საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს კიდევ ერთი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი

ოთხშაბათს, 22 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვისთვის დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი. 

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ჟურნალისტს 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

გასულ დღეებში, გზის გადაკეტვის საფუძვლით დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტები: ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი და ცირა ჟვანია.

“ქართული ოცნების” პარლამენტმა, კანონში ისეთი ცვლილებები მიიღო, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს შეკრებისა და  გამოხატვის თავისუფლებას. ცვლილების საფუძველზე, 80-ზე მეტი ადამიანია დაკავებული ბოლო რამდენიმე დღეში.

ჟურნალისტების დაკავებას ეხმაურებიან  როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანზიაციები. 

“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში. 

საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს “ფორმულას” კიდევ ერთი  ჟურნალისტი ცირა ჟვანია

2025 წლის 21 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის გამო დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” სოციალური მედიის ჟურნალისტი – ცირა ჟვანია. ტელეკომპანიის განცხადებით, მას სახლთან ორი პოლიციელი დახვდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ეს არის, მესამე შემთხვევა, როცა გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე, ჟურნალისტებს აკავებენ საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საფუძვლით.

19 ოქტომბერს, დააკავეს და 6 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს და ტელეწამყვანს ვახო სანაიას. ხოლო, 20 ოქტომბერს, ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი – ქეთა ციცქიშვილი – დააკავეს და  ხუთ დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შეკრებისა და  გამოხატვის თავისუფლებას კიდევ უფრო ზღუდავს

16 ოქტომბერს, ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, ორ დღეში მიიღო მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც კიდევ უფრო ამკაცრებს სანქციებს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე მოქალაქეების მიმართ და მნიშვნელოვნად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ცვლილებები შევიდა, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

ცვლილებების თანახმად, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, აქციაზე ნიღბის ტარების, ცრემლმდენი საშუალების ფლობისა და გზის გადაკეტვისთვის. ამასთანავე, მოსამართლეს აღარ ექნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებში ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობა ემუქრება,  თუ:

  • აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
  • თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.

გარდა ამისა, ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის თანახმადაც ამგვარი ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებასა და თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, ხოლო ყოველ შემდეგ შემთხვევაში, ორ წლამდე ვადით. 

ამასთან, კანონში შეტანილი ცვლილებებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა სამართალდამცველის განმეორებითი შეურაცხყოფის შემთხვევაშიც. კერძოდ, თუ მოქალაქე პოლიციელს არაერთხელ მიაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას, ეს ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. განმეორების შემთხვევაში კი სასჯელი უფრო მკაცრდება და შესაძლოა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული ცვლილებები მკაცრად გააკრიტიკეს და მიიჩნიეს, რომ ის საფრთხეს უქმნის დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. მათი განცხადებით, ახალი რეგულაციები არა მხოლოდ ზღუდავს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, არამედ ქმნის შიშისა და თვითცენზურის ატმოსფეროს საზოგადოებაში, სადაც მოქალაქეები შესაძლოა მხოლოდ საკუთარი მოსაზრების გამოხატვისთვის დაისაჯონ.

აღნიშნული ცვლილებები გაგრძელებაა ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” მხრიდან რეპრესიული ხასიათის კანონმდებლობის მიღებისა

საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი

ორშაბათს, 20 ოქტომბერს დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქეთა ციცქიშვილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას გზის გადაკეტვას ედავებიან. ამავე ბრალდებით, 19 ოქტომბერს დააკავეს ჟურნალისტი ვახო სანაია და მას 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ქეთა ციცქიშვილის დაკავებას “მედიის ადვოკატირების კოალიცია” დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად და თავდასხმად აფასებს

ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია კოალიციის განცხადებაში.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ჟურნალისტი ვახო სანაია

19 ოქტომბერს დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია. მას გზის გადაკეტვას ედავებიან, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

19 ოქტომბერს, პოლიციამ აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავა, რომლებსაც გზის გადაკეტვას და აქციაზე სახის დაფარვას ედავებიან. “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, კანონმდებლობა გამკაცრდა და ჯარიმის ნაცვლად სახის დაფარვა პატიმრობით ისჯება. 

ჟურნალისტის დაკავებას “მედიის ადვოკატირების კოალიცია” გამოეხმაურა და დაკავება “მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეშ დარღვევად” შეაფასა.

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის დაცვამ მუშაობაში ხელი შეუშალა

17 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაცვის თანამშრომლებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჟურნალისტი ცდილობდა გადაეღო ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახლთან მიმდინარე ვითარება, თუმცა ადგილზე მყოფი დაცვა ჟურნალისტს წინ გადაუდგა, სახლთან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცა, რა დროსაც გადაღების შესაძლებლობა შეუზღუდა.

იმავე დღეს, საქართველოს პროკურატურამ ბრიფინგი გამართა, სადაც მოქმედმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელ სახლებში. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, რომელი მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, უკავშირდება თუ არა საქმე ახალ გამოძიებას და იგეგმება თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება.

საპატრიარქო „TV პირველს“ და „ფორმულას“ მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე არ დაუშვებს 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა, რომ 14 ოქტომბერს, შიდა წესების დარღვევის გამო, ტელეკომპანიების „TV პირველის“ და „ფორმულას“ გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ.

“დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიგა განაწესის დარღვევისათვის, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, პრესისთვის გამოყოფილი სივრცის თვითნებურად დატოვებისათვის, TV პირველის და TV ფორმულას გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ”. – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქომ 2022 წლიდან მედიისთვის დამატებითი რეგულაციები დააწესა. ჟურნალისტებს საეკლესიო ღონისძიებების გასაშუქებლად სპეციალური აკრედიტაციის მიღება სჭირდებათ, ხოლო, მუშაობა მხოლოდ  მედიისთვის სპეციალურად განსაზღვრულ ზონებში შეუძლიათ.

კომუნიკაციების კომისიამ მედიის მიმართ ახალი რეგულაციების  აღსრულება დაიწყო

2025 წლის 9 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ წერილობით გააფრთხილა და მათ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.

კომისიის განცხადებით: „გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლებს ზემოაღნიშნული დაფინანსება მიღებული აქვთ მას შემდეგ, რაც კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა უცხოური ძალისგან დაფინანსება, ხოლო დაფინანსება ვერ ჯდება კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროდუქტის განთავსება პროგრამაში)”, კომისიამ მაუწყებლები კანონდამრღვევებად მიიჩნია.
ეს არის კანონის აღსრულების პირველი პრეცედენტი, რომელიც ეხება მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულ ახალი რეგულაციას, რომელიც 2025 წლის 1 აპრილიდან კრძალავს უცხოური ძალისგან მაუწყებლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებას. ცვლილებებმა მიღების დღიდან გამოიწვია საჯარო დისკუსია და კრიტიკა, კერძოდ, შეფასებები იმის შესახებ, რომ ახალი ნორმა შესაძლოა გახდეს ინსტრუმენტი დამოუკიდებელი მედიის ფინანსური და სარედაქციო თავისუფლების შესაზღუდად. სხდომის მიმდინარეობისას რადიომაუწყებელთა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული დაფინანსების გარეშე მათ შესაძლოა მაუწყებლობის შეჩერება მოუწიოთ.

შსს-ს განცხადება საფრთხეს უქმნის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

5 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 ოქტომბრის შეკრება „მიზნად ხელისუფლების დამხობას ისახავდა“ და „მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი“, რის შემდეგაც სამინისტრომ „პროპორციული ზომები“ მიიღო. უწყების თქმით, „გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე“, 5 ოქტომბრიდან ნებისმიერი შეკრება ჩაითვლება „დამხობის მცდელობის გაგრძელებად“ და სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად“. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები შესაძლოა სამართლებრივ დევნას დაექვემდებარონ მხოლოდ შეკრებაში მონაწილეობის გამო. განცხადება გავრცელდა 4 ოქტომბრის აქციის ხუთი ორგანიზატორის დაკავების შემდეგ და მოქალაქეთა და პარტია „ფედერალისტების“ მიერ ახალი აქციის დაანონსებამდე რამდენიმე საათით ადრე.

მსგავსი რიტორიკა საფრთხეს უქმნის როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ისე მედიის თავისუფლებას. სამინისტროს მიერ გამოყენებული ფორმულირებები ქმნის ბუნდოვან სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის პირობებშიც ჟურნალისტების მიერ პროტესტის გაშუქება ან კრიტიკული პოზიციის გაჟღერება შეიძლება აღქმული იყოს „დამხობის მცდელობის“ მხარდაჭერად.   ასეთი განცხადება ქმნის მსუსხავ ეფექტს (chilling effect) და  არღვევს მედიის საქმიანობას და საზოგადოების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებულ ძირითად უფლებებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი

2025 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეია მელქაძემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, გადაცემა “მოამბის” წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი.  ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სასამართლოში მისი სამსახურიდან გათავისუფლება გაასაჩივრა. იგი გათავისფულების ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. განაჩენის დასაბუთებული ნაწილის ჩაბარების შემდეგ, მოსარჩელე მხარე,  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვან, ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დისციპლინური მოკვლევა დაუსახელეს. ორივე ჟურნალისტი ჩართულია მოძრაობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები”, რომელიც აკრიტიკებს მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს, მის სარედაქციო პოლიტიკას და საუბრობს პოლიტიკურ გავლენებზე მაუწყებელში.