“TV პირველის” ჟურნალისტს პარლამენტმა აკრედიტაცია ექვსი თვით შეუჩერა

2025 წლის 24 მარტს “TV პირველის” ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას საქართველოს პარლამენტმა აკრედიტაცია ექვსი თვით შეუჩერა

აკრედიტაციის შეჩერება უკავშირდება პროევროპული აქციების დროს დაკავებული პატიმრების საქმეზე მომზადებულ სიუჟეტს. ნატა ქაჯაიამ გამოკითხა პარლამენტის თანამშრომლები. ინტერვიუზე უარის შემდეგ, ქაჯაია ცდილობდა საჯარო მოხელეებისგან პასუხის მიღებას. 

ოცნების რეაქცია აჩვენებს რომ შაბათს გასული სიუჟეტი მათთვის არ იყო სასიამოვნო, რადგან ჩვენ მაყურებელს მოვუყევით როგორ სიყალბეზეა დაფუძნებული დევნა – სისხლის სამართლის საქმეში, სინდისის პატიმრების საქმეში. მე მივედი ინტერვიუს ასაღებად პარლამენტის თანამშრომელთან, კაცთან ვისი ჩვენებაც დევს სინდისის პატიმრების საქმეში” – ამბობს ნატა ქაჯაია “TV პირველთან” ინტერვიუში.

შემთხვევას გამოეხმაურა “მედიის ადვოკატირების კოალიცია” – “რეჟიმი სისტემურად ძალადობას დამოუკიდებელ მედიაზე, ჟურნალისტებს უკანონოდ ეშლებათ ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ადგილი აქვს პერმანენტული თავდასხმის, დაშინების, შეურაცხყოფისა და დეზინფორმაციის ფაქტებს. დღემდე არ დამდგარა პასუხისმგებლობა არც ერთი იმ პირისთვის, ვინც აღნიშნული სისტემური დანაშაულის ბრძანება გასცა თუ აღასრულა”.

საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის დადგენილება განსაზღვრავს.

“Tok TV-სა და “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტები არ დაუშვეს ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე

2025 წლის 26 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს, “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” სხდომაზე, ჟურნალისტები არ შეუშვეს. ადგილზე მისულ “სამხრეთის კარიბჭესა” და “TOK TV”-ის ჟურნალისტებს საჯარო დაწესებულებაში შესვლის აკრძალვის მიზეზად დაუსახელეს ის, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო. 

“სამხრეთის კარიბჭეს” განცხადებით, მერია უკვე თვეებია აღარ აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, როდის გეგმავს სხდომების ჩატარებას. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ინფორმაციას მერია არც საჯაროდ აქვეყნებს.

გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტი არ შეუშვეს ქალაქის მერიის საჯარო ღონისძიებაზე

2025 წლის 12 თებერვალს, გამოცემა  „ბათუმელების“ ჟურნალისტი არ დაუშვეს ბათუმის მერიაში უსახლკაროების თემაზე გამართულ საჯარო შეხვედრაზე. როგორც გამოცემა წერს, ამ შეხვედრის შესახებ მათ უსახლკაროებმა შეატყობინეს, თუმცა ბათუმის მერიის შესასვლელთან მისულ „ბათუმელების“ ჟურნალისტს დაცვის პოლიციელებმა განუცხადეს, რომ შეხვედრაზე ვერ შეუშვებდნენ. გამოცემა შეეცადა, მიზეზი საჯარო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გაერკვია, თუმცა, კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. 

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ  „ბათუმელების“ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და მათი კანონიერი უფლებების შეზღუდვა პირდაპირ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებასა და პატიმრობასთან და მიზნად „ბათუმელების“ შევიწროებას ისახავს: “იმით, რომ საჯარო შენობაში კომისიის ღია სხდომაზე ჟურნალისტი არ შეუშვეს, დაცვის პოლიციელებმა და ბათუმის მერიამ დაარღვიეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, რომელიც მათ საჯარო შენობებში ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების შექმნას ავალდებულებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მზია ამაღლობელი, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მედიამენეჯერი, პირველი სინდისის პატიმარი ქალი ჟურნალისტია საქართველოში. იგი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს და ედავებიან სამართალდამცველისთვის სილის გაწვნას. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

2025 წლის 1 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, დმანისში, “TV პირველის” ჟურნალისტს, თამთა დოლენჯაშვილს და ოპერატორს გიორგი მოსიაშვილს მუშაობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ დმანისის საკრებულოს თანამშრომლები.

“TV პირველის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მედიის წარმომადგენლებს როგორ ემუქრებიან – “გადი ახლა, მოშორდი აქედან. მერე მიგამტვრევენ ცხვირ-პირს და დაიწყებთ წუწუნს” რის შემდეგაც ხელით ეხებიან ოპერატორს და აგრძელებენ აგრესიულად მიმართვას და ყვირილს. 

“TV პირველის” ინფორმაციით მედიის წინააღმდეგ აგრესიით გამოირჩეოდა მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერი ზურაბ ოკმელაშვილი. მასთან ერთად იმყოფებოდნენ დმანისის საკრებულოს თანამშრომლები, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, დმანისის სპორტ-სკოლის მწვრთნელი და დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლი.  

“ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი ეხებოდა RMG GOLD-ის ყოფილი ხელმძღვანელის კობა მენაბდიშვილის და მასთან ერთად დაკავებული ზურაბ ოკმელაშვილის შეწყალებით პატიმრობიდან გათავისუფლებას.

“TV პირველის” ინფორმაციით, ისინი დმანისის ყოფილი მერის მკვლელობის მცდელობისთვის იყვნენ დაკავებული. განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში კი, “ქართული ოცნების” მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ისინი სხვებთან ერთად შეიწყალა.

ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობა შეეზღუდათ

2025 წლის 4 თებერვალს პარლამენტში უსაფრთხოების “ყვითელი დონე” ამოქმედდა და ჟურნალისტებს მუშაობა კვლავ დაუსაბუთებლად შეეზღუდათ. აღნიშნული ზომა „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას უკავშირდება.

“შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე” – ნათქვამია განცხადებაში

უსაფრთხოების “ყვითელი დონე” ნიშნავს, რომ შენობაში, დაიშვებიან „მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები” და მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტები.

მსგავსი შეზღუდვები ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში 2024 წელს არაერთხელ დაუწესეს.

სპეციალური  საგამოძიებო სამსახური “ქუთაისიპოსტისგან”  ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს

2024 წლის 13 დეკემბერს,  ონლაინ გამოცემა “ქუთაისიპოსტმა” მიიღო წერილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან, რომლითაც, უწყება ითხოვს იმ ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც 28 ნოემბერს, ქუთაისში, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ   აქციას აშუქებდნენ. 

გარდა ამისა, უწყება “ქუთაისიპოსტს” სთხოვს აცნობოს, სად ინახება აქციაზე გადაღებული ვიდეომასალა, მათ შორის, დაუმუშავებელი ვიდეოკადრები. 

როგორც გამოცემა წერს, მათთვის ბუნდოვანია ჟურნალისტების მონაცემების მოთხოვნის საჭიროება. “ქუთაისიპოსტმა” სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან დამატებითი განმარტებები მოითხოვა.

პარლამენტმა მედიასაშუალებებს პრეზიდენტის არჩევის პროცესის გაშუქება შეუზღუდა

2024 წლის 14 დეკემბერს, პრეზიდენტის არჩევის პროცესს, რომელიც პარლამენტის შენობაში იმართება, მედია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ მას სპეციალური საშვი ექნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

განცხადებაში ნათქვამია, რომ შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიასა და ონლაინ მედიასაშუალებების ის ჯგუფები, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გაშუქებისთვის მიღებული აქვთ სპეციალური ერთჯერადი აკრედიტაცია.ამ აკრედიტაციის მისაღებად მედიასაშუალებებმა ოფიციალური წერილით უნდა მიმართონ საქართველოს არაღიარებული პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს. 

“მედიაომბუდსმენის” განცხადებით, “იმ დროს, როცა მედიის წარმომადგენლები ფლობენ მოქმედ საშვებს პარლამენტის შენობაში სამუშაოდ, მათთვის სპეციალური საშვების შემოღება არის ადმინისტრაციული ბარიერი და ქმნის პოტენციურ შესაძლებლობებს დისკრიმინაციისთვის”.

ონლაინ მედიას და პრესას შეეზღუდა საქართველოს პარლამენტში მუშაობა

2024 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადა, რითაც, აკრედიტებული ტელემაუწყებლების გარდა, ყველა სხვა მედიას შეეზღუდა მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში. 

პარლამენტში დაიშვებოდნენ მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, თუმცა, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. თუმცა, მათაც  შეზღუდვებით მოუწია მუშაობა – ჟურნალისტებს არ მისცეს მცირე ზომის შემოსაზღვრული ტერიტორიიდან გასვლის უფლება, ოპერატორებს კი სხდომათა დარბაზში არ შეატანინეს პირდაპირი ჩართვის აპარატები. 

აღნიშნული შეზღუდვა ამოქმედდა საქართველოს ახალი, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დროისთვის. “ყვითელი დონის” ამოქმედების მოტივად, განცხადებაში მითითებული იყო “საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”. 

25 ნოემბერს პარლამენტმა გაავრცელა ახალი განცხადება, რომლის თანახმადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე 26 ნოემბრიდან „მის გაუქმებამდე“ იმოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტების ნაწილს საკანონმდებლო ორგანოში სამუშაოდ განუსაზღვრელი ვადით არ დაუშვებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში  ე.წ. “ყვითელი დონის” გამოცხადებით იზღუდება მედიის ნაწილის მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში. მსგავსი პრაქტიკა საქართველოს პარლამენტში 2023 წლიდან არსებობს და მას საფუძვლად უდევს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანება. ამ ბრძანების შესაბამისად, პარლამენტში განსაზღვრულია უსაფრთხოების სამი დონე: წითელი, ყვითელი და მწვანე.  მწვანე დონეზე პარლამენტში ყველა ჟურნალისტი დაიშვება, წითელზე არც ერთი. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამგვარ პრაქტიკას დისკრიმინაციულს უწოდებს და პარლამენტს მოუწოდებს პლატფორმის მიუხედავად, მისცეს წვდომა მედიას პარლამენტის  შენობაში მიმდინარე პროცესებზე, დამატებითი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე. მედიის ადვოკატირების კოალიცია აღნიშნავს, რომ  “ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზღუდავს მედიის პროფესიულ საქმიანობას და მედიის თავისუფლებას, არამედ უგულებელყოფს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს”.

ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის შემთხვევები თბილისის საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში  საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჟურნალისტებისთვის არასახარბიელო სამუშაო გარემო იყო შექმნილი. დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მრავალი შემთხვევა, მათ შორის, შეურაცხყოფის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ტექნიკის დაზიანების და თავისუფლების დროებით აღკვეთის შემთხვევებიც. 

თბილისის საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები:  

  • ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს მინდია გაბაძეს და შაკო ბრეგაძეს თბილისში, გლდანის რაიონში, 59-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოცემის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ საარჩევნო უბანთან მობილიზებული პირები ჟურნალისტს აგინებენ და შეურაცხმყოფელ ჟესტებს უჩვენებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის მათ გადაღებას ცდილობს და იქ ყოფნის მიზეზებს ეკითხება;

  • გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეურაცხყოფის ადრესატი გახდა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული. დაუდგენელი პირებიდან ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია;

  • “TV პირველის” ოპერატორს პაატა ხაჩიძეს თბილისში, ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან კერძო პირები ზურგიდან დაესხნენ თავს.  შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც გადამღები ჯგუფი ცდილობდა გაერკვია რა მიზნით იყვნენ შეკრებილი უცნობი პირები უბნების სიახლოვეს.თავდასხმის შედეგად დაზიანდა ტელევიზიის ტექნიკა. ვიდეომასალაში, რომელიც რედაქციამ გაავრცელა, ჩანს, რომ კამერის ნაწილები ძირს არის მიმოფანტული;

  • ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფი – ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი და ოპერატორი დავით ბადაგაძე,  ასევე “TV პირველის” გადამღებ ჯგუფი – ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე, 38-ე საარჩევნო უბნიდან გააძევეს. მოგვიანებით, როდესაც საარჩევნო უბანთან მობილიზებულ მოქალაქეებს კითხვებს უსვამდნენ, მოქალაქემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად შეეხებაც სცადა;

  • ისნის მე-9 საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტ ნუცა ბახუტაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს, გიგა აღდგომელაშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა;

  • ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, რაფო მესხიძეს თბილისში, მე-9 ოლქის მე-3 უბანზე „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა ტელეფონი წაართვეს;

  • გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინა მაჩაბელს და ოპერატორს, გიორგი ჩანტლაძეს;

  • გლდანის მე-60 საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს ხელი შეეშალა „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც, მაკა ანდრონიკაშვილსა და გიორგი შეწირულს. ჟურნალისტის თქმით, მათ უბნიდან გაძევებით ემუქრებოდნენ, ხელშეშლის პროცესში კი ჩართულნი იყვნენ როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენლები, ისე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები;

  • სხვადასხვა საარჩევნო უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „OC მედიას“ 6 წარმომადგენელს: ჰერმინე ვირაბიანს, რაფიგ შაბაზოვს, თეკლა ჩხაიძეს, ზეინაბ ისგანდაროვას, აითან ფარადოვას. კიდევ ერთი წარმომადგენლის, ქრისტინა კვაჭანტირაძის მშობლებს კი, როგორც ჟურნალისტი ამბობს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი მგელაძემ დაურეკა და მოსთხოვა, რომ ქრისტინას გადაღებულ ვიდეოში ადამიანების სახეები დაეფარა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის მამა ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იყო.

ჟურნალისტების საარჩევნო უბნიდან გაძევებისა და გადაღების აკრძალვის მცდელობები სამეგრელოს საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, სამეგრელოში, სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე, კომისიის წევრები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ჟურნალისტების მუშაობისთვის.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:

  • ჩხოროწყუს მე-4 საარჩევნო უბანზე, ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს, დავით მანიას და ირაკლი შენგელიას, კომისიის თავმჯდომარემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კომისიის სხვა წევრებთან ერთად, მათ უბნიდან გაძევებას ცდილობდა;

  • წალენჯიხის 21-ე უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლირა ღურწკაია სტუდენტური ონლაინმედიის “მრავალკუთხედის” ჟურნალისტ დიტო ბელქანიას  დაუპირისპირდა;

  • “TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს, სოფო ნიაურსა და დავით ბერაძეს ხელი შეუშალეს ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე. ჟურნალისტის თქმით, სპეციალური ბეიჯის ქონის მიუხედავად, კომისიის თამჯდომარე მათ გადაღების უფლებას არ აძლევდა და შენობაში არ უშვებდა.