კი სცადა მისთვის მობილური ტელეფონისა და მიკროფონის წართმევა.თამთა დოლენჯაშვილის განცხადებით: „ჩემი ოპერატორი, პაპუნა ხაჩიძე, კაბინეტიდან გამოაგდო, მე კი ჩამკეტა შიგნით, წამართვა მობილური ტელეფონი და ცდილობდა მიკროფონის წართმევასაც. მოგვიანებით შენობიდან პაპუნაც გამოაგდო.”
2025 წლის 8 ივლისს “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი მაუწყებლების “TV პირველის” და “ფორმულას” დისკრედიტაცია სცადა. მან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის, გამოძიების ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობის მცდელობაზე, მედიასთან კომენტარი გააკეთა, მისი განცხადებით მომხდარს „ზოგადად“ უკავშირებს ოპოზიციური ტელევიზიებს და კრიტიკული ტელევიზიები, „ცილისწამებასა“ და „ზიზღის დათესვაში“ დაადანაშაულა.
კითხვაზე, მისი ინფორმაციით, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს „კორუფციას“ და „ბარიგების მფარველობას“, – როგორც გავრცელებულ წერილში წერია, – კობახიძემ თქვა: „მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. ზოგადად, სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული. მათ შორის იმ დროსაც, როცა აღარ უკავია თანამდებობა. უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ… მაგალითად, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგვიანებით კი, მან უარყო განცხადება და აღნიშნა, რომ “არა, ეს მე არ მითქვამს. ეს მე არ მითქვამს, რა თქმა უნდა. მე ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე. დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“- თქვა კობახიძემ.
2025 წლის 10 ივლისს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მაუწყებლის „იმედის“ ეთერში დეზინფორმაცია გავრცელდა მედია პლატფორმა Chai Khana-ს მიმართ. კერძოდ, საუბარი იყო Chai Khana-ს მიერ, ევროკომისიისგან 532 117 ევროს მიიღებაზე. მედია პლატფორმა Chai Khana-მ გაავრცელა განცხადება, რომ “იმედის” ეთერში გასული სიუჟეტი სიმართლეს არ შეესაბამება.
“სიუჟეტში დასახელებული თანხა, 532 117 ევრო, არის 6 ბენეფიციარ ქვეყანაზე გათვალისწინებული თანხა… შესაბამისად, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დასახელებული თანხის, 532 117 ევროს, 94% არ წარმოადგენს Chai Khana-ს ბიუჯეტს, დასახელებული თანხა რეალურად ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ორგანიზაციების ბიუჯეტია. Chai Khana-ს ინფორმაციით, მეტიც, პროექტის ფარგლებში, Chai Khana-მ ვერ მიიღო მისთვის თავდაპირველად გათვალისწინებული 31 947 ევრო, რადგან „რუსული კანონის“ მიღების გამო, კონტრაქტი დროზე ადრე შეწყდა. შესაბამისად, Chai Khana-ს მიღებული თანხის რეალური ოდენობა შეადგენს მხოლოდ 5 581 ევროს და არა 31 947 ევროს, როგორც ამას ტელეკომპანია „იმედი“ ამტკიცებს” – წერია განცხადებაში.
2025 წლის 10 ივლისს, სასამართლო დარბაზიდან ფოტოს გავრცელების გამო მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ლომიძე-ზასოხაშვილის პროცესი დახურა და დარბაზი ყველა დამსწრეს, მათ შორის ჟურნალისტებს, დაატოვებინა.
“ქართული ოცნების” პარლამენტმა 26 ივნისს, დაჩქარებული წესით საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები მიიღო. ახალი ნორმებით, რომელიც კანონის გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში, სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღება აიკრძალა. ცვლილებების შედეგად, იზღუდება როგორც სასამართლოს შიგნით სივრცეში, ასევე ეზოსა და დერეფნებში გადაღება.