გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” ჟურნალისტებს ხარაგაულის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ დაუშვა “ქართული ოცნების” საარჩევნო შეხვედრაზე

2024 წლის 16 ოქტომბერს, გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” დამფუძნებელს ლაურა გოგოლაძესა და ჟურნალისტს ნინო კაპანაძეს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უფლება არ მისცა დასწრებოდნენ პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო შეხვედრას.

“წაბრძანდით, ნაციონალების შეხვედრაზე დადექით. ვინ ხართ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი მიყიდული, გაყიდული…,“ – ასე მიმართა მერმა ჟურნალისტებს და „სხვადასხვა პარტიების მიერ ნაყიდი და დაქირავებული“ და „პროვოკატორობით ცნობილი“ უწოდა. 

გამოცემა “ბათუმელებთან” ლაურა გოგოლაძე ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საჯარო პირები მათ მუშაობაში ხელს უშლიან. 

ორგანიზაცია “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა უხეშობა და უდიერი დამოკიდებულება ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა:“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლთა მსგავსად, ძალას არ იშურებენ ჟურნალისტების უარყოფით ჭრილში წარმოსაჩენად და მოსახლეობაში მედიის, როგორც ინსტიტუციის, მიმართ ნდობის შესარყევად”, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სამი ცენტრალური მაუწყებელი სასამართლომ მესამედ დააჯარიმა მმართველი პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერში არგაშვების გამო

2024 წლის 11 ოქტომბერს, ტელევიზიები “ფორმულა”, “TV პირველი” და “მთავარი არხი” საქალაქო სასამართლომ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა მმართველი პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერში არ გაშვების გამო. ეს მაუწყებლებისთვის, ბოლო ორ თვეში, ერთი და იმავე მიზეზით დაკისრებული მესამე ჯარიმაა და გადასახდელი თანხა, თითოეული ტელევიზიისთვის, უკვე 15 000 ლარს შეადგენს.

მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ამ ტელევიზიებისგან ითხოვს ეთერში გაუშვან მისი პოლიტიკური რეკლამა – “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”.

5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც განმარტებული იყო, რატომ არ აპირებდნენ რეკლამის განთავსებას ეთერში:  

“მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე”, – ნათქვამი იყო ტელევიზიების განცხადებაში.

მიუხედავად ამ განცხადებისა, 9 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო და ოქმები შეუდგინა. კომისია განცხადებაში უთითებს, რომ “ვიდეორგოლი არ შეიცავს არც ომის პროპაგანდას და არც ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ მოწოდებას, რაზეც მაუწყებლები ამახვილებენ ყურადღებას”. 

ორგანიზაციები “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საქართველოს ევროპული ორბიტა“ მაუწყებლებს სოლიდარობას უცხადებენ და „ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლებისთვის იმ საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვების დავალდებულებას, რომელშიც „უკრაინელი ხალხის ტრაგედია სპეკულაციურად, საარჩევნო მიზნებისთვის არის გამოყენებული“, კრიტიკულად აფასებენ.

ტელევიზიებს მხარდაჭერა გამოუცხადა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც”. 

მომხდარზე განცხადება გაავრცელა “მედიის ადვოკატირების კოალიციამ”. “ეს სადამსჯელო ზომები არა მხოლოდ არღვევს მედიის დამოუკიდებლობას, არამედ აძლიერებს პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც შეესაბამება მმართველი პარტიის დღის წესრიგს”, – ნათქვამია განცხადებაში

“TV პირველს” სასამართლომ ყოფილი საჯარო მოხელისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა

2024 წლის 11 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, „TV პირველსა“ და მის ჟურნალისტს, სოფიკო ნიაურს, 10 000 ლარის გადახდა დააკისრა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძისთვის. ყოფილი საჯარო  მოხელე ტელეკომპანიას ცილისწამებისთვის უჩიოდა

საუბარია სიუჟეტზე, რომელიც ეთერში 2024 წლის 3 თებერვალს გავიდა. ჟურნალისტური მასალა, სახელწოდებით “დაკავებების სერია ქოლ-ცენტრებზე” ეხებოდა თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით დაკავებულებს.

ჟურნალისტი ჩართვაში საუბრობს დაკავებულებზე და კითხულობს  დაადებენ თუ არა ისინი ხელს საქმის მთავარ ფიგურანტს, რომელიც დგას ამ ქოლ-ცენტრების უკან: “რომელმაც დააფუძნა ეს კომპანიები და მიანდო კომპანიების მის ნდობით აღჭურვილ პირებს. საუბარია ყოფილ შს მინისტრზე, ალექსანდრე ჭიკაიძეზე” – ამბობს ჟურნალისტი.

მოსარჩელე ამ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

 “TV პირველის” იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი გამოცემა “მედიაჩეკერთან” ამბობს, რომ ტელეკომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას სააპელაციო სასამართლოში  გაასაჩივრებენ.

სასამართლო დავას – „ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ე.წ. SLAPP საქმედ მიიჩნევს.

SLAPP სარჩელები მედიის წინააღმდეგ, პრობლემურად მიაჩნია “მედიის ადვოკატირების კოალიციას”

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი ასეთი სარჩელი ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ. “TV პირველს” ასევე საჯარო მოხელის, თბილისის მერის სასარგებლოდ უკვე აქვს დაკისრებული 15 000 ლარის გადახდა და ტელეკომპანია უკვე ანგარიშების დაყადაღების მოლოდინშია.

სამი ტელევიზია, სასამართლომ, მმართველი პარტიის სადაო პოლიტიკური რეკლამის არგაშვების გამო, ორჯერ დააჯარიმა

2024 წლის სექტემბერში, მმართველი პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერიდან ამოღების გამო, ტელევიზიები: “მთავარი არხი”, “TV პირველი” და “ფორმულა” სასამართლომ ორჯერ დააჯარიმა.  

პირველი ჯარიმა, 5 000 ლარის ოდენობით, ტელეკომპანიებს “TV პირველსა” და “ფორმულას” 16 სექტემბერს დააკისრეს, “მთავარ არხს” კი 13 სექტემბერს. მეორედ, იგივე მიზეზით, სამივე ტელეკომპანია 19 სექტემბერს დაჯარიმდა, ასევე, 5 000 ლარით.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეკლამაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზა: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“. ტელევიზიებმა ვიდეო-რგოლი თავდაპირველად ეთერში განათავსეს, თუმცა, რამდენიმე დღეში კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის მიზეზით ბადიდან ამიღეს. ტელეკომპანიებს მიაჩნიათ, რომ ამ კონკრეტული რეკლამის განთავსება შესაძლოა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას, ან „რეკლამის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ წესებს ეწინააღმდეგებოდეს.

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მიიჩნევს, რომ სასამართლომ მაუწყებლები უსამართლოდ დააჯარიმა. ეს ორგანიზაცია ერთ-ერთია, რომელიც ამ რეკლამაში არაეთიკურადაა წარმოჩენილი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” წერს, რომ “არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ქართული ოცნების საარჩევნო ვიდეოში გამოყენება მიზნად ისახავს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ კოორდინირებული და დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას. ხოლო “კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები ფინანსურ დარტყმას აყენებს კრიტიკულ მედიას”.