თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე აქტივისტი გზის გადაკეტვის გამო სამართალდამრღვევად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე აქტივისტი სამართალდამრღვევად ცნო გზის გადაკეტვის ბრალდებით. გადაწყვეტილებები მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

საპროტესტო აქციების მონაწილეს, რეზი დუმბაძეს, 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 31 იანვარს საავტომობილო გზის “ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებოდა.

ამავე მოსამართლემ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ზვიად მარიამიძეს. ანა მებურიშვილსა და ნათია წიწილაშვილს სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.

აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. ამავე ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც  ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

სასამართლომ აქტივისტ ტასო დოლიძეს ტროტუარზე გამართული პროტესტის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი თამუნა გიორგაძე წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ტასო დოლიძეს ტროტუარზე პროტესტის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

სამოქალაქო აქტივისტი ნინო სვანიძე აცხადებს, რომ  ათობით ჯარიმის გადაუხდელობის გამო დააყადაღეს

საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ფოსტის კურიერმა ყადაღის დადგენილებების ნაწილი ჩააბარა, რაც მის მიმართ დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობას უკავშირდება.

მისი ინფორმაციით, ერთ დღეში 6 დადგენილება მიიღო, თუმცა, მისი თქმით, საერთო რაოდენობა 21-ს აღწევს, თითოეული 5000 ლარის ოდენობის ჯარიმას შეეხება. აქტივისტის განცხადებით, სანქციები, სავარაუდოდ, დაკავშირებულია საპროტესტო აქციებში მონაწილეობასა და გზის გადაკეტვის ბრალდებებთან.

სააპელაციო სასამართლოს  დეკემბრის აქციებზე დაკავებული 11 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ლეონიძემ 2024 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირი დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელად დატოვა.

საქმეზე მსჯავრდებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი. მსჯავრდებულებს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ისინი სასამართლომ ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად მიიჩნია. სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულები პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვდნენ.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თავდაპირველი ბრალდება (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი) 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევას. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში განაჩენს კვალიფიკაციის ნაწილში არ ეთანხმებოდა და ითხოვდა, ბრალდებულები დამნაშავედ ეცნოთ უფრო მძიმე მუხლით – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ელიაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტისა და წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ზაუტაშვილის ადვოკატის, გიორგი იასაშვილის განცხადებით, ისინი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და მისი შესაბამის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდნენ.

„საქმეს რომ ბოლომდე მივიყვან, ეს ვიცი და არც დრო და არც ენერგია არ დამენანება ამისთვის. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ და მოსამართლემაც იცოდა, რომ ჩემსკენ იყო სიმართლე. ამ საშინლად მძიმე დროში, როცა ძალიან ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ერთადერთ და უპირველეს ამოცანად რჩება მართლმსაჯულების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მოამბის“ ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელიც, რომლითაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად სამსახურიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლა.

სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა

24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლიანა კაჟაშვილმა, შეწყვიტა „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საქმე პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის, წინააღმდეგ. პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძეს ტელეეთერით გაჟღერებული განცხადებებით ცილისწამებას, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და პატივისა და ღირსების შელახვას ედავებოდა.

„ეს არის საშიში პრეცედენტი არა მხოლოდ მზია ამაღლობელის შემთხვევაში, რომელიც მოსარჩელეს წარმოადგენდა ამ საქმეში, არამედ, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემისთვის“, – უთხრა მედიას ჟურნალისტის ადვოკატმა, ანა რეხვიაშვილმა.

სასამართლოზე არ გამოცხადებულა ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი.

ეს მეორე შემთხვევაა, როცა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. 2025 წლის 24 ნოემბერს,  მოსამართლე დავით აკობიძემ მიიჩნია, რომ უნდა შეეწყვიტა საქმე, რომლითაც მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.

დიდი ბრიტანეთის მიერ დეზინფორმაციისთვის დასანქცირებული “იმედი”კრიტიკულ ტელევიზია “TV პირველს” მანიპულაციაში ადანაშაულებს

24 აპრილს, დიდი ბრიტანეთის მიერ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის  დასანქცირებულმა ტელეკომპანია „იმედმა“ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკული ტელევიზია „TV პირველი“ მანიპულაციაში დაადანაშაულა. პოსტი ეხება ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც, 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებულ პირთა 60% რუსეთის მოქალაქე იყო. 

ტელეკომპანია “იმედი” წერს, რომ “სტატისტიკური მაჩვენებლის მიღმა, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, ოპოზიციური მედია არაფერს ამბობს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე, შენარჩუნებასა და საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს ან/და საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ უკვე შეუწყდათ ან ჯერ არ შეწყვეტიათ საქართველოს მოქალაქეობა”.

პოსტის ვიზუალურ მასალაში გამოყენებულია ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებების ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ფოტო, ხოლო პოსტზე წითლად აწერია: „მანიპულაცია“. 

ტელეკომპანია „იმედი“ ხელისუფლებისადმი კრიტიკული „TV პირველისა“ და მისი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის წინააღმდეგ პოსტებს ხშირად აქვეყნებს.

სამ სამოქალაქო აქტივისტს ანგარიშები დაუყადაღეს იმ ჯარიმების გადაუხდელობისთვის, რომელთა შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ

15 აპრილს, სამ სამოქალაქო აქტივისტს – ნათია მეგრელიშვილს, ნათია ართმელაძეს და თამთა ჩხაიძეს საბანკო  ანგარიშები დაუყადაღეს იმ ჯარიმების გადაუხდელობისთვის, რომელთა შესახებ არცერთ მათგანს შეტყობინება არ ჰქონდა მიღებული. დაყადაღების შესახებ აქტივისტებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. 

თამთა ჩხაიძე სინდისის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე და აქციების აქტიური მონაწილეა. მას ჯამში 25 000 ლარის ჯარიმა აქვს.  “ბათუმელებთან” იგი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ყადაღა გაასაჩივრა. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს 2024 წლის 17 მაისს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით. 

“გზის ხელოვნურად გადაკეტვა”, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის შესაბამისად, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევად ითვლება. 2025 წლის 7 თებერვლიდან „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დაკისრებული ჯარიმა გაათმაგდა და 5000 ლარი გახდა. ასეთი ჯარიმა პროევროპული პროტესტის მონაწილე ასობით ადამიანს აქვს.  ჯარიმების ჯამური ოდენობა რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს. იმ აქტივისტებს, რომელთაც ჯარიმები არ აქვთ გადახდილი, ანგარიშებს უყადაღებენ. ასეთი უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამოქალაქო აქტივისტს ვახტანგ გაგნიძეს სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, ვახტანგ გაგნიძეს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გაგნიძის ადვოკატის, დიმიტრი ვარდიაშვილის განცხადებით, სასამართლო რამდენიმე საქმეს გაერთიანებულად განიხილავდა. მათ შორის იყო საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვა და ტროტუარზე გამვლელთათვის დაბრკოლების შექმნა. ორივე სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილშია გაერთიანებული. ადვოკატის თქმით, ვახტანგ გაგნიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესს ვერ დაესწრო. მისი თქმით, მას აწუხებს ძლიერი ტკივილები და პარალელურად აგროვებს თანხას მკურნალობის ხარჯების დასაფარად.სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაგნიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „შემეძლო, ამერიდებინა ადმინისტრაციული პატიმრობა ჩემი თავისთვის მოგეხსენებათ ჩემი ოპერაციების შესახებ და ისიც იცით, რომ რეაბილიტაციას არც თუ ისე კარგად გავდივარ. მაგრამ აქ სულ სხვანაირადაა საქმე… როდესაც ჩემს მეგობარ გოგო-ბიჭებს იჭერენ აბსურდული ბრალდებებით – თითქოს ხალხს ტროტუარზე გადაადგილების უფლებას ვუზღუდავთ, როდესაც ჩემი თანამებრძოლები წლობით სხედან ციხეში პროტესტის გამო – მე ვერ ვირბენ ფარატინა ქაღალდით ხელში და ვერ დავიწყებ ტრაბახს: „ვერ მიჭერენ, ხელშეუხებელი ვარ-მეთქი“. „მეორე საკითხიცაა: მე, რომელსაც ერთი თვის წინ ფეხს მაჭრიდნენ და გადავრჩი, ახლა ნესტში უნდა გავიარო რეაბილიტაცია. ეს, ადამიანური თვალსაზრისით, არაფერში ჯდება – შეეძლოთ, ცოტა დრო მოეცათ, რომ გამოვჯანმრთელებულიყავი და შემდეგ მოესაჯათ პატიმრობა. არაუშავს – ყველაფერი კარგად იქნება.”- დაწერა მან.

9 აპრილს პოლიციამ  დააკავა აქტივისტი შაკო ბაღდოშვილი, რომელიც თავად იყო თავდასხმის მსხვერპლი

9 აპრილის მემორიალთან მომხდარი შეხლა-შემოხლისას დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი შაკო ბაღდოშვილი, რომელმაც თავად მიიღო ფიზიკური დაზიანებები, პოლიციის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში დააყოვნეს, ბოლოს კი გაათავისუფლეს და განაცხადეს, რომ ის მოწმის სახით იკითხებოდა. 

ინციდენტი 9 აპრილს მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე “ქართული ოცნების” წევრები  გამოჩნდნენ. მათ გამოჩენამდე, აქციის მონაწილეებთან, რომლებმაც პარლამენტთან ღამე გაათენეს, ე.წ. ტიტუშკები მივიდნენ. აქციის მონაწილეებსა და იქ მყოფ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, უწყვეტი აქციების აქტიურ მონაწილეებს ქართული ოცნების მხარდამჭერი ფიზიკურად გაუსწორდა. შაკო ბაღდოშვილმა მძიმე დაზიანებები მიიღო, რისი კვალიც მას ნათლად ემჩნეოდა. თუმცა,  მიუხედავად ამისა, პოლიციამ თავდამსხმელების ნაცვლად ბაღდოშვილი დააკავა. ადვოკატი რამდენიმე საათის განმავლობაში არკვევდა მის ადგილსამყოფელს. გვიან ღამით პოლიციამ განაცხადა, რომ ის მოწმის სახით გამოიკითხა და რამდენიმესაათიანი დაყოვნების შემდეგ, ბაღდოშვილი გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, იმავე დღეს და იგივე ვითარებაში დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი, შოთა ოდიშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი მაისური ეცვა, უცენზურო წარწერით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლ ზვიად ცეკვავამ იგი 10-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა, თითქოსდა, წვრილმან ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით.