სასამართლომ აქტივისტი ია მელითაური სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 2500 ლარით დააჯარიმა  

უწყვეტი პროტესტის მონაწილე, აქტივისტი ია მელითაური სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. ია მელითაურის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც შეიცავდა უცენზურო გამონათქვამებს და რომელშიც ნახსენები იყო გვარი „სალუქვაძე“. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, აღნიშნული პოსტი პოლიციელ ლაშა სალუქვაძეს მიემართებოდა.

საქმე მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხება და სანქციის სახით ითვალისწინებს 2,000-დან 5,000 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

დაცვის მხარის პოზიციით, საქმეში არ არის დადასტურებული, რომ სადავო პოსტი ია მელითაურმა გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ადვოკატის განმარტებით, პოსტში მითითებულია მხოლოდ გვარი „სალუქვაძე“ სახელის, სტატუსის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი დეტალის გარეშე, რის გამოც დაცვის მხარე დავობს, რომ არ მტკიცდება, კონკრეტულად პოლიციელ ლაშა სალუქვაძეს მიემართებოდა თუ არა აღნიშნული ტექსტი.

მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობები გაათავისუფლეს

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრიდან დასის 9 წევრი გაუშეს, მათ შორის არიან ეკა ნიჟარაძე, ნათია გუბენკო, მაია კაციტაძე, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ნინაკა გელაშვილი, გურამ ჯაში და ზაზა იაქაშვილი. 

თეატრს რეორგანიზაციის შესახებ საჯარო განცხადება არ გაუვრცელებია და გათავისუფლების მიზეზები არ განუმარტავს. მსახიობების ინფორმაციით, იანვარში მათთან ჩვეულებრივი ერთწლიანი ხელშეკრულებების ნაცვლად სამთვიანი ხელშეკრულებები გაფორმდა, რომელთა ვადა 30 აპრილს ამოიწურა.

“ოფიციალურად არანაირი შეტყობინება არ მომსვლია, უბრალოდ სამთვიანი ხელშეკრულება პირველად დადეს და ეს იყო ჩემთვის ნიშანი რომ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდნენ.” – განაცხადა  TV პირველთან საუბრისას ირაკლი ჩოლოყაშვილმა.

გათავისუფლებები მოხდა იმ ფონზე, როდესაც თეატრალური საზოგადოების ნაწილი აქტიურად მონაწილეობდა ანტისამთავრობო და პროევროპულ დემონსტრაციებში. გათავისუფლებული მსახიობებისა და მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, შესაძლოა სწორედ მათი სამოქალაქო აქტივობაა  გათავისუფლების მიზეზი.

ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ბექა ლოხიშვილს პოლიციელების შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

არსებული ინფორმაციით, ბექა ლოხიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საპატრულო პოლიციის ქცევას აკრიტიკებდა მოტოციკლეტებთან დაკავშირებულ საკითხზე და პოლიციელებს უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა.

პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევაა, რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ისე 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.

სამოქალაქო აქტივისტებს ია მღებრიშვილს, ინგა ბუაძესა და გიო ჩაჩანიძეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეებს, ია მღებრიშვილსა და ინგა ბუაძეს, 2-2 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ინგა ბუაძემ „TV პირველს“ განუცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 7 თებერვალს საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა. „მარშის მერე დავრჩი გზაზე, პროტესტი გამიჩნდა, რადგან კანონში შეიტანეს ცვლილება და ტროტუარზე დგომისთვის ჩემს მეგობრებს აჯარიმებდნენ და აკავებდნენ“, –  განაცხადა მან.

რაც შეეხება ია მღებრიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 დეკემბერს ტროტუარზე გამვლელთათვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. მისმა ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, რომ პროცესი რეპლიკების ეტაპზე იყო გადადებული და საქმის არსებითი განხილვა დასრულებული არ ყოფილა, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება ისე გამოაცხადა, რომ ადვოკატმა სასამართლო დარბაზში შესვლაც ვერ მოასწრო.

იმავე დღეს, 9 აპრილის პროტესტთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გიო ჩაჩანიძეს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე პარლამენტის წინ, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას უკავშირდება.

სააპელაციო სასამართლომ ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება 27 აპრილს სააპელაციო პალატამ, მოსამართლეების – ნინო ჩახნაშვილის, გიორგი კერატიშვილისა და პაატა სილაგაძის შემადგენლობით გამოაცხადა.

ჩეჩინმა საბოლოო სიტყვით არ ისარგებლა და არც განაჩენის გამოცხადებას დაესწრო. პირველ ინსტანციაში ანტონ ჩეჩინის განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა.

ჩეჩინი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდეს. იგი 2024 წლის 3 დეკემბერს, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.

აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს დეპუტატის შეურაცხყოფისთვის 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

საკრებულოს დეპუტატის, ბექა დავითულიანის შეურაცხყოფისთვის, აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს 4000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

შემთხვევა, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალწარმოება დაიწყო, 9 აპრილს მოხდა. მემორიალთან მისულ დეპუტატს მარიამ მეყანწიშვილმა „ქვეყნის გამყიდველი“, „რუსი მონა“ და „მოღალატე“ უწოდა. დემონსტრანტის საპროტესტო შეძახილებზე დავითულიანმა მას რამდენჯერმე მოუწოდა, გაწეულიყო, რის შემდეგაც გაღიზიანდა, ქალს ხელი ჩაავლო და ადგილიდან ძალით განარიდა.

სააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 19 წლის საბა ჯიქია დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

საბა ჯიქია 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. ჯიქიას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის პოზიციით, მან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ფეხი დაარტყა სხეულის არეში. საქმეში დაზარალებულად ცნობილი გდდ-ის თანამშრომელი ბექა გოტიაშვილი თავად აცხადებს, რომ დაზიანება არ მიუღია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ანი ჩრდილელს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

პროტესტის აქტიურ მონაწილეს, აქტივისტ ანი ჩრდილელს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩრდილელს 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარედ საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.

აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. ამავე ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც  ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

აქტივისტების მიმართ ყადაღის გამოყენების პრაქტიკა გრძელდება

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას და აქვეყნებს ფოტოს, რომლის მიხედვითაც აღსრულების ეროვნული ბიურო მას ატყობინებს, რომ მის საბანკო ანგარიშებზე ყადაღაა დადებული. დოკუმენტის თანახმად, ყადაღის ოდენობა 5350 ლარს შეადგენს. 

აქტივისტს დამატებითი განმარტება არ გაუვრცელებია, თუმცა არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ საქმე ეხება გზის გადაკეტვის ბრალდებასთან დაკავშირებულ ჯარიმებს. ბოლო პერიოდში არაერთი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც აქტივისტები ჯარიმების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ იყვნენ და ამის შესახებ მხოლოდ ანგარიშებზე ყადაღის დადების შემდეგ შეიტყვეს.

ამავე კონტექსტში, სოციალურ ქსელში წერს მწერალი ბექა ქურხულიც: „ჩვენმა “ღირსეულმა მთავრობამ” უკრაინის ომში, დონეცკის ოლქში, საბრძოლო ზონაში მყოფს დამიყადაღა საბანკო ანგარიში! ჯერ საკუთარ ქალაქში, საკუთარ რუსთაველის პროსპექტზე დგომისა და მათგან უღმერთოდ გამეტებული და დალეწილი ბავშვების გამოსარჩლების გამო, 35 000 ლარით დამაჯარიმეს, მერე როგორც კი გაიგეს რომ ომში ვარ, მაშინ დამაყადაღეს“, – წერს ქურხული.

ზვიად რატიანს  სასჯელის მოხდის პირობები დაუმძიმდა

პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც 23 ივნისის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება და სასჯელს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, სასჯელის მოხდის პირობები დაუმძიმდა,  მას ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შეუცვალეს. ნახევრად ღია რეჟიმი პატიმარს სასჯელის კოლონიურ ღია სივრცეში მოხდის შესაძლებლობას აძლევს, მაშინ როდესაც დახურული რეჟიმი სრულ იზოლაციას, მათ შორის პაემნების მნიშვნელოვნად შემცირებას გულისხმობს. რატიიანის განცხადებით, იგი ისედაც დაკავების დღიდან ფაქტობრივად დახურულ პირობებში იმყოფება და უკვე ექვსი თვეა სამარტოო საკანშია განთავსებული.

რატიიანი წერს, რომ 6 აპრილს პენიტენციურმა დაწესბეულებამ აცნობა, თითქოს ის „საშიშროების მომეტებული რისკის“ მქონე მსჯავრდებულია, რის საფუძველზეც რეჟიმი შეეცვალა. მისი განმარტებით, რეალურად უკვე თვეებია, პრაქტიკულად დახურულ პირობებში, მათ შორის სამარტოო საკანში იმყოფება.

„როგორც ჩანს, მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემანების კიდევ უფრო შემცირება იყო… მაგრამ „საშიშროების მომეტებული რისკი“ რა არის ჩემს შემთხვევაში ეს არის მთავარი კითხვა“, – წერს რატიანი. მისივე განცხადებით, მას არ ჰქონია კონფლიქტი არც პატიმრებთან და არც დაწესებულების თანამშრომლებთან. გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელებული „რისკის შეფასებას“ კი „საიდუმლო სხდომის ოქმს“  ეფუძნება. ზვიად რატიანმა ღია წერილით მიმართა იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას და პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას, სადაც ითხოვს განმარტებას, რა საფუძვლით იქნა მიჩნეული „მომეტებული რისკის“ მქონე პირად.

ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. 9 ოქტომბერს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.