საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს მწერალი და   “ფორმულას” ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ზვიად კვარაცხელია

2025 წლის 24 ოქტომბერს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ზვიად კვარაცხელია – მწერალი და გამომცემელი, „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი. სასამართლომ ზვიად კვარაცხელიას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ზვიად კვარაცხელიას ისევე როგორც სხვა დაკავებულ მოქალაქეებს, რომელთა შორისაც არიან მედიის წარმომადგენლებიც, გზის გადაკეტვას ედავებიან. 

ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო  საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ცვლილებების თანახმად, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, აქციაზე ნიღბის ტარების, ცრემლმდენი საშუალების ფლობისა და გზის გადაკეტვისთვის. ამასთანავე, მოსამართლეს აღარ ექნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებში ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის გამოყენების უფლება.

ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში. 

საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის “საზოგადოებრივი მუწყებლის” ყოფილი ჟურნალისტი  – ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი – დააკავეს

2025 წლის 21 ოქტომბერს, სავარაუდოდ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ჟურნალისტი ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია მისი მეუღლეც. მას მოსამართლემ 5,000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

2025 გაზაფხულზე, ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი ”საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” გაათავისუფლეს მაუწყებლის მიმართ გამოთქმული კრიტიკული პოზიციის და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.  

“ქართული ოცნების” მიერ მიღებულმა ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშნვლოვნად შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ასევე აკავებენ მოქალაქეებს და აქტივისტებსაც. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გარდა, დაკავებულები არიან ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტები – ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი და ცირა ჟვანია. 22 ოქტომბერს, დააკავეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს  წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე. აქციაში მონაწილეობის გამო ასევე დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი – აფგან სადიგოვიც.

“ქართული ოცნების” მიერ ჟურნალისტების დაკავებას კრიტიკულად აფასებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები და ამას მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად მიიჩნევენ.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე

2025 წლის 22 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრი –  ლიკა ბასილაია-შავგულიძე. სასამართლომ ჟურნალისტს ხუთ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი ტროტუარზე დგას და პოლიციას მიმართავს. მას არც პირბადე უკეთია და არც გზას კეტავს. 

ლიკა ბასილაია-შავგულიძე  პოლიციელებმა უხეში ძალის გამოყენებით დააკავეს. მოგვიანებით ადვოკატმა განაცხადა, რომ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს ყელის არეში დაზიანებები აქვს, რომელიც დაკავებისას მიიღო.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე არის მეხუთე ჟურნალისტი, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ, ახალი შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ დააკავეს.

“ქართული ოცნების” პარლამენტმა, რამდენიმე კანონში ისეთი ცვლილებები მიიღო, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს შეკრებისა და  გამოხატვის თავისუფლებას. ცვლილების საფუძველზე, 80-ზე მეტი ადამიანია დაკავებული ბოლო რამდენიმე დღეში.

“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში. 

ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შეკრებისა და  გამოხატვის თავისუფლებას კიდევ უფრო ზღუდავს

16 ოქტომბერს, ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, ორ დღეში მიიღო მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც კიდევ უფრო ამკაცრებს სანქციებს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე მოქალაქეების მიმართ და მნიშვნელოვნად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ცვლილებები შევიდა, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

ცვლილებების თანახმად, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, აქციაზე ნიღბის ტარების, ცრემლმდენი საშუალების ფლობისა და გზის გადაკეტვისთვის. ამასთანავე, მოსამართლეს აღარ ექნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებში ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობა ემუქრება,  თუ:

  • აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
  • თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.

გარდა ამისა, ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის თანახმადაც ამგვარი ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებასა და თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, ხოლო ყოველ შემდეგ შემთხვევაში, ორ წლამდე ვადით. 

ამასთან, კანონში შეტანილი ცვლილებებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა სამართალდამცველის განმეორებითი შეურაცხყოფის შემთხვევაშიც. კერძოდ, თუ მოქალაქე პოლიციელს არაერთხელ მიაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას, ეს ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. განმეორების შემთხვევაში კი სასჯელი უფრო მკაცრდება და შესაძლოა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული ცვლილებები მკაცრად გააკრიტიკეს და მიიჩნიეს, რომ ის საფრთხეს უქმნის დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. მათი განცხადებით, ახალი რეგულაციები არა მხოლოდ ზღუდავს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, არამედ ქმნის შიშისა და თვითცენზურის ატმოსფეროს საზოგადოებაში, სადაც მოქალაქეები შესაძლოა მხოლოდ საკუთარი მოსაზრების გამოხატვისთვის დაისაჯონ.

აღნიშნული ცვლილებები გაგრძელებაა ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” მხრიდან რეპრესიული ხასიათის კანონმდებლობის მიღებისა

საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ჟურნალისტი ვახო სანაია

19 ოქტომბერს დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია. მას გზის გადაკეტვას ედავებიან, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

19 ოქტომბერს, პოლიციამ აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავა, რომლებსაც გზის გადაკეტვას და აქციაზე სახის დაფარვას ედავებიან. “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, კანონმდებლობა გამკაცრდა და ჯარიმის ნაცვლად სახის დაფარვა პატიმრობით ისჯება. 

ჟურნალისტის დაკავებას “მედიის ადვოკატირების კოალიცია” გამოეხმაურა და დაკავება “მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეშ დარღვევად” შეაფასა.

„აჭარა თაიმსის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო

15 ოქტომბერს, “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, სულხან მესხიძემ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მან  მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი შეტყობინება მიიღო. მესხიძის განცხადებით, შეტყობინება  შეეხო მას და მის ოჯახის წევრებს.  

ჟურნალისტის თქმით, მუქარის მიზეზი, სავარაუდოდ, მისი პუბლიკაცია გახდა, რომელიც ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის, აკაკი ბერიძის, თანამდებობიდან წასვლას ეხება. 

პოსტში ის წერს, რომ ეს არ არის მუქარის პირველი შემთხვევა, თუმცა ვინაიდან წინა შემთხვევებზე საგამოძიებო უწყებებისგან პასუხი დღემდე არ მიუღია, აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური განხადებას არ გააკეთებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი

2025 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეია მელქაძემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, გადაცემა “მოამბის” წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი.  ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სასამართლოში მისი სამსახურიდან გათავისუფლება გაასაჩივრა. იგი გათავისფულების ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. განაჩენის დასაბუთებული ნაწილის ჩაბარების შემდეგ, მოსარჩელე მხარე,  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვან, ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დისციპლინური მოკვლევა დაუსახელეს. ორივე ჟურნალისტი ჩართულია მოძრაობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები”, რომელიც აკრიტიკებს მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს, მის სარედაქციო პოლიტიკას და საუბრობს პოლიტიკურ გავლენებზე მაუწყებელში.

სახელისუფლებო ტელევიზია POSTV ჟურნალისტ თეა ადეიშვილს “ნაცების პროპაგანდისტად” მოიხსენიებს

2025 წლის 5 ოქტომბერს, პროპაგანდისტულმა ტელევიზია POSTV-მ “TV პირველის” ჟურნალისტი – თეა ადეიშვილი – “ნაცების პროპაგანდისტად” მოიხსენია.   “მე ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის შთამომავალი ვარ” – თეა ადეიშვილის მიერ, საარჩევნო ეთერში ნახსენები ეს ფრაზა, POTSV-ს კონტექსტის გარეშე აქვს დატანილი ქარდზე, თეა ადეიშვილის რეგალიად კი უწერია – “ნაცების პროპაგანდისტი თეა ადეიშვილი”.

კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიები და ჟურნალისტები, ბოლო პერიოდში, POSTV-ს დისკრედიტაციის სამიზნეები არაერთხელ გახდნენ.პროპაგანდისტული, “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან აფილირებული  POSTV აგრძელებს “ქართული ოცნების” მაღალი საჯარო პირების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის მანკიერ ტენდენციას.

სახელისუფლებო ტელევიზია POSTV აგრძელებს დამოუკიდებელი მედიების დისკრედიტაციას

2025 წლის 5 ოქტომბერს, “ქართულ ოცნებასთან” აფილირებულმა, პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ POSTV, დამოუკიდებელი ონლაინ მედიები –  “ნეტგაზეთი”, “პუბლიკა” და “ტაბულა” და ტელევიზიები “TV პირველი” და “ფორმულა”, “ნაცმოძრაობის პროპაგანდისტულ მედიებად” მოიხსენია. პროპაგანდისტულმა POSTV-მ აღნიშნული მედიები წინა დღეს, 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე დაშავებული პოლიციელის შესახებ ინფორმაციის მიჩქმალვაში დაადანაშაულა. 

ვიზუალურ მასალაზე (ქარდზე), რომელიც POSTV-მ  გაავრცელა, დატანილია ამ მედიასაშუალებების ლოგოები და შემდეგი ტექსტი –  “უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პოლიციელის, გიორგი ბარბაქაძის შესახებ, ნაცმოძრაობის პროპაგანდისტულ მედიას ამ დრომდე ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვამს”. 

“პუბლიკას” რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი ამ ფაქტს  სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ გამოეხმაურებოდა, რომ არა ბოლო დღეების კოორდინირებული თავდასხმები. მან თქვა, რომ სინამდვილეში დაშავებული პოლიციელის თემაზე არაერთი მასალა აქვს გამოცემას მომზადებული და ყველა მასალის ლინკი მისივე განცხადებას კომენტარებშიც დაურთო.

პროსამთავრობო მედია  “TV პირველის“ დისკრედიტაციას  ცდილობს

2025 წლის 17 სექტემბერს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა  ტელევიზიამ, „POSTV“-მ, Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიზუალური მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ „TV პირველმა“ არ გააშუქა ხელისუფლების მიერ დევნილი ოჯახებისათვის ბინების გადაცემის ფაქტი. პოსტში „ტვ პირველი“ ასევე დაადანაშაულეს „მხოლოდ ფეიკ ნიუსების“ გაშუქებაში. მასზე ასევე, დატანილია მოწოდება “გამორთე TV პირველი”.

მსგავსი მასალის გამოქვეყნება ნათლად აჩვენებს, როგორ იყენებს პროსამთავრობო მედია ოპოზიციური მედიის დისკრედიტაციის სტრატეგიას, კრიტიკულად განწყობილი მედიისადმი უნდობლობის გასაღრმავებლად და მის მიმართ ბოიკოტის გამოსაცხადებლად. 


დამოუკიდებელი ტელეკომპანია “TV პირველი” არაერთგზის გამხდარა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების, მხარდაჭერებისა თუ სახელმწიფო უწყებების თავდასხმის ობიექტი.