2025 წლის 5 ოქტომბერს, პროპაგანდისტულმა ტელევიზია POSTV-მ “TV პირველის” ჟურნალისტი – თეა ადეიშვილი – “ნაცების პროპაგანდისტად” მოიხსენია. “მე ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის შთამომავალი ვარ” – თეა ადეიშვილის მიერ, საარჩევნო ეთერში ნახსენები ეს ფრაზა, POTSV-ს კონტექსტის გარეშე აქვს დატანილი ქარდზე, თეა ადეიშვილის რეგალიად კი უწერია – “ნაცების პროპაგანდისტი თეა ადეიშვილი”.
კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიები და ჟურნალისტები, ბოლო პერიოდში, POSTV-ს დისკრედიტაციის სამიზნეები არაერთხელ გახდნენ.პროპაგანდისტული, “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან აფილირებული POSTV აგრძელებს “ქართული ოცნების” მაღალი საჯარო პირების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის მანკიერ ტენდენციას.
2025 წლის 5 ოქტომბერს, “ქართულ ოცნებასთან” აფილირებულმა, პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ POSTV, დამოუკიდებელი ონლაინ მედიები – “ნეტგაზეთი”, “პუბლიკა” და “ტაბულა” და ტელევიზიები “TV პირველი” და “ფორმულა”, “ნაცმოძრაობის პროპაგანდისტულ მედიებად” მოიხსენია. პროპაგანდისტულმა POSTV-მ აღნიშნული მედიები წინა დღეს, 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე დაშავებული პოლიციელის შესახებ ინფორმაციის მიჩქმალვაში დაადანაშაულა.
ვიზუალურ მასალაზე (ქარდზე), რომელიც POSTV-მ გაავრცელა, დატანილია ამ მედიასაშუალებების ლოგოები და შემდეგი ტექსტი – “უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პოლიციელის, გიორგი ბარბაქაძის შესახებ, ნაცმოძრაობის პროპაგანდისტულ მედიას ამ დრომდე ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვამს”.
“პუბლიკას” რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ გამოეხმაურებოდა, რომ არა ბოლო დღეების კოორდინირებული თავდასხმები. მან თქვა, რომ სინამდვილეში დაშავებული პოლიციელის თემაზე არაერთი მასალა აქვს გამოცემას მომზადებული და ყველა მასალის ლინკი მისივე განცხადებას კომენტარებშიც დაურთო.
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადა), “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სასაცილო და კურიოზული უწოდა “TV პირველის” მიერ საარჩევნო უბნებიდან გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას და ტელეკომპანია “ხაზარაძის ტელევიზიად” მოიხსენია.
“დღეს მთელი დღეა, ხაზარაძის ტელევიზია “TV პირველი” ცდილობს, რომ სკანდალები ააგოროს, თუმცა მე მგონი საკუთარ თავს დასაცინად იქმნიან”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი სპეციალურ ბრიფინგზე და შემდეგ ჩამოთვლის “TV პირველის” რამდენიმე სიუჟეტს საარჩევნო უბნიდან, რომლებიც, მისი აზრით, მხოლოდ სასაცილოა ამ მასალებს შორის არის სუფრა საარჩევნო უბანზე და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი. “არ ვიცი ახლა თუ ხაზარაძე აშიმშილებს თავის ჟურნალისტებს”, – ამბობს პაპუაშვილი და ამატებს, რომ არაფერია იმაში უცნაური, ვინმე თუ ზრუნავს საარჩევნო ადმინისტრაციის კვებაზე. და, შემდეგი სიუჟეტის (სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის) განხილვის შემდეგ ისევ ამბობს: “აი, ასეთ დონზე დაეცა ხაზარაძე, რომ არათუ ჟრნალისტურ ეთიკას გადააბიჯებინა მისი ტელევიზიის ყველა წევრს, არამედ, საერთოდ უკვე სასაცილო კურიოზები არის” (ტაიმკოდი 5:52 – 8:16).
შეგახსენებთ, 4 ოქომბერს არაერთი დამოუკიდებელი მედია გახდა შალვა პაპუაშვილის თავდასხმის სამიზნე, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების გამო. მათ შორის, TOK2regions, “პუბლიკა”. და ზოგადად, ბოლო პერიოდში, შალვა პაპუაშვილის მხრიდან მედიებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია მანკიერ ტენდენციად იქცა.
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადა), “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი გამოცემა “პუბლიკა” “უცხოეთიდან დაფინანსებულ, პროპაგანდისტულ” მედიად მოიხსენია და დეზინფორმაციის გავრცელების კოორდინირებულ ქმედებაში დაადანაშაულა.
შალვა პაპუაშვილი “პუბლიკას” ერთ-ერთ ოპოზიციონერ აქტივისტზე მომხდარი თავდასხმის შესახებ გავრცელებული მასალის გამო დაესხა თავს. (არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდა წევრს, იგორ ნარმანიას, რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა). “პუბლიკა”, უცხოეთიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია, რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას იგორ ნარმანიასთან დაკავშირებით”(ტაიმკოდი: 3:55 – 4:37) – ამ ტექსტით, შალვა პაპუაშვილი “პუბლიკას” ჩამოთვლის იმ აქტორებს შორის, რომლებიც “კოორდინირებულად მოქმედებენ და დეზინფორმაციას ავრცელებენ, რითაც ერევიან ქართულ არჩევნებში”.
გამოცემა “პუბლიკამ” შალვა პაპუაშვილის მორიგი თავდასხმა მათ მიმართ სიძულვილისა და ძალადობის წახალისებად შეაფასა. “ერთხელ უკვე გამოვეხმაურეთ შალვა პაპუაშვილის თავდასხმას და კვლავ ვახსენებთ: ,,პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას. ჩვენი გამოცემის, რომელიმე ჟურნალისტს რამე თუ მოუვა, პასუხისმგებელი იქნება პაპუაშვილი”, – ამ პოსტით უპასუხა შალვა პაპუაშვილს გამოცემის რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა.
ბოლო პერიოდში “პუბლიკა” არაერთხელ გახდა შალვა პაპუაშვილის თავდასხმის სამიზნე. მაგალითად, 2025 წლის 19 მაისს, პაპუაშვილი “პუბლიკას” თავს დაესხა დეპუტატ მარიამ ლაშხზე გავრცელებული ინფორმაციის გამო. უფრო ადრე, 1-ელ თებერვალს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდებაში დაადანაშაულა აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის.
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადა), “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი სტუდია TOK2region დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და “პარტიულ მედიად” მოიხსენია. პაპუაშვილის განცხადება მოჰყვა TOK2region-ის მიერ ახალციხის მე-4 საარჩევნო უბნიდან გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს ორი ამომრჩეველი ერთ საარჩევნო კაბინაში.
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სინამდვილეში ერთ-ერთ ამომრჩეველს მხედველობის პრობლემების გამო მეორის დახმარება სჭირდებოდა. “ახალციხე, მე-4 უბანი, სადაც ასევე პარტიული მედიის მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის კონტროლს. სინამდვილეში საქმე ეხებოდა ამომრჩეველს, რომელსაც აქვს დაქვეითებული მხედველობა, მან ითხოვა დახმარება და გაუწიეს დახმარება ბიულეტენის შევსებისას” , – ამბობს შალვა პაპუაშვილი, ფონად ეკრანზე ჩანს TOK2region-ის კადრი, რომელსაც დიდი ასოებით აწერია FAKE [ტაიმკოდი: 1:11 -1:41].
პაპუაშვილის განცხადების შემდეგ, TOK2region-მა გამოაქვეყნა სრული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ამომრჩეველს დახმარება არ უთხოვია, პირიქით, მას შემდეგ, რაც უბნის კომიიის თავმჯდომარემ შენიშნა, რომ მედია ამ ფაქტს იღებდა, მან ამომრჩევლებს შენიშვნა მისცა. “დეზინფორმაციაა, ის ბრალდება რასაც ჩვენი მედიის შესახებ თავად შალვა პაპუაშვილი ავრცელებს, როცა დამოუკიდებელ რედაქციას ,,პარტიულ მედიას“ უწოდებს და ბრალს სდებს იმ ტექსტის გავრცელებაში, რაც TOK2region-ს არსად გაუვრცელებია, რასაც ჩვენი რედაქცია განიხილავს მორიგ თავდასხმად”, – ნათქვამია TOK2region-ის განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილის მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია, უკვე დიდი ხანია მანკიერ ტენდენციად იქცა. CMIS ინციდენტების არქივში “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მედიაზე თავდასხმის 10-მდე მეტი შემთხვევა იძებნება. დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია, შალვა პაპუაშვილის მხრიდან, 4 ოქტომბერსაც განსაკუთრებული სამიზნე იყო.
2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას, საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა მედია “მაუწყებელმა”. გადაღების დროს მოულოდნელად დრონი გამოვიდა მწყობრიდან, მსგავსად სხვა მედიებისა”, – უთხრა „მაუწყებელის“ ჟურნალისტმა „მედიაჩეკერს.
ამ დღეს დრონებზე კონტროლი დაკარგეს “პროექტმა 64” და “ნეტგაზეთმაც”.
2025 წლის 4 ოქტობრის აქციაზე, გამოცემა „ნეტგაზეთმა” საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დრონი რუსთაველის გამზირზე დაკარგეს. “ნეტგაზეთის”, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების დრონები, სავარაუდოდ, საგანგებოდ ჩამოაგდეს რუსთაველის გამზირზე, სადაც დემონტრაციის გადაღებას ვცდილობდით,” – ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე დღეს დრონები დაკარგეს “პროექტმა 64” და “მაუწყებელმა”
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე, „პროექტმა 64” საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა. “პროექტ 64”-ის დამფუძნებელი და ჟურნალისტი, გიორგი გოგუა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კამერა პარლამენტის მიმდებარედ იღებდა კადრებს, რა დროსაც, მოულოდნელად კამერამ უცნაურად დაიწყო ფრენა, მან კი კონტროლი დაკარგა.
“ვაკონტროლებდი მარტო კამერის მიმართულებას, მაგრამ დრონის ტრაექტორიას ვერ. ბოლო კადრი, სანამ სიგნალი დაიკარგა, არის სადღაც რუსთაველიდან მთაწმინდის მიმართულებით. ფრენის ისტორია რუკაზე მიჩვენებს, რომ დრონი აეროპორტისკენ გაფრინდა“.
ამავე დღეს დრონებზე კონტროლი დაკარგეს მედიასაშუალებებმა “ნეტგაზეთი” და “მაუწყებელი”.
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის გაშუქებისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” ჯგუფს, სავარაუდოდ აქციის მონაწილემ “გაურკვეველი სითხე” შეასხა, რის შედეგადაც, ჟურნალისტი შალვა სუმბაძე და ოპერატორი ნიკა ცირეკიძე დაშავდნენ.
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის გაშუქებისას ორჯერ დაშავდა “TVპირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია. პირველი შემთხვევა, როგორც ტელეკომპანია იუწყება, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოხდა. კოკაია შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტმა გაზის კაფსულები გაისროლა. მას სასწრაფო დახმარების ექიმების დახმარება დასჭირდა.
მეორე შემთხვევა ორბელიანის მოედანზე მოხდა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორს ფეხზე სავარაუდოდ გაზის კაფსულა მოხვდა.