ტროტუარზე დგომისა და გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეებზე გიორგი სავანელსა და თათა ფერაძეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი სავანელს ტროტუარზე დგომის გამო 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

8 მაისს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სავანელის ადვოკატი აიჰან ჰასანლი წერდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეში ერთადერთი „მტკიცებულება“ უკანონოდ აქვს მოპოვებული. ადვოკატის შეფასებით, საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ ეხება და კონსტიტუციით დაცულ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას უკავშირდება. მისი თქმით, სასამართლო სხდომაზე მსჯელობა ძირითადად ერთგვერდიან „დათვალიერების ოქმსა“ და „პატაკს“ შეეხებოდა. ადვოკატის განცხადებით, როდესაც მოქალაქეს ტროტუარზე დგომის, შეკრებაში მონაწილეობისა და საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვის გამო ასამართლებენ, საქმე მხოლოდ ადმინისტრაციულ ოქმს აღარ ეხება და თავისუფლების საკითხს უკავშირდება.იმავე დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ პარტია „დროას“ წევრს, თათა ფერაძესაც ტროტუარზე გამვლელთა შეფერხებისა და გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეზე 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. თათა ფერაძე სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. ის გადაწყვეტილების აღსრულებას პარტიის ოფისში ელოდებოდა, საიდანაც მოგვიანებით დააკავეს.

გიგა მაქარაშვილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გიგა მაქარაშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, სიტყვიერ შეურაცხყოფას შეიცავდა.

საქმის მასალებში წარმოდგენილია მართლწესრიგის უფროსი ოფიცრის, კორნელი კირცხალიას მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ოქმის მიხედვით, „2026 წლის 3 აპრილს მოქ. გიორგი მაქარაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუკის საშუალებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს“.

სასამართლომ მაქარაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მის მიმართ სანქციის სახით 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა.

უწყვეტი პროტესტის მონაწილეს ტროტუარზე დგომის საქმეზე 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილე ბაჩანა აფხაზავას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო აფხაზავას პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით. ამ მუხლით სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

“ეხო კავკაზამ” მუშაობა შეწყვიტა

პირველ მაისს, რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანმა სამსახურმა „ეხო კავკაზამ“, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საკითხებს აქტიურად აშუქებდა, მუშაობა შეწყვიტა. განცხადება ამის შესახებ მედიამ 3 მაისს გაავრცელა.

მუშაობის შეწყვეტის მიზეზად რესტრუქტურიზაცია დასახელდა.

„ეს ზომები მიიღება იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ RFE/RL-ის პოზიცია, როგორც გავლენიანი, აქტუალური და ფისკალურად პასუხისმგებლიანი ორგანიზაციისა. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ერთგულებას სიღრმისეული ჟურნალისტიკის მიმართ — განსაკუთრებით საგამოძიებო და ანალიტიკური რეპორტაჟების მიმართულებით. რესტრუქტურიზაციის პროცესში, ჩვენ ვემშვიდობებით ზოგიერთ მართლაც ნიჭიერ კოლეგას, რომლებმაც წლები მიუძღვნეს RFE/RL-ის მისიას,“ განაცხადა RFE/RL-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა.

“ეხო კავკაზა” 2009 წლიდან მუშაობდა და აშუქებდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებს .

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის  სანქცირებული ტელეკომპანია “იმედი” გურამ როგავას დისკრედიტაციას ცდილობს 

2026 წლის 10 მაისს, დეზინფორმაციისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ საქნცირებულმა ტელეკომპანია “იმედმა” ჟურნალისტ გურამ როგავას წინააღმდეგ დისკრედიტაციული  პოსტი გამოაქვეყნა. ტელეკომპანია “იმედი” გურამ როგავას “ნაცმოძრაობის პროგაპაგანდისტს” უწოდებს. 

2024 წლის 29 ნოემბერს, პრო-ევროპული აქციების გაშუქების დროს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სპეცრაზმელმა გურამ როგავაზე იძალადა და კეფაში ძლიერად ჩაარტყა.

“მთის ამბების” რედაქტორს თავს დაესხნენ

„მთის ამბების“ რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ 9 მაისს მას თავს დაესხა, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მარგებაძე. 

„ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, „ქართული ოცნების“ მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს“, – წერს გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.

შემთხვევა გადაცემა „ღია სივრცის“ დასრულებისთავანე მოხდა, სადაც ჰესებთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ სტუმრად იყო მიწვეული გიორგი მარგებაძე. გადაცემის წამყვანი ნინო ზაუტაშვილია. სტუმრად მiწვეული იყო “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი. 

მთივლიშვილის მიმართვის საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს “მედიის ადვოკატირების კოალიცია”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი ხდება მუქარის, ზეწოლისა და ძალადობის სამიზნე. წლების განმავლობაში, მის წინააღმდეგ არაერთი აგრესიული კამპანია მიმდინარეობდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. დაუსჯელობა და ფორმალური მართლმსაჯულება არა თუ ვერ უზრუნველყოფს ჟურნალისტების დაცვას და ძალადობის ეფექტიან გამოძიებას, პირიქით,  ახალისებს მსგავს დანაშაულებს და მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო საშიშ გარემოს ქმნის”- წერია განცხადებაში.

საპროტესტო აქციების მონაწილეებს ტროტუარისა და გზის გადაკეტვის საქმეებზე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილეთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. საქმეები ტროტუარის ან გზის სავალი ნაწილის სავარაუდო გადაკეტვას უკავშირდება.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ განიხილა ანი ფრიდონაშვილის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 17 დეკემბერს ტროტუარის გადაკეტვას ედავებოდა. სასამართლომ ფრიდონაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

პარტია „ახალის“ წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაჩანიძეს 18 დეკემბერს ტროტუარის გადაკეტვას ედავებოდა.2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, თამუნა გიორგაძეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგაძეს 17 დეკემბრის აქციაზე ტროტუარზე დგომას, ხოლო 7 თებერვლის შაბათის მარშის დროს საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა. ორივე საქმე ერთობლივად იქნა განხილული.

თბილისში ორი დემონსტრანტი გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეზე სამართალდამრღვევებად ცნეს

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ორი დემონსტრანტის, ნესტან მამაცაშვილისა და ნათია გოფოძის, საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა 31 იანვარს, შაბათის მარშის დღეს, გზის სავალი ნაწილის სავარაუდო „ხელოვნურად გადაკეტვას“.

მამაცაშვილისა და გოფოძის საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა. სასამართლომ ორივე დემონსტრანტი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ნესტან მამაცაშვილს, როგორც მცირეწლოვანი შვილების დედას, ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდა და მის მიმართ სანქციის სახით 5,000-ლარიანი ჯარიმა განისაზღვრა. ნათია გოფოძეს კი სასამართლომ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

საპროტესტო აქციების მონაწილეთა ადმინისტრაციული პატიმრობის ახალი შემთხვევები 

თბილისში საპროტესტო შეკრებების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავებებისა და პატიმრობის შეფარდების ახალი შემთხვევები ფიქსირდება. 5 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა იმ საქმეებზე, რომლებიც, გზის სავალ ნაწილზე ან ტროტუართან დგომას/გადაადგილების შესაძლო შეფერხებას უკავშირდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ აქტივისტი დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ქაშიაშვილი სასამართლოს დარბაზიდან პირდაპირ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში არ ფიგურირებს არცერთი დაზარალებული პირი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ქაშიაშვილის ქმედებამ გადაადგილებაში ხელი შეუშალა. ასევე არ არის წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს დაადასტურებდა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სამოქალაქო აქტივისტ ნინო პეტრიაშვილს, რომელიც 13 წლის შვილის დედაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებოდა. უწყების პოზიციით, 7 თებერვალს, შაბათის მარშის ერთ-ერთ დღეს, მარშის დასრულების შემდეგ პეტრიაშვილი არ გადავიდა პარლამენტის წინ ტროტუარზე და 21:00 საათის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში გზის სავალ ნაწილზე იდგა.

სასამართლო სხდომაზე ნინო პეტრიაშვილმა განმარტა, რომ ის თითქმის ყველა მარშს ესწრება და პოლიციის მოწოდების შემთხვევაში, როგორც წესი, ტროტუარზე გადადის. მისი თქმით, 7 თებერვალს პოლიციის მხრიდან მკაფიო მოწოდება არ ყოფილა, რის გამოც მონაწილეებმა ჩათვალეს, რომ ადგილზე დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდათ. პეტრიაშვილის შეფასებით, სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება 7 თებერვლის ეპიზოდზე არაერთი ადამიანის პასუხისგებაში მიცემა.

ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ასევე მოძრაობა „ერას“ წევრს, მსახიობ თამარ თევზაძეს. თევზაძე სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პოლიციამ იგი ქუჩაში დააკავა და ხელბორკილები დაადო. არსებული ინფორმაციით, მას 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა საქმეზე, რომელიც ასევე ტროტუარზე/გზის სავალ ნაწილთან დგომას უკავშირდება.

სამოქალაქო აქტივისტი თამუნა კირტავა გზის გადაკეტვის საქმეზე 5,000 ლარით დაჯარიმდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო აქტივისტი თამუნა კირტავა 31 იანვარს, „შაბათის მარშის“ დღეს, გზის გადაკეტვის საფუძვლით 5,000 ლარით დააჯრიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოაცხადა.

საქმე ადმინისტრაციული წესით განიხილებოდა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისთვის ცნობილი გახდა, რომ კირტავას 11 წლის შვილი ჰყავს და კანონმდებლობა მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას არ ითვალისწინებს, უწყებამ სასამართლოს მისი დაჯარიმება მოსთხოვა.

 „[..] მე რომ აქ ვზივარ, ეს არის უკვე უსამართლობა. შეგიძლიათ პატიმრობაშიც გამიშვათ. არ აქვს თქვენს გადაწყვეტილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე აქციაზე დგომის გამო ვზივარ აქ“, –  მიმართა მოსამართლეს თამუნა კირტავამ.