თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიური საბჭოს სხდომის გასაშუქებლად, მედია არ შეუშვეს

2026 წლის 2 თებერვალს, მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პირველ კორპუსში, სადაც აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. სხდომაზე ორი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) გაერთიანების საკითხი განიხილებოდა.

კითხვაზე – რატომ არ უშვებდნენ მედიას, ჟურნალისტებმა დაცვის სამსახურისგან პასუხი ვერ მიიღეს. “უნდა შეათანხმოთ ეს თემა საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურთან“, – ეუბნება თსუ-ს დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ჟურნალისტებს ვიდეოში, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა. 


29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტების ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი არ ეთანხმება, ისინი რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ. საკითხი მაღალი საჯარო ინტერესის საგანია და შესაბამისად, ეს თემა მედიის ფოკუსში მოხვდა. 

ოკუპირებული ცხინვალის “სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა” “ამერიკის ხმის” ყოფილი ჟურნალისტის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროა

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა “ამერიკის ხმის” ყოფილი კორესპონდენტის, ნინო დალაქიშვილის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროა. 

2026 წლის 2 თებერვალს, უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება ცხინვალელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თამარ მეარაყიშვილი აგროვებდა და ავრცელებდა ინფორმაციას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას, და რომ იგი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდა სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის, მათ შორის – “ამერიკის ხმისთვის“. განცხადებას თან ერთვის თამარ მეარაყიშვილის მობილურ ტელეფონში შენახული ნომრების სქრინშოტები. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს „ამერიკის ხმის“ ყოფილი კორესპონდენტის, ნინო დალაქიშვილის სახელი, გვარი და მობილური ტელეფონის ნომერი. “წესით, ეს ხელისუფლება უნდა მიცავდეს დე-ფაქტო ადმინისტრაციებისგან უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ჰოდა, დამიცვას, რავიცი, ველოდები აგერ”, – წერს Facebook-ზე ნინო დალაქიშვილი.  

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ ჟურნალისტის პირადი მონაცემების უკანონოდ გასაჯაროების ფაქტით და მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ჟურნალისტის უსაფრთხოების დასაცავად.

„ქართული ოცნება“ ახალ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს

28 იანვარს, „ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ  პარტია საგაზაფხულო სესიაზე ახალი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც მოიცავს „გრანტების შესახებ“ კანონის, სისხლის სამართლის კოდექსის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის ცვლილებებს.  

ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს უცხოურ დაფინანსებაზე სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებას და არსებითად ზღუდავს სამოქალაქო, პოლიტიკური, მედია და ბიზნეს სექტორების საქმიანობას.

ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში

დაგეგმილი ცვლილებებით მკვეთრად ფართოვდება გრანტის ცნება. გრანტად ჩაითვლება პრაქტიკულად ნებისმიერი ფულადი ან ნატურალური რესურსი, რომელიც გამოიყენება ან შესაძლოა გამოყენებულ იქნას საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ან საზოგადოებრივ პროცესებზე გავლენის მოსახდენად, მათ შორის უცხო ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარე საქმიანობისთვის. ასეთი გრანტის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით.

კანონპროექტი შემოაქვს ასევე სხვა სახელმწიფო იურიდიული პირის ცნებას, რომლის საქმიანობა „არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას“. ასეთ ორგანიზაციებს, მათ შორის არარეზიდენტი იურიდიული პირების ფილიალებსა და წარმომადგენლობებს, დაფინანსების მიღება მხოლოდ მთავრობის წინასწარი თანხმობით შეეძლებათ. მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იურიდიული პირებისთვის,  ხოლო ფილიალებისა და წარმომადგენლობებისთვის ადმინისტრაციულ ჯარიმას უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.

ცვლილებები ასევე ვრცელდება ტექნიკურ დახმარებაზე: ცოდნის, გამოცდილების, ექსპერტიზის, კონსულტაციის ან ტექნოლოგიების გაზიარება, მათ შორის, უსასყიდლოდ, უცხოური დაფინანსებით გრანტად ჩაითვლება და დაექვემდებარება მთავრობის თანხმობას. მათ შორის, უცხოელი ექსპერტების დაქირავებაც ამ რეგულირების ფარგლებში მოექცევა.

მასთან, ცვლილებები უკუძალით ვრცელდება უკვე მიღებულ, მაგრამ ჯერ გამოუყენებელ გრანტებზე და გრანტის მიმღებებს ავალდებულებს 1 თვის ვადაში მიმართონ მთავრობას თანხმობის მისაღებად, რის მიღებამდე გრანტის გამოყენება აკრძალულია, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

მნიშვნელოვნად ფართოვდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის, მათ შორის უცხოურ ორგანიზაციებთან ან უცხოელ პირებთან არამართლზომიერი თანამშრომლობისთვის. „გრანტების შესახებ“ კანონის წესების დარღვევა დასჯადი ხდება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. 

ფულის გათეთრების მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, თუ ქმედება უკავშირდება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე გავლენის მოხდენის მიზანს, მსგავსი ქმედება გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას  9-დან 12 წლამდე.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წესდება ასევე პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში და ე.წ. გარე ლობიზმისთვის, იწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.

ცვლილებები“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების” შესახებ კანონში

პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის ვადით ეკრძალება პირს, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროდან არის მიღებული. კანონპროექტში, განმარტებულია, როგორც „უცხოური ძალა“, ისე „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, მათ შორის არასამეწარმეო ორგანიზაციები და მედიასუბიექტები, რომელთა არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ წყაროებზე მოდის. შეცვლილებების შედეგად, პოლიტიკური პარტიის წევრობა ფაქტობრივად ეკრძალება სამოქალაქო სექტორსა და მედიაში დასაქმებულ პირთა მნიშვნელოვან ნაწილს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეძლევა პოლიტიკური პარტიის წევრების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის უფლება, რაც ნიშნავს, რომ პარტიის რიგითი წევრის ანგარიშებზეც კი ექნება წვდომა სახელმწიფოს. ცვლილებები გავრცელდება იმ პირებზე, ვისაც ხელისუფლება „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონედ“ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი პარტიის წევრი, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი სამოქალაქო აქტივისტი შესაძლოა ამ რეგულაციების ქვეშ მოექცეს.  

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40,000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტში განმარტებული პოლიტიკური აქტივობა გულისხმობს,  პრაქტიკულად ნებისმიერ სამოქალაქო ქმედებას ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკას, რაც ქმნის რისკს, რომ  ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა სამართლებრივ შეზღუდვებს დაექვემდებაროს.

საბოლოოდ, გრანტის ცნების უკიდურესი და ბუნდოვანი გაფართოება, მთავრობის წინასწარი თანხმობის სავალდებულო მოთხოვნა, სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული სანქციების მკვეთრი გამკაცრება, ასევე რეგულაციების გავრცელება განუსაზღვრელი კრიტერიუმებით განსაზღვრულ სუბიექტებზე, ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც სახელმწიფოს ანიჭებს ფართო და არაკონტროლირებად დისკრეციას. აღნიშნული ცვლილებები არა მხოლოდ ზღუდავს სამოქალაქო, პოლიტიკური, მედია და ბიზნეს სექტორების საქმიანობას, არამედ არსებითად აზიანებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, პოლიტიკურ მონაწილეობას და სამოქალაქო აქტივობას, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებით დაცულ დემოკრატიულ პრინციპებს.

აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს “ქართული ოცნების” მხრიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში დაწყებული რეპრესიულ კანონმდებლობის სერიის გაგრძლებას, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით მათ შორის მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტივიზმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია.

კომუნიკაციების კომისიამ “რადიო მარნეული”  სიტყვიერად გააფრთხილა

22 იანვარს, კომუნიკაციების კომისიამ “რადიო მარნეული” გრანტის მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ რეპრესიული ცვილებიდან გამომდინარე მიიღო, რაც მედიასაშუალებებს უკრძალავს   დონორი ორგანიზაციებისგან  გრანტის მიღებას. 

კომისიის განცხადებაში აღნიშულია, რომ მედიამ გრანტი “დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) მიიღო 32 542 ლარის ოდენობით.

აღნიშნული თანხა მიღებული იყო საგრანტო პროექტის ფარგლებში და არ წარმოადგენდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ გამონაკლისს, როგორიცაა კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროგრამაში პროდუქტის განთავსება“, – წერია განცხადებაში.

„რადიო მარნეულისთვის“ ეს რიგით მეორე გაფრთხილებაა. 

პირველ შემთხვევაშია კომუნიკაციების კომისიამ მედია „დოიჩე ველესგან“ მიღებული გრანტის გამო გააფრთხილა.

“ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებული იყო მთელი რიგი რეპრესიული კანონები, მათ შორის  2025 წლის 1 აპრილიდან აიკრძალა მაუწყებლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსება “უცხოური ძალისგან”. 

ცვლილებებმა მიღებისთანავე გახდა კრიტიკის ობიექტი სამოქალაქო სექტორის და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მხრიდან, კერძოდ, ნორმა შესაძლოა გახდეს ინსტრუმენტი დამოუკიდებელი მედიის ფინანსური და სარედაქციო თავისუფლების შესაზღუდად.

პარლამენტში ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის წესის ცვლილება და მისი გავლენა მედიის საქმიანობაზე

2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი რომლის თანახმად, სპეციალური აკრედიტაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას აპარატის უფროსი იღებს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 

ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია წარმოადგენს მექანიზმს, რომლის საშუალებითაც იმ ჟურნალისტებს, რომლებიც არ ფლობენ საპარლამენტო აკრედიტაციას, ეძლევათ საქართველოს პარლამენტის სასახლეში შესვლისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა კონკრეტული მიზნის ფარგლებში. მედიის საქმიანობის ოპერატიული ხასიათის გათვალისწინებით, აღნიშნული ვადა შესაძლოა ქმნიდეს პრაქტიკულ სირთულეებს ჟურნალისტებისთვის პარლამენტში მიმდინარე აქტუალური მოვლენების დროული გაშუქების თვალსაზრისით.

საკითხი დამატებით მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც მოქმედი რეგულაციით უკვე განსაზღვრულია აკრედიტებული საპარლამენტო ჟურნალისტების რაოდენობრივი შეზღუდვები მედიასაშუალებების ტიპების მიხედვით. მაგალითად, ონლაინგამოცემებისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 4 ჟურნალისტით. აღნიშნული ცვლილება ნეგატიურად აისახება მედიის საქმიანობის ეფექტიანობაზე და ქმნის დამატებით ბარიერებს პარლამენტში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის. 

“ქართული ოცნების” მხრიდან, პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებისათვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება 2023 წლის 6 თებერვლის საქართველოს პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის წესის დამტკიცებას უკავშირდება. აკრედიტაციის წესი, სხვა საკითხებთან ერთად, ადგენს, რომ სხდომების ვიდეო- და ფოტოგადაღება დასაშვებია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ რესპონდენტის უარის შემთხვევაში, ხოლო აპარატის უფროსს ენიჭება უფლებამოსილება „ღონისძიების სპეციფიკურობის“ ან „უსაფრთხოების რეჟიმის“ საფუძველზე შეზღუდოს აკრედიტებული ჟურნალისტების დაშვება, გადაადგილება ან ტექნიკის განლაგება. დოკუმენტში აღნიშნული კრიტერიუმები დაკონკრეტებული არ არის, რაც აჩენს ფართო დისკრეციის რისკს.

წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია აკრედიტაციის შეჩერება ერთი თვიდან ექვს თვემდე. აღნიშნულ რეგულაციებს კრიტიკა მოჰყვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან, შეფასებით, მსგავსი ნორმები უარყოფითად აისახება ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოებისთვის მიწოდების შესაძლებლობაზე. პრაქტიკამ აჩვენა, რომ   მედიის აკრედიტაციის წესები არაერთხელ იქნა გამოყენებული დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვის კონტექსტში.

„ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს შსს ტროტუარის გადაკეტვას ედავება მაშინ, როცა ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

გამოცემა „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს, ლილე შუკვანს, სამართალდამცვეები ედავებიან გზის გადაკეტვას მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – აშუქებდა საპროტესტო აქციას. საუბარია 2025 წლის დეკემბრის ერთ-ერთ აქციაზე.

როგორც ჟურნალისტი გამოცემა „ნეტგაზეთს“ უყვება, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ, ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ „ჟურნალისტობა ინდულგენცია არ არის. რამდენადაც ბევრი ჟურნალისტი „ბოროტად იყენებს თავის პროფესიას“, შსს იძულებულია სასამართლოს მიმართოს და სასამართლოც ვალდებულია გამოიკვლიოს, კონკრეტული ჟურნალისტი, რომელსაც შსს ედავება, ასეთ ჟურნალისტებს შორის ხომ არ არის“.

 
განახლება:
2026 წლის 19 მაისს, მოსამართლე მაკარიძემ ჟურნალისტ ლილე შუკვანის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა.

შეკრების თავისუფლების შემზღუდველი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები

2025  წლის 12 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ შეკრების თავისუფლების შემზღუდველი კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომელიც დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილა. “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე 5-ჯერ შეიტანაცვლილება შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. ყოველ ჯერზე ცვლილებები უფრო მეტად რეპრესიულ შინაარსს ატარებს  და  მიზნად ისახავს ერთი მხრივ  დემონსტრანტების დასჯას, ხოლო, მეორე მხრივ, პრევენციულად მათ დაშინებას.

საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა „შეკრებისა და მანიფესტაციიის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებები მნიშვნელოვნად აძლიერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლს შეკრებებსა და მანიფესტაციებზე. ახალი წესით, აქციის ჩატარებამდე ორგანიზატორები ვალდებულნი არიან წინასწარ გააფრთხილონ შინაგან საქმეთა სამინისტრო არა მხოლოდ მაშინ, როცა იკეტება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, არამედ მაშინაც, როცა შეკრება ხალხის სავალ ადგილზე ტარდება. ეს ვალდებულება ვრცელდება სპონტანურ შეკრებებზეც და მიმართვის ადრესატი არა მუნიციპალიტეტი არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროა.  გარდა ამისა, შსს-ს უფლებამოსილია გასცეს სავალდებულო მითითება აქციის ადგილის, დროის ან მარშრუტის შეცვლასთან დაკავშირებითაც.

ხალხის სავალი ნაწილის მასობრივი გადაკეტვისას შსს უფლებამოსილია მისცეს მონაწილეებს 15 წუთიანი ვადა ტერიტორიის გასათავისუფლებლად, რომლის ამოწურვის შემდეგ შეკრება შეიძლება უკანონოდ გამოცხადდეს და შეწყდეს. ამასთან, აღნიშნული ვადის ფარგლებში მოთხოვნის შესრულება მონაწილეებს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. დარღვევები ისჯება ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს, როგორც შეკრების თავისუფლების კრიმინალიზების ახალ ეტაპს. ორგანიზაციის შეფასებით, ტროტუარსა და ხალხის სავალ ნაწილზე შეკრების შეზღუდვა წარმოადგენს არაკონსტიტუციურ და გაუმართლებელ ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას. მათივე შეფასებით, მიღებილი ცვლილებების მიზანი ყოველგვარი შეკრების გაუქმებაა.

ქართული ოცნების მიერ მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშველოვნად შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ჟურნალისტებისთვის. სხვადასხვა დროს არაერთი ჟურნალისტი იქნა დაკავებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც ისინი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ.

საია: მზია ამაღლობელის მხედველობის პრობლემა საგანგაშო ნიშნულს აღწევს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, მხედველობის მდგომარეობა საგანგაშო ნიშნულზეა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება საჭირო გამოკვლევები და ამ დრომდე ვერ იღებს ექიმისგან სათანადო კონსულტაციას, რაც მხედველობის შესანარჩუნებლად და მკურნალობის დასაგეგმად აუცილებელია.

„2025 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე, მარჯვენა თვალში მისი მხედველობა იყო დაახლოებით 30% (0,3), რაც სათვალით კორეგირების შემთხვევაში შესაძლოა გაზრდილიყო 90%-მდე. ციხეში მოთავსების შემდგომ მისი მხედველობა საგანგაშოდ გაუარესდა. 2025 წლის 4 თებერვალს მარჯვენა თვალზე ჩატარებული კვლევების თანახმად, მისი მარჯვენა თვალის მხედველობის კორეგირება სათვალით შესაძლებელი იყო დაახლოებით 60%-მდე, ხოლო 2 დღეში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებით დადგინდა, რომ მზია ამაღლობელის მარჯვენა თვალში მხედველობა დავარდა 0,1-მდე (20%-ით 2 დღის ინტერვალში) და მარჯვენა თვალის მხედველობის სათვალით კორეგირება ამჯერად შესაძლებელი იყო მხოლოდ 40%-მდე, ნაცვლად ციხეში მოთავსებამდე არსებული 90%-ისა“, – წერია “საიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, 2025 წლის ივლისში ადვოკატებმა ციხის ადმინისტრაციისგან მოითხოვეს მზია ამაღლობელისთვის საჭირო გამოკვლევების ჩატარება იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებსაც მზია დაპატიმრებამდე მიმართავდა და სადაც მისი, როგორც პაციენტის ისტორია ინახებოდა. ამ მოთხოვნაზე პენიტენციური სამსახურისგან უარი მიიღეს, რის შემდეგაც ჟურნალისტის მხედველობა ციხის ადმინისტრაციის მიერ შერჩეულ კლინიკაში შემოწმდა.

„მიუხედავად სამედიცინო შეფასებებისა, რომლებიც ციხეში ყოფნის პერიოდში ცალსახად აჩვენებს მზია ამაღლობელის მხედველობის საგანგაშო გაუარესების დინამიკას, სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიუღია რაიმე ეფექტიანი ზომები ადეკვატური გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად და არც მხედველობის ამგვარი დრამატული გაუარესების მიზეზი დადგენილა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

პენიტენციური სამსახური  “TV პირველის”  და “ფორმულას” დისკრედიტაციას ახორციელებს

16 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა საჯარო განცხადება გაავრცელა, სადაც მედიასაშაულებებს, TV პირველსა და ფორმულას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.  უწყება გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ სიუჟეტებს, სადაც პატიმრები ციხეში არსებული გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ, ხოლო მათი ოჯახის წევრები სახალხო დამცველს პენიტენციურ სისტემაში სასწრაფო მონიტორინგის დაწყებას სთხოვენ. ისინი ასევე მოითხოვდნენ, ომბუდსმენმა დაადგინოს, რამდენი მედიკოსი ემსახურება გლდანის საპატიმროს და ვინ არის პასუხისმგებელი დაწესებულებაში შეტანილ გაფუჭებულ საკვებზე.

პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ბრალდებებს განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები სისტემაში არ არსებობს.

15 ნოემბერს, უწყებამ სიცრუედ შეაფასა ტელეკომპანია „პირველის“ შაბათის ეთერში გასული სიუჟეტიც, სადაც სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე წერილში სისტემაში არსებულ ვითარებას აღწერდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ქართული ოცნება” და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ინსტიტუტები კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიების დისკრედიტაციას ცდილობენ.

ანტიკორუფციული ბიურო გამოცემა “ინდიგოსგან” გრანტების შესახებ ინფორმაციას ითხოვს

2025 წლის 11 ნოემბერს გამოცემა “ინდიგომ” გამოაქვეყნა განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ე.წ. გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე, მათ მიმართ საქმის წარმოება დაიწყო. “რადგან მთელი ჩვენი საქმიანობა ღია კომუნიკაციასა და მხოლოდ თქვენს ნდობაზე დგას, გვინდა ეს ამბავიც იცოდეთ. ცხადია, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ და ვემსახურებით მისიას, რომელმაც შეგვქმნა – თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის, თავისუფალი აზრისა და იდეებისთვის ვაგრძელებთ მუშაობას”, – წერს გამოცემა. 

ცვლილებები “გრანტების შესახებ” კანონში ერთ-ერთია იმ რეპრესიული ცვლილებებიდან, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტმა, მედიის შესაზღუდად, ბოლო თვეებში მიიღო. კანონი აპრილიდან შევიდა ძალაში. ამ ცვლილებებით, აიკრძალა უცხოური გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე.  თანხმობის გარეშე მიღებული გრანტი იწვევს მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით ჯარიმას. 

გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს. აღნიშნულმა უწყებამ ამ კანონის საფუძველზე საქმის წარმოება უკვე დაიწყო რამდენიმე მედიის წინააღმდეგ, მათ შორის არიან: “პროექტი 64”, საგამოძიებო მედია “აი ფაქტი”, გამოცემა “მთის ამბები”, GMC, რომელიც მართავს გამოცემებს “რეალპოლიტიკა” და “ფლანგვის დეტექტორი”, ქართული მედია ჯგუფი და ასევე, მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”. 

მედიების გარდა, ანტიკორუფციული ბიურო გრანტების შესახებ ინფორმაციას უთხოვს სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც, ჯამში, უწყების წერილი მიღებული აქვს 60-ზე მეტ ორგანიზაციას, მათ შორის, არიან “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრი ორგანიზაციებიც.