თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ ძალაში დატოვა 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს დაკავებული რვა პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო დანარჩენ ხუთ მსჯავრდებულს – ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლიდან სსკ-ის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა. აღნიშნული მუხლი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, როდესაც ასეთი მოქმედება უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
თამარ მჭედლიშვილმა ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი ჯგუფური მოქმედების ორგანიზატორებად მიიჩნია, ხოლო დანარჩენი ხუთი პირი – ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად. მსჯავრდებულები სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდნენ. პროკურატურა კი განაჩენს კვალიფიკაციის ნაწილში არ ეთანხმებოდა და ითხოვდა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება 27 აპრილს სააპელაციო პალატამ, მოსამართლეების – ნინო ჩახნაშვილის, გიორგი კერატიშვილისა და პაატა სილაგაძის შემადგენლობით გამოაცხადა.
ჩეჩინმა საბოლოო სიტყვით არ ისარგებლა და არც განაჩენის გამოცხადებას დაესწრო. პირველ ინსტანციაში ანტონ ჩეჩინის განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა.
ჩეჩინი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდეს. იგი 2024 წლის 3 დეკემბერს, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 19 წლის საბა ჯიქია დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.
საბა ჯიქია 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. ჯიქიას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის პოზიციით, მან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ფეხი დაარტყა სხეულის არეში. საქმეში დაზარალებულად ცნობილი გდდ-ის თანამშრომელი ბექა გოტიაშვილი თავად აცხადებს, რომ დაზიანება არ მიუღია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ლეონიძემ 2024 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირი დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელად დატოვა.
საქმეზე მსჯავრდებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი. მსჯავრდებულებს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ისინი სასამართლომ ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად მიიჩნია. სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულები პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თავდაპირველი ბრალდება (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი) 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევას. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში განაჩენს კვალიფიკაციის ნაწილში არ ეთანხმებოდა და ითხოვდა, ბრალდებულები დამნაშავედ ეცნოთ უფრო მძიმე მუხლით – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის.