2026 წლის 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გამოცემების, ,,ბათუმელებისა” და” ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, პატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. საჩივრის წარმოებაში არმიღება, ანუ მისი დაუშვებლად ცნობა, ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ ნაბიჯით, საქართველოში, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულებულია ყველა ინსტანციის სასამართლოში.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ქალაქ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად დააპატიმრეს ბათუმის პოლიციის სამმართველოს დამხმარე სათავსოს კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისათვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. ეს სტიკერი პოლიციელებმა გაკვრისთანავე მოხსნეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის – ირაკლი დგებუაძისთვის – სილის გაწვნისთვის. ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
Incident type: სამართლებრივი ინციდენტი
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „კავკასიის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება აშშ-დან მიღებული შემოწირულობის გამო დაიწყო
ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო აშშ-დან მიღებული ინდივიდუალური შემოწირულობის საფუძველზე. კომისიის მოთხოვნით, მაუწყებელმა 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია მიღებული თანხისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შესახებ.
2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით სრულად აიკრძალა მაუწყებლების უცხოური დაფინანსება და მნიშვნელოვნად გაფართოვდა მარეგულირებლის უფლებამოსილებები, მათ შორის, ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის მექანიზმები. პარალელურად, 2024 წლიდან მოქმედებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. აღნიშნულმა რეგულაციებმა მედიის დაფინანსების მოდელზე არსებითი გავლენა მოახდინა, რის შედეგადაც არაერთი მაუწყებელი ფუნქციონირებას, მათ შორის, მოქალაქეთა შემოწირულობებზე დაყრდნობით აგრძელებს.
ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „კავკასია“, ქვეყანაში შექმნილი საკანონმდებლო გარემოს ფონზე, დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ მოქალაქეთა შემოწირულობებს იყენებს და მაუწყებლობის უწყვეტობას სწორედ ამ მოდელზე დაყრდნობით უზრუნველყოფს. მსგავსი შემოსავლები, როგორც წესი, მიემართება არხის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის საჭირო საოპერაციო ხარჯების დაფარვას, რის გამოც კონკრეტული შემოწირულობის კონკრეტულ დანიშნულებაზე ზუსტი მითითება პრაქტიკულად შეუძლებელია.
აღნიშნული საქმე ნათლად ასახავს მედიის საქმიანობის გარემოს საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, ხოლო მარეგულირებლის მხრიდან ინდივიდუალური შემოწირულობების საფუძველზე საქმისწარმოების დაწყება დამატებით კითხვებს აჩენს რეგულირების პრაქტიკის პროპორციულობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ჟურნალისტ ვიკა ბუკიას ჯარიმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო
“ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, მარიამ ლაშხისთვის Facebook-ზე „მონას“ წოდებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ “TV პირველის” ჟურნალისტ, ტელეწამყვან ვიკა ბუკიასთვის დაკისრებული 4000-ლარიანი ჯარიმა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
„ალბათ, გახსოვთ მარიამ ლაშხს მონა რომ ვუწოდე, იმან რომ 4000 ლარის ინერვიულა და მიჩივლა. ჰოი, საოცრებავ. სააპელაციომ ძალაში დატოვა და ამიკრძალა მარიამ ლაშხს ვუწოდო ის, რაც ნამდვილად არის”, – წერს ვიკა ბუკია სოციაურ ქსელში და აქვეყნებს სასამართლოს დადგენილებას, სადაც წერია, რომ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრაულმა ვიკა ბუკია 2025 წლის 18 ივნისს დააჯარიმა. მაშინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო, სასამართლოში ექვსი ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს “ქართული ოცნების” დეპუტატები უჩიოდნენ. ექვსივე ჟურნალისტის შემთხვევაში, საჩივრების სამართლებრივი საფუძველი გახდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახლად ამოქმედებული 173(16)-ე მუხლი. ეს მუხლი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ეს ერთ-ერთი “ქართული ოცნების” მეირ მიღებული მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებაა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ჟურნალისტის, “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი, რომლითაც ის მის გათავისუფლებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა.
ვასილ ივანოვ – ჩიქოვანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში “პირველი არხიდან” მისი გათავისუფლება გაასაჩივრა. იგი გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. 2025 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეია მელქაძემ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება ჰქონდა გასაჩივრებული ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს სააპელაციო – მეორე ინსტანციის სასამართლოში.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” წამყვანი იყო. 2025 წლის 4 თებერვლიდან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ეთერს ჩამოაშორეს, – მიზეზად მას უთხრეს, რომ პროდიუსერს აღარ სურდა მასთან მუშაობა. 11 აპრილს კი არხიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დისციპლინური მოკვლევა დაუსახელეს. ვასილ ივანოვ – ჩიქოვანი ჩართულია მოძრაობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები”, რომელიც აკრიტიკებს მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს, მის სარედაქციო პოლიტიკასა და ღიად საუბრობს პოლიტიკურ გავლენებზე მაუწყებელში.
JamNews-ის ქოფირაითერი ირაკლი დათუნაშვილი ორჯერ დაჯარიმდა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“
JamNews-ის ქოფირაითერი ირაკლი დათუნაშვილი ორჯერ დაჯარიმდა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 2025 წლის 28 თებერვალსა და 6 მარტს გამართულ აქციებზე. მან ჯარიმები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა. ჯამში 10,000 ლარით.
„ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.
ჯარიმა და ყადაღა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის
2025 წლის 30 აგვისტოს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის “მაუწყებელის” ჟურნალისტი თოზუ გულმამედლი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „გზის გადაკეტვის“ საფუძვლით 5 000 ლარით მეორედ დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რაც დასტურდება „მაუწყებლის“ პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალებით, საგამოძიებო ორგანოებმა აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინეს.
“მაუწყებლის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჟურნალისტს საბანკო ანგარიშებზე ყადაღა დაადო და მის სახელზე გაფორმებული ქონების დაყადაღებით დაემუქრა, ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის შესასრულებლად კი 7 დღის ვადა მისცა.
მსგავსი პრაქტიკა ჟურნალისტური საქმიანობის კრიმინალიზებასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას წარმოადგენს, ამასთან, ყადაღის გამოყენება, დამატებითი ფინანსური ზეწოლის მექანიზმია და არსებითად ზღუდავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას.
აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და საქმე თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადაუგზავნა, რადგან სასამართლოს შეფასებით მის ქმედებაში შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების საფრთხე ემუქრება.
საქმე ეხება 2025 წლის 17–18 დეკემბრის ეპიზოდს. შსს აფგან სადიგოვს ტრანსპორტის ან/და ქვეითთა გადაადგილების შეფერხებას ედავება. სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან ჟურნალისტი 2025 წლის ოქტომბერში უკვე იყო იმავე საფუძვლით ადმინისტრაციულად სახდელდადებული, ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, რომლებიც განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ცვლის.
ცილისწამების საქმე ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ჟურნალისტის წინააღმდეგ
2025 წლის 9 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ჟურნალისტ სოფო ნიაურის წინააღმდეგ აღძრულ ცილისწამების საქმეზე. დავა ეხება “TV პირველის” ეთერში, გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ რეპორტაჟს, სადაც ჭიკაიძე ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირში დაადანაშაულეს. სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანიასა და ჟურნალისტს ალექსანდრე ჭიკაიძეზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის, 10 000 ლარის გადახდა დაავალა.
განსაკუთრებით პრობლემურია მსგავს დავაში ჟურნალისტის სათანადო მოპასუხედ მიჩნევა, რაც ეწინააღმდეგება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონს, რომლის მიხედვითაც მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებულ დავისას მოპასუხე მედიის მესაკუთრეა. მსგავსი მიდგომა ბოლო წლებში დამკვიდრებული არასწორი სასამართლო პრაქტიკის შედეგია და მედიის თავისუფლებისთვის დამაზიანებელ პრეცედენტს ქმნის.
აღნიშნული სასამართლო პრაქტიკა ვითარდება იმ ფონზე, როდესაც 26 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებებმა მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადაიტანა, გააუქმა ჟურნალისტების დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმები, მათ შორის წყაროს დაცვის გარანტიები და ე.წ. კვალიფიციური პრივილეგია და გაზარდა მედიისა და კრიტიკული ხმების მიმართ სამართლებრივი ზეწოლის რისკები.
ეს არ არის პირველი შემთხვევა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ცილისწამების საფუძველზე დაწყებული სამართალწარმოების. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო წლებში სამი წამყვანი კრიტიკული ტელეარხის – „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ 28 სარჩელი შევიდა, რომელთა უმეტესობა მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და მათთან დაახლოებული პირების მიერ არის ინიცირებული. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი საქმეები ატარებს SLAPP სამართალწარმოების ნიშნებს და მიუთითებს კრიტიკული მედიის დაშინებაზე მიმართულ კოორდინირებულ ტენდენციაზე.
“რადიო თავისუფლების” ოპერატორი დააჯარიმეს გზის გადაკეტვის საფუძვლით
შინაგან საქმეთა სამინისტრომ “რადიო თავისუფლების” ოპერატორი ზუკა ხიდაშელი “გზის გადაკეტვის” საფუძვლით 2025 წლის 18 დეკემბერს 5,000 ლარით დააჯარიმა. ხიდაშელმა ჯარიმა გაასაჩივრა. მოგვიანებით, მოსამართლემ ეს საქმე შეწყვიტა.
ხიდაშელი, როგორც “რადიო თავისუფლების” ოპერატორი ასრულებდა სარედაქციო დავალებას და აშუქებდა საპროტესტო აქციას.
2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე ჟურნალისტების მიმართ ჯარიმების შესახებ ინფორმაციას CMIS დეტალურად აღწერს.
„ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს შსს ტროტუარის გადაკეტვას ედავება მაშინ, როცა ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა
გამოცემა „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს, ლილე შუკვანს, სამართალდამცვეები ედავებიან გზის გადაკეტვას მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – აშუქებდა საპროტესტო აქციას. საუბარია 2025 წლის დეკემბრის ერთ-ერთ აქციაზე.
როგორც ჟურნალისტი გამოცემა „ნეტგაზეთს“ უყვება, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ, ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ „ჟურნალისტობა ინდულგენცია არ არის. რამდენადაც ბევრი ჟურნალისტი „ბოროტად იყენებს თავის პროფესიას“, შსს იძულებულია სასამართლოს მიმართოს და სასამართლოც ვალდებულია გამოიკვლიოს, კონკრეტული ჟურნალისტი, რომელსაც შსს ედავება, ასეთ ჟურნალისტებს შორის ხომ არ არის“.
განახლება: 2026 წლის 19 მაისს, მოსამართლე მაკარიძემ ჟურნალისტ ლილე შუკვანის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა.