2024 წლის ნოემბერი
კონტექსტი
2024 წლის ნოემბერში დოკუმენტირებული შემთხვევები აჩვენებს სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული უფლებადარღვევების ინტენსიურ და მრავალმხრივ ხასიათს, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა 2024 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში. აღწერილი შემთხვევები ძირითადად უკავშირდება მშვიდობიან შეკრებებსა და საპროტესტო აქციებს და მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ფორმის სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომების გამოყენებას, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის წესით დაკავებებს, ფინანსურ სანქციებს, ფიზიკურ ძალადობასა და აქტივისტებზე ირიბი ზეწოლის სხვა ფორმებს.
წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში ასახულ შემთხვევებს. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ რეალურად მომხდარი უფლებადარღვევების რაოდენობა აღემატებოდეს დოკუმენტირებულ მონაცემებს.
2024 წლის ნოემბერში დოკუმენტირებულ შემთხვევებში აღირიცხა სულ მცირე 46 უფლებადარღვევის ეპიზოდი და სულ მცირე 281 დაზარალებული:
- დარბევა / შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა: 2024 წლის ნოემბერში დაფიქსირდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სულ მცირე 9 ეპიზოდი, მათ შორის აქციების ძალადობრივი დაშლა, გადაადგილების შეზღუდვა და სპეციალური საშუალებების გამოყენება, განსაკუთრებით 28–29 ნოემბრის მოვლენების დროს, რა დროსაც დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 33 პირი.
- დაკავებები: 2024 წლის ნოემბერში დაფიქსირდა სისხლის სამართლის წესით დაკავების 3 შემთხვევა (3 პირი), ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავების – 9 ეპიზოდი, რომლის ფარგლებში სულ მცირე 175 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ ეპიზოდში – 107 ადამიანი.
- ადმინისტრაციული წარმოება / ფინანსური სანქციები: 2024 წლის ნოემბერში ფინანსური სანქციები სამოქალაქო აქტივისტებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა სულ მცირე 9 შემთხვევაში. მონიტორინგის მონაცემებით, სანქციები უკავშირდებოდა მშვიდობიან საპროტესტო მარშებსა და საჯარო გამოხატვის ფორმებს. საჯაროდ ხელმისაწვდომ და მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაკისრებული ჯარიმების ჯამური ოდენობა შეადგენს არანაკლებ 13 700 ლარს
- ფიზიკური ძალადობა / არასათანადო მოპყრობა: 2024 წლის ნოემბერში დაფიქსირდა სულ მცირე 11 ეპიზოდი, რომელთა ფარგლებში სულ მცირე 57 პირი მიუთითებდა ფიზიკურ ძალადობაზე, არასათანადო მოპყრობასა ან/და სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. მათ შორის, 19 ნოემბრის ეპიზოდში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს 16 დაკავებული, რომელთაგან 10 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე; 28–29 ნოემბრის ეპიზოდში მონახულებული 11 პირიდან 9 შემთხვევაში გამოვლინდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, 6 პირს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ხოლო 2 პირი კლინიკაში იყო გადაყვანილი; 29–30 ნოემბრის ეპიზოდში 38 პირი საუბრობდა სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.
- ქონების / პირადი ნივთების ჩამორთმევა: დაფიქსირდა სულ მცირე 1 ეპიზოდი, რომლის ფარგლებში დაკავებულთა ნაწილმა მიუთითა პირადი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონებისა და სხვა ნივთების, სავარაუდო ჩამორთმევაზე.
- ირიბი ზეწოლა / “Chilling Effect”: 2024 წლის ნოემბერში დაფიქსირდა სულ მცირე 4 ეპიზოდი, მათ შორის აქტივისტისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის გამოკითხვაზე დაბარება და სადამკვირვებლო კოალიციის წევრების სისტემური დაბარების პრაქტიკა.
5 ნოემბერი, 2024 – ოზურგეთი (გურია)
მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 1 500 ლარით დააჯარიმა ოფისის აივანზე საპროტესტო ბანერის („რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“) განთავსების გამო. ინსპექციის განმარტებით, ბანერი შეფასდა როგორც „უკანონო რეკლამა“.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, ოთარ რევიშვილის განცხადებით, ბანერი წარმოადგენდა პოლიტიკური პროტესტის ფორმას და არ აზიანებდა შენობის ფასადს ან სხვა ინფრასტრუქტურას. მიუხედავად ამისა, ზედამხედველობის სამსახურმა ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე დააკისრა, რომელიც რეკლამის განთავსების წესების დარღვევას შეეხება.
6 ნოემბერი, 2024 – თბილისი
სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმის“ პრესსპიკერი ლონდა თოლორაია პროკურატურამ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. დასმული შეკითხვები ძირითადად ეხებოდა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასა და შეფასებებს და არა 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილ შესაძლო დარღვევებს.
კოალიცია „ჩემმა ხმამ“ საჯაროდ განაცხადა, რომ პროკურატურა არ იწყებდა არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულების სრულფასოვან გამოძიებას და ამის ნაცვლად სადამკვირვებლო მისიის სხვადასხვა წევრს იბარებდა გამოკითხვებზე. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავდა კოალიციის საქმიანობის შეფერხებას და მის წევრებზე ზეწოლის განხორციელებას.
10 ნოემბერი, 2024 – თბილისი
არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე, რომელიც მიმდინარეობდა მტკვრის ორივე სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. შეზღუდვა შეეხო აქციის ფორმასა და ლოკაციას.
13 ნოემბერი, 2024 – თბილისი
არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართული აქციის დროს მოქალაქეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობიდან აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მსვლელობით გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა მათ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს და ქალი მონაწილეები ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანეს გზის სამანქანო ნაწილიდან. მანამდე, აქციის მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაადგილება და შენობაში შესვლა დროებით შეეზღუდათ, რაც აფერხებდა განცხადებების შეტანის პროცესს.
16 ნოემბერი, 2024 – თბილისი
თბილისში, ცესკოსთან გამართული საპროტესტო მსვლელობის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს 3 სამოქალაქო აქტივისტი. არსებული მონაცემების მიხედვით, დაკავებები უკავშირდებოდა სამოქალაქო აქტივიზმს არჩევნების კონტექსტში.
მოძრაობა „დაიტოვეს“ წევრებს, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საცხოვრებლის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, პოლიციამ გადაადგილება შეუზღუდა. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბებოდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით გადაინაცვლეს. მსვლელობისას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მოხდა დაპირისპირება და პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა მათი გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა გამართეს, სადაც ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მსვლელობისას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით სცადეს დემონსტრანტების გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანა.
19 ნოემბერი, 2024 – თბილისი
გამთენიისას, სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაშალეს და ტერიტორია ძალის გამოყენებით დაიკავეს. ადგილზე დილის დაახლოებით 06:00 საათიდან მობილიზებული იყო პოლიციისა და სპეცრაზმის დიდი რაოდენობა, მათ შორის სპეცტექნიკა. აქციის დაშლის შემდეგ მოქალაქეთა ნაწილი მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლა, სადაც დაიწყო მათი დაკავება.
დაკავებებისა და აქციის დაშლის პროცესში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას, როგორც ქუჩაში, ისე პოლიციის ავტომობილებში. გავრცელებული ინფორმაციით, ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. იმავე დღეს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა. ადვოკატების ცნობით, დაკავებულებს აღენიშნებოდათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, ხოლო მათი ნაწილი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 19 ნოემბერს მოინახულეს 16 დაკავებული პირი (14 დროებითი მოთავსების იზოლატორებში და 2 სამედიცინო დაწესებულებაში), რომელთაგან 10 საუბრობდა არასათანადო მოპყრობასა და ძალის გადამეტებაზე. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და შეესაბამებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებს, ხოლო დაკავებების დროს გამოვლენილი ძალის გამოყენება საჭიროებდა დაუყოვნებლივ, ეფექტიან გამოძიებას. აღნიშნული მიზნით ომბუდსმენის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცა საჯაროდ გავრცელებული მასალები. დაკავებულთა შორის იყვნენ ალექსანდრე ქავთარაძე, ალექსანდრე ბექაური და რეზი დუმბაძე. მათი ადვოკატის ინფორმაციით, მათ მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს როგორც დაკავებისას, ისე პოლიციის ავტომობილებში, რის შედეგადაც მათ აღენიშნებოდათ დაზიანებები, მათ შორის სახის არეშიც.
თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დარბევისას დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ნათია ძიძიგურის განცხადებით, მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან აგრესიული ქცევა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისი თქმით, დაკავების შემდეგ, პოლიციის ავტომობილში ტრანსპორტირებისას, მის მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ და სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელ მოპყრობას. აქტივისტის განმარტებით, იგი იძულებული იყო მთელი მგზავრობის განმავლობაში მუხლებზე მდგარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილში თავისუფალი ადგილი იყო და მისი არაერთგზის მოთხოვნისა, დაჯდომის უფლება არ მიეცა. ამასთან, იგი მიუთითებს, რომ ტრანსპორტირების პროცესში სამართალდამცველების მხრიდან ხდებოდა დამამცირებელი ჟესტებისა და ირონიული, შეურაცხმყოფელი მიმართვების გამოყენება, რაც ქმნიდა ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის გარემოს.
20 ნოემბერი, 2024 – თბილისი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიეცათ დროებითი ვადა ტერიტორიის დასატოვებლად, რის შემდეგაც, მათ იძულებით გადაინაცვლეს მელიქიშვილის გამზირზე.
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტს ირაკლი ანდღულაძეს 2 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. საქმე უკავშირდებოდა მის მონაწილეობას 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაში.
21 ნოემბერი, 2024 – თბილისი
თბილისში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის წესით დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი მათე დევიძე. იგი 2024 წლის 19 ნოემბერს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისში სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ დავით წოწორიას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც უკავშირდებოდა მის დაკავებას 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე.
თბილისში სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც უკავშირდებოდა მის დაკავებას 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე.
სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც ეხება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებას. თავად მანაგაძის განცხადებით, საქმე ტელეკომპანია „იმედის“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო. აქტივისტი განმარტავს, რომ ინციდენტი უკავშირდება მის მიერ პირდაპირ ეთერში დასმულ კრიტიკულ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა ჟურნალისტზე პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტების შეფასებასა და გაშუქებას. ამავე პერიოდში, საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ 18–19 ნოემბერს აქციების დროს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
სამოქალაქო აქტივისტი ლიზი თირქია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს 19 ნოემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. თავდაპირველად, თირქიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას პოლიციელებზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ თირქია მოწმის სტატუსით იყო დაბარებული. მოგვიანებით, თავად თირქიამაც აღნიშნა, რომ დაბარების რეალური მიზეზი უწყებაში გამოცხადების შემდეგ გაიგო.
25 ნოემბერი, 2024 – თბილისი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ანატოლი გიგაური დააკავეს, რაც კანონით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოფიციალური ვერსიის მიხედვით, იგი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს პატრულ-ინსპექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამასთან, თავად ანატოლი გიგაური დაკავებისას მიუთითებდა, რომ მის მიმართ გამოყენებული იყო ფიზიკური ძალა და მას აღენიშნებოდა დაზიანებები. ანატოლი გიგაურის განცხადებით, დაკავებამდე მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. მისი ადვოკატის ინფორმაციით, გიგაურს აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში, მათ შორის სისხლჩაქცევები თვალბუდის ზედა და ქვედა ნაწილში. დაზარალებულის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი საკუთარი ნებით აპირებდა სამართალდამცველთა ავტომობილში ჩაჯდომას, დაკავებამდე რამდენიმე პოლიციელი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ადვოკატის განცხადებით, ძალადობის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ გამოძიების დაწყების მოთხოვნით
27 ნოემბერი, 2024 – თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, აქციაზე დაკავებული პირების მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს მანდატურის სამსახურმა ტერიტორია იძულებით დაატოვებინა, რაც ზღუდავდა შეკრებისა და გამოხატვის შესაძლებლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 ნოემბრის საპროტესტო მარშში მონაწილე მოქალაქეების ადმინისტრაციულ საქმეებზე მიიღო გადაწყვეტილებები და ჯამში 7 500 ლარის ოდენობის ფინანსური სანქციები დააკისრა. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 500-ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ ილია სეთურს, ნინო ჭილაშვილს, დავით ცინცაბაძეს, ლუკა ბერაიას და ქეთევან დაუდიშვილს, რომელთაც გზის გადაკეტვასა და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავებოდნენ. ამავე კონტექსტში, მედიის ინფორმაციით, მოძრაობა „დაიტოვეს“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და 10 ნოემბრის მარშის თანაორგანიზატორს, ილია ღლონტს, სასამართლომ 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო გომურაშვილს 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ სამოქალაქო აქტივისტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, სხდომის ფარგლებში ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. თავად ვანო გომურაშვილი გადაწყვეტილებას სამოქალაქო აქტივიზმზე ზეწოლისა და დაშინების მცდელობად აფასებს და მიუთითებს, რომ მის მიმართ სანქციის დაკისრება უკავშირდება განსხვავებული აზრის გამოხატვასა და საპროტესტო აქტივობაში მონაწილეობას.
28 ნოემბერი, 2024 – ქუთაისი
ქუთაისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი მიშა მუმლაძე. მონიტორინგის მონაცემებით, დაკავება განხორციელდა ძალის გამოყენებით და უკავშირდებოდა პროევროპულ აქციას, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების წინააღმდეგ იმართებოდა. აღნიშნულ ეპიზოდში ასევე იკვეთება ფიზიკური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ნიშნები.
ქუთაისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მოქალაქეები ზებრა გადასასვლელზე გადაადგილებით აპროტესტებდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა აქციის მონაწილე მიშა მუმლაძე. დაკავების პროცესში პოლიციასა და მოქალაქეებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, ხოლო მუმლაძე ძალით გადაიყვანეს პოლიციის ავტომობილში.
28–29 ნოემბერი, 2024 – თბილისი
რუსთაველის გამზირზე გამართული პროევროპული საპროტესტო აქცია ღამის საათებში საპოლიციო ძალებმა ძალის გამოყენებით დაშალა, სამართალდამცველებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები, დაფიქსირდა ძალადობის არაერთი შემთხვევა აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების მიმართ.
პროევროპული საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დარჩენილი მომიტინგეებს დევნა დაიწყო, მათ მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა და ათეულობით ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა ფიზიკური ძალადობა დაიწყეს ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეების მიმართ და მათ მეცნიერებათა აკადემიის შენობამდე სდიეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელები აფთიაქშიც შევიდნენ, სადაც მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააზიანეს ინვენტარი.
რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მომიტინგეთა დევნა, ძალადობა და დაკავებები. სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, მათ შორის ისეთი საშუალებები, რომლებშიც, მედიის ინფორმაციით, ცრემლსადენი ნივთიერებები იყო შერეული. ძალადობა შეეხო აქციაზე მყოფ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და სხვა მოქალაქეებს. საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე დაიწყო მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს მმართველი პარტიის სახელით გაკეთდა განცხადება ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
სახალხო დამცველმა 28–29 ნოემბრის საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით შემაშფოთებლად შეაფასა. მისი განცხადებით, გამოვლინდა მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და დაკავებული პირების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევები. 29 ნოემბრის ღამეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 11 პირი მოინახულეს, 9 შემთხვევაში გამოვლინდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის 3 ჟურნალისტის მიმართ. 6 პირს აღენიშნებოდა თვალსაჩინო ფიზიკური დაზიანებები, ხოლო ორი დაშავებული კლინიკაში იყო გადაყვანილი მრავლობითი დაზიანებების გამო.
პოეტი ზვიად რატიანი 28-29 ნოემბრის ღამეს დააკავეს. დაკავების პროცესში სამართალდამცველებმა ის ჭიჭინაძის ქუჩაზე ძალის გამოყენებით შეათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გაატარეს იგი სპეცრაზმელთა კორიდორში უწყვეტი ცემით. დაშავებულს დაუდგინდა მძიმე დაზიანებები: მოტეხილი მეხუთე მალა, გატეხილი ცხვირის ძვალი და ძგიდე, ასევე სხეულზე მრავლობითი ჰემატომები და დაჟეჟილობები. ზვიად რატიანის განმარტებით, ის მშვიდობიანად იმყოფებოდა აქციაზე და მხოლოდ ხელის ჟესტით ცდილობდა დაძაბულობის განმუხტვას, როდესაც პოლიციამ იგი ძალით გაიყვანა და ფიზიკური ძალადობა როგორც ქუჩაში, ისე პოლიციის ავტომობილში გააგრძელა.
29 ნოემბრის ღამეს, თბილისში, პროევროპული საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის შედეგად ადმინისტრაციული წესით დააკავეს 43 სამოქალაქო აქტივისტი.
29–30 ნოემბერი, 2024 – თბილისი
თბილისში, 29–30 ნოემბრის საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის პროცესში, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 107 სამოქალაქო აქტივისტი, რაც აღნიშნული თვის ყველაზე მასშტაბურ ადმინისტრაციულ დაკავების ეპიზოდს წარმოადგენს.
ადვოკატებისა და სახალხო დამცველის ინფორმაციით, 29–30 ნოემბრის საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებულთა მნიშვნელოვან ნაწილს აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, იზოლატორებში იყო დაკავებულთა რიგები, ხოლო დაკავებულები ნაცემები და აღენიშნებოდათ სხვადასხვა დაზიანებები, მათ შორის – სისხლჩაქცევები და თავის ტრავმის ნიშნები. ერთ-ერთ დაკავებულს, ავთანდილ ტვიტინიძეს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა ტვინის შერყევის სიმპტომების გამო.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს დაკავებულები, რომელთაგან 38 საუბრობდა სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. სახალხლო დამცველის განცხადებით, დაზიანებები ძირითადად სახის არეში იყო მიყენებული. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ძალადობა განსაკუთრებით ხდებოდა დაკავების მომენტში და პოლიციის ავტომობილებში დაკავებულთა გადაყვანისას. საყურადღებოა, რომ დაკავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი პირადი ნივთების (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, საფულე მასში განთავსებული ფულადი თანხით და სხვა) ჩამორთმევაზე მიუთითებდა, რომელთა შემდგომი ბედი მათთვის უცნობია.
30 ნოემბერი, 2024 – თბილისი და ბათუმი
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისსა და ბათუმში კვლავ ძალადობით ცდილობს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას. რუსთაველის გამზირზე პოლიციამ მშვიდობიანი აქცია ძალადობრივი მეთოდებით დაშალა, მათ შორის წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით. სამართალდამცველები ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, მისდევდნენ მათ, უსაფუძვლოდ აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ასევე სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ გამოყენების წესის დარღვევით.
ბათუმში, პროევროპული საპროტესტო აქციის კონტექსტში ადმინისტრაციული წესით დააკავეს 3 სამოქალაქო აქტივისტი. ხოლო, თბილისში, 29–30 ნოემბრის საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის პროცესში, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 107 სამოქალაქო აქტივისტი, რაც აღნიშნული თვის ყველაზე მასშტაბურ ადმინისტრაციულ დაკავების ეპიზოდს წარმოადგენს.
თბილისში სისხლის სამართლის წესით დააკავეს კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი არჩილ მუსელიანი. მას პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების დაზიანებას, კერძოდ კი ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. მუსელიანი ბრალს არ აღიარებს და იზოლატორში მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლასა და ძალადობაზე მიუთითებს.
ავთანდილ ტიტვინიძე, გამთენიისას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ იგი გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ხოლო მოგვიანებით – კლინიკაში. ტიტვინიძის განცხადებით, დაკავების პროცესში მას არ მისცეს ექიმთან ან ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა, მიუხედავად მისი არაერთგზის მოთხოვნისა. ავთანდილ ტიტვინიძის განცხადებით, დაკავების პროცესში მის მიმართ სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს. მისი თქმით, ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მას ცხვირის არეში ძლიერი დარტყმა მიაყენა, რის შედეგადაც ძლიერი სისხლდენა დაეწყო. შემდგომში, დაკავებულის განმარტებით, მას რამდენჯერმე დაარტყეს, ხოლო იზოლატორში გადაყვანისას დაემუქრნენ ძალადობითა და ბორკილების გამოყენებით. ტიტვინიძე ასევე მიუთითებს დამამცირებელ მოპყრობაზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სამედიცინო დახმარების დაგვიანებით უზრუნველყოფაზე, რის გამოც საბოლოოდ მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის დროს, პოლიციამ დააკავა გიორგი მაისაშვილი. დაკავებას წინ უძღოდა მის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება – გიორგის აღენიშნებოდა თვალის არეში ჩალურჯება. მოგვიანებით, მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
რუსთაველის გამზირზე პროევროპული საპროტესტო აქციის დაშლისას, პოლიციამ სასტიკად სცემა 23 წლის ზვიად მაისაშვილი. მისი განცხადებით, პოლიციელებმა იგი ძირს დააგდეს, რის შემდეგაც რამდენიმე სამართალდამცველი მას ერთდროულად ურტყამდა. ცემის შედეგად ზვიად მაისაშვილმა გონება დაკარგა. ზვიადი მოგვიანებით სასწრაფო დახმარების მანქანაში მოიყვანეს. მას დაუდგინდა ტვინის შერყევა, ცხვირის ძგიდის მოტეხილობა, გატეხილი უკანა კბილი და ტუჩების დაჟეჟილობა. იმავე ღამეს, პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა მის ძმასაც – 24 წლის გიორგი მაისაშვილს, რომელიც დააკავეს და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
იურისტ ტატო ქელბაქიანის ინფორმაციით, პროევროპული საპროტესტო აქციის შემდეგ, მისი 17 წლის შვილი, დემეტრე ქელბაქიანი, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დააკავეს. ქელბაქიანის თქმით, არასრულწლოვანი მიწაზე დააგდეს და მასზე ერთდროულად 7–8 ადამიანი ძალადობდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიუთითა მის ასაკზე. დემეტრე მოგვიანებით გაათავისუფლეს და კლინიკაში გადაიყვანეს დაზიანებების შესამოწმებლად.