ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი, რეი ბეისლი, ქვეყანაში არ შემოუშვეს

2024 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი. ამის შესახებ ჟურნალისტმა პლატფორმა X-ზე თავად დაწერა და დახმარება ითხოვა. ბოლო შეტყობინებაში ბეისლიმ სტუდია მონიტორს მისწერა, რომ ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა. დოკუმენტში, რომელიც რეი ბეისლიმ სტუდია მონიტორს გაუგზავნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად მითითებული აქვს შემდეგი: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. ბეისლისი თილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ დაკავებული 34 საათი იყო.
რეი ბეისლი საქართველოში ბოლოს გაზაფხულზე იმყოფებოდა, რა დროსაც ის აქტიურად აშუქებდა ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ჟურნალიტებს შემოსვლას უკრძალავენ:

  • 2024 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს აეროპორტიდან სტამბულში გააბრუნეს ქართულ-სომხური გამოცემის, Aliq Media-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი არსენ ხარატიანი;
  • 2024 წლის 16 სექტემბერს, ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს.

უკანონო დაკავების შემდეგ, “მთის ამბების” და “საქართველოს ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, 2000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციის გაშუქების დროს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი, “მთის ამბებისა” და “საქართველოს ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება 2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს ჟურნალისტის დაკავებას, რომლებიც აშუქებდა აღსრულების პოლიციის მიერ საცხოვრებელი კორპუსიდან ერთ-ერთი ოჯახის გასახლებას. პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა და ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 

აქციიის გაშუქებისას პოლიციამ დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავა “მთის ამბების” რედაქტორი გელა მთივლიშვილი. მოგვიანებით, იგი გაათავისუფლეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და დააკისრეს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. 

უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე გელა მთივლიშვილმა დაკავების დღესვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ, 2024 წლის 3 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო.

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი აქციის გაშუქებისას “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით დააჯარიმეს

2025 წლის 17 თებერვლის აქციის გაშუქებისას ასევე გზის გადაკეტვას ედავებიან “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს. შსს-დან მას 21 თებერვალს აცნობეს. უწყებიდან განუმარტეს, რომ 5000 ლარით დააჯარიმეს პარლამენტის მიმდებარედ “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” გამო. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, რის საფუძველზეც, მას აცნობეს, რომ ჯარიმა მოუხსნეს.

კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“, “მთავარი არხი” და „ფორმულა“ სამართალდამრღვევად ცნო

2025 წლის 3 ივლისს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიები „TV პირველი“, “მთავარი არხი” და „ფორმულა“ სამართალდამრღვევებად სცნო. საქმე ეხება  „ქართული ოცნების“ საჩივარს ტელევიზიების წინააღმდეგ. პარტიამ კომისიას 1 ივნისს მიმართა და ისეთი ტერმინების გამო უჩივლა, როგორებიცაა: „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „კლანის სასამართლო“ და სხვ. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საჩივრები ეფუძნება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებები პარლამენტმა 1 აპრილს დაამტკიცა, რის შედეგადაც კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებები გაფართოვდა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებდა კომუნიკაციების კომისიას ყოფილიყო დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი. 

“კომისიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საზოგადოებრივი ინტერესი პოლიტიკური ძალების კრიტიკულ შეფასებაზე უფრო მაღალია. მედიას უნდა ჰქონდეს უფლება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შესაბამისი დახასიათება და შეფასება მისცეს. ეს არის ჟურნალისტიკის არსი” – წერია განცხადებაში.

ანტიკორუფციული ბიურო “მედიის განვითარების ფონდისგან” გრანტების შესახებ ინფორმაციას ითხოვს

2025 წლის 19 ივნისს, ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდს” (MDF) ჩაბარდა სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმად, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. ბიურო ორგანიზაციას დიდი მოცულობის ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, მათ შორის ბენეფიციარებისა და პარტნიორების პერსონალურ მონაცემებს.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის   ერთ-ერთი საფუძველია   არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მედიის თავისუფლების მდგომარეობისა და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის შესახებ ერთობლივი განცხადებების გამოქვეყნება. MDF-მა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა . 

MDF ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის (EFCSN) წევრი ორგანიზაციაა. EFCSN-მა გაავრცელა საჯარო განცხადება, რომლითაც ის სოლიდარობას აცხადებს საქართველოში ფაქტების გადამოწმების პლატფორმებს. EFCSN-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მითების დეტექტორი (MDF-ის პროექტი) გამჭვირვალობისა და ჟურნალისტური მეთოდოლოგიის კუთხით მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობს.

MDF-ის გარდა, ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმის წარმოება დაიწყო, “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრი კიდევ სამი ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდისა” და “სამართლიანი არჩევნების” მისამართით. ჯამში, სასამართლო უწყება უკვე 7 სამოქალაქო ორგანიზაციას მიუვიდა. 
“მედიის ადვოკატირების კოალიცია” “რუსული კანონების” ამოქმედებას აფასებს როგორც “სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევას”.  მედია ადვოკატირების კოალიცია მიმართავს საქართველოს ყველა დემოკრატიულ ძალას, მედია ორგანიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს და თითოეულ მოქალაქეს – გააერთიანონ ძალები მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. “მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვა არის დემოკრატიის თავისუფლების საფუძველი”, – ნათქვამია განცხადებაში

სასამართლოებში მედიის მუშაობა დღეიდან შეიზღუდა

2025 წლის 26 ივნისს “ქართული ოცნების” პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები მიიღო. ახალი ნორმებით, რომელიც კანონის გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში, სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღება აიკრძალა. ცვლილებების შედეგად, იზღუდება ასევე, როგორც სასამართლოს შიგნით სივრცეში, ასევე ეზოსა და დერეფნებში გადაღება. ცვლილებებმა სასამართლო პროცესების გაშუქების წესები ფუნდამენტურად შეცვალა. დღეს, 30 ივნისს,  „პუბლიკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლები კამერებით არ შეუშვეს, შეზღუდეს ეზოში ტელეფონებით გადაღებაც

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობდა. მედიის წარმომადგენლებმა იუსტიციის საბჭოს მიმართეს სხდომის გადაღების ნებართვასთან დაკავშირებით, თუმცა მათგან პასუხი ვერ მიიღეს. ადვოკატებმა სხდომის გადაღების ნებართვასთან დაკავშირებით შეკითხვით მიმართეს მოსამართლესაც, თუმცა მოსამართლის განმარტებით, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილი არ არის გადაწყვეტილება სხდომის გადაღების ნებართვის თაობაზე, სხდომას აუდიო-ვიდეო ჩაწერის გარეშე გაგრძელდებოდა. 

ამ დრომდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ დაუდგენია პროცედურა, თუ რა წესით გაიცემა მედიისთვის ნებართვა სასამართლო პროცესების გაშუქებაზე. ცნობილია, რომ პროცესების გაშუქება შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს ნებართვით, თუმცა თავად ნებართვის გაცემის ფორმა და წესი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მკაფიო რეგულაციების არარსებობა ქმნის თვითნებური მიდგომის საფრთხეს, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და სასამართლო პროცესების საჯაროობას.

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა და მედიის თავისუფლად მუშაობა კვლავ შეიზღუდა

2025 წლის 27 ივნისს საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” პრეიმიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ყოველწლიური მოხსენების მოსმენა გაიმართა, ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე აამოქმედეს

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 27 ივნისს, პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა” – წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

უსაფრთხოების ყვითელი დონის გამოცხადება ზღუდავს და ხელოვნულ ბარიერს უწესებს მედიის მუშაობას, განსაკუთრებით ონლაინ მედიების და ეს, პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსგავსი შეზღუდვა წესდება საქართველოს პარლამნეტში, თუ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში.

ქართული ოცნების მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ

18 ივნისს, ქართულმა ოცნებამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონში ცვლილებები დააინიცირა, რაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. 26 ივნისს, პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვები ერთხმად მიიღო.  ინიციირებული ცვლილებები წარმოადგენს გაგრძელებას „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ათზე მეტი კანონმდებლობის ცვლილებისა, რომლებიც ზღუდავს ადამიანის უფლებების აქამდე არსებულ სტანდარტებს ან ამკაცრებს სანქციებს სხვადასხვა სახის დარღვევებზე.

რა ცვლილებები შედის კანონში:

  • ცვლილება ცილისწამების განმარტებაში: ცილისწამებად განისაზღვრება „არსებითად მცდარი და სახელის გამტეხი განცხადება“ , ცნებიდან ამოღებულია ზიანის კომპონენტი, რომელიც დღეს მოქმედი რედაქციით ცილისწამებად განცხადების შეფასებისთვის არსებითია.
  • მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე: ცვლილებით, ცილისწამების დავაში პირს, რომელმაც გააკეთა განცხადება, დაეკისრება ფაქტის ჭეშმარიტების მტკიცების ტვირთი, მაშინ როცა დღეს ამას  თავად მოსარჩელე ამტკიცებს. 
  • ზიანის ანაზღაურების გაფართოება: თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება საკმარისად არ ანაზღაურებს ზიანს, მოპასუხეს დაეკისრება მორალური ან/და ქონებრივი ზარალის ანაზღაურება.
  • უქმდება დაცვის მექანიზმები: უქმდება ნორმა, რომლის თანახმადაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი, გაამხილოს წყარო ან პროფესიული საიდუმლოება, – დაუშვებელია, გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი. 
  • უქმდება ‘კვალიფიციური პრივილეგია’: აღარ იმოქმედებს ნორმა, რომელიც იცავდა პირს, რომელმაც გონივრულად გადაამოწმა ფაქტი, მაგრამ მაინც დაუშვა შეცდომა, მოქმედებდა საზოგადოებრივი ინტერესით, ან გააკეთა სამართლიანი და ზუსტი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხზე. ეს ცვლილება, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად კრიტიკულ მედიასა და ჟურნალისტებს დააზარალებს, განსაკუთრებით როცა რეპორტაჟის სუბიექტები ხშირად უარს ამბობენ თანამშრომლობაზე.
  • ანონით დაწესდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შინაარსობრივად რეფგულირება თუ ეს ეხება  „საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას”. ამ დრომდე შეიძლებოდა კანონით დარეგულირებულიყო მხოლოდ “ადამიანის პირისპირ შეურაცხყოფა“, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კანონით რეგულირებადი ხდება „საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა“.
  • უქმდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პირადი ცხოვრების დაცვა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, რაც იცავდა მედიასა და საზოგადოებას იმ შემთხვევებში, როცა საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაცია ნაწილობრივ პირად საკითხსაც ეხებოდა — განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირების ან საჯარო პირების საქმიანობას. მისი გაუქმება ზრდის რისკს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდოს პირადი ცხოვრების დაცვის მოტივით, რაც საფრთხეს უქმნის გამჭვირვალობასა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას.
  • კანონს  100-დღიანი უკუქცევითი ძალა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ახალი რეგულაციები კანონის ძალაში შესვლამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებას შეეხება. 

გარდა ამისა, კანონიდან ქრება შემდეგი ფრაზაც: ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“.საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად ართულებს თავისუფალი მედიის, სამოქალაქო სექტორისა და კრიტიკული მოქალაქეების საქმიანობას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები ზღუდავს სასამართლო პროცესების საჯაროობას

18 ივნისს, პარლამენტში დაინიცირდა, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 26 ივნისს, მე-3 მოსმენით მხარი დაუჭირა, მათ შორის, სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვას. ცვლილებები სასამართლო პროცესების გაშუქების წესებს ფუნდამენტურად ცვლის და ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის მედიისთვის პროცესების გაშუქებას. კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, იზღუდება როგორც სასამართლოს შიგნით სივრცეში, ასევე ეზოსა და დერეფნებში გადაღება.

  • სასამართლოში გადაღების შეზღუდვა: ფოტო, ვიდეო და აუდიოგადაღება/ტრანსლაცია აკრძალულია სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას სასამართლო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე ტრანსლაცია, შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.
  • მაუწყებლების წვდომის შეზღუდვა: უქმდება ნორმა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეზღუდვის გარეშე შეეძლო სასამართლო პროცესის გაშუქება, თუ ის არ სარგებლობდა ამ უფლებით, გადაღების უფლება სხვა მაუწყებელს გადაეცემოდა მოსამართლის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
  • პირადი ნივთების ჩამორთმევის უფლება: სასამართლოს ენიჭება უფლება, შენობაში შესულ პირებს ჩამოართვას მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ფოტო-ვიდეო-აუდიო ტექნიკა და სხვა ნივთები.
  • სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობის შეზღუდვა: სასამართლო აქტები მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გახდება საჯარო. ნებისმიერ პირს, მათ შორის მედიას, ეკრძალება გადაწყვეტილების გამოქვეყნება დეპერსონალიზაციის გარეშე. ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
  • პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისათვის: მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ან სხვა მსგავსი ქმედებით) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში) მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს სასამართლო პროცესის საჯაროობის პრინციპს და დაუსაბუთებლად ზღუდავს მედიის წვდომას ღია სასამართლო პროცესებზე, რაც ეწინააღმდეგება ღიაობისა და ანგარიშვალდებულების დემოკრატიულ პრინციპებს.

ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტის ნინო კოდალაშვილის დაკითხვაზე წაყვანას პოლიცია მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეცადა  

2023 წლის 23 ივნისს, თბილისში, პოეტი და აქტივისტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ზვიად რატიანის დაკავების ფაქტს შეესწრო ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტი ნინო კოდალაშილი და დაკავების პროცესი გადაიღო პირადი მობილური ტელეფონით, რაც დააფიქსირეს სამართალდამცველებმაც.

მოგვიანებით, პოლიციამ ნინო კოდალაშვილის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა განიზრახა, მოწმის სტატუსით გამოკითხვის მიზნით და ასევე, მისი პერსონალური მობილური ტელეფონის დათვალიერება. შემთხვევას შეესწრო ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორიც, ნინო ჯანგირაშვილი. მან პოლიციას ჟურნალისტის გადაყვანაზე და პერსონალური მობილური ტელეფონის დათვალიერებაზე შესაბამისი კანონიერი პროცედურების გარეშე (უწყება) უარი უთხრა. ჯანგირაშვილის განცხადებით, ადგილზე სხვა აქტივისტებიც მივიდნენ. პროტესტის შედეგად  პოლიციამ ჟურნალისტის გადაყვანის გადაწყვეტილება შეცვალა.

პოლიციასთან ჟურნალისტების საუბრის პროცესი სოციალური ქსელის საშუალებით ლაივით გადაიცემოდა.