ფოტოგრაფ ლუკა ღვინიაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ

2024 წლის 1 მაისს, ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი საპროტესტო აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, დააკავეს. ლუკა ღვინიაშვილმა თქვა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი დღე გაატარა. 

ათმა კაცმა გამათრია, სულ სახეში მირტყეს. პირდაპირ, მიზანი იყო რომ თავში მომხვედრილიყო. უკვე, რომ მცემეს და შემაგდეს კორდონის უკან, კიდე წავიდა ანგარიშსწორება, გინება, დამცირება” – უთხრა ღვინიაშვილმა მთავარ არხს.

ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი დააკავეს

2024 წლის 12 დეკემბერს, ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი დააკავეს თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე. სასამართლომ მას შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

ლუკა ღვინიაშვილი მეგობრის სახლიდან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა. სადარბაზოდან გამოსულმა დაინახა დაბურულმინებიანი მანქანა, საიდანაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული აგრესიული პირები გადმოვიდნენ და მისკენ წავიდნენ. ღვინიაშვილი ამბობს, რომ ისინი ე.წ. ტიტუშკები ეგონა და გაიქცა. აღმოჩნდა, რომ ისინი შსს-ს თანამშრომლები იყვნენ, რომლებმაც ღვინიაშვილი დააკავეს.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილს ერთ კვირიანი პატიმრობა შეუფარდა. ფოტოგრაფს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან..
“შემთხვევის დროს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდათ, რომ ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები – არც მანქანა, არც უნიფორმა, არაფერი. არ უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გაეკიდნენ ლუკას. მაშინ, როდესაც წინა დღეებში ვნახეთ მედიასაშუალებებში, რომ სამოქალაქო პირები დევნიდნენ და სცემდნენ ადამიანებს, ლუკას შეეშინდა და გაიქცა, მივიდა საპატრულო პოლიციის მანქანასთან და პოლიციელებს სთხოვდა, მიშველეთო”, – თქვა ადვოკატმა ეკა კობესაშვილმა.

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე ამჯერად გამოცემა “ტაბულას” დისკრედიტაციას ცდილობს

2025 წლის 11 ივნისსს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ონლაინ გამოცემა “ტაბულას” “ექსტრემისტულ გამოცემას” და “პარტიულ კედლის გაზეთს” უწოდებს. პაპუაშვილის ეს განცხადებები მოჰყვა ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, საელჩომ, “ქართული ოცნების” მიერ გრანტებთან დაკავშირებული პროცედურების გაჭიანურების გამო, საარჩევნო მონიტორინგისთვის განკუთვნილი გრანტები გააუქმა. ამ საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული იყო “ტაბულა”, რომელსაც უნდა მიეღო 50 000 ფუნტი ამომრჩეველთა ინფორმირებისათვის. 

“ბრიტანეთის საელჩომ საკუთარი თავი ამხილა ექსტრემიზმის დაფინანსებაში… თქვენ ნახეთ, მათ შორის თავის თავი დაასახელა “ტაბულამ”, რო მას უნდა მიეღო დაახლოებით 200 000 ლარი საარჩევნო საკითხებისთვის და ასევე, გასაჯაროვდა ის ორგანიზაციები, ვის დაფინანსებასაც აპირებდა. დიდი ხანი სულ ვფიქრობდი, სხვათა შორის, ვინ აფინანსებს “ტაბულას”. ტაბულა ეს არის ჩვეულებრივი პარტიული, პროპაგანდისტული კედლის გაზეთი, ეს არის ერთი კონკრეტული პარტიის პროპაგანდისტული კედლის გაზეთი, თავისი შინაარსით, ამას დიდი მონიტორინგი და დაკვირვებაც არ სჭირდება, უბრალოდ რომ გადაავლოთ თვალი, ნახავთ, რომელი პარტიის პროპაგანდას ეწევა ეს მედია პლატფორმა. ანუ, ბრიტანეთის საელჩო აღიარებს, რომ ის აპირებდა პროპაგანდა დაეფინანსებინა წინასაარჩევნოდ”, – განაცხადა პაპუაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში. 

პაპუაშვილი მეორე დღესაც გამოეხმაურა ამ საკითხს სოციალურ ქსელში. მან გამოცემა “ექსტრემიზმის პროპაგანდაში” დაადანაშაულა და ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან “ტაბულას” დაფინანსების გამოცდილებით დაინტერესდა.

შალვა პაპუაშვილს გამოცემის რედაქტორმა სარედაქციო წერილით უპასუხა.  წერილში ხაზგასმულია გამოცემის მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა და ნათქვამია, რომ  “რეჟიმის თავდასხმებს” “ტაბულა” მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობად განიხილავს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შალვა პაპუაშვილი დამოუკიდებელ მედიას თავს ესხმის დისკრედიტაციისა და დაშინების მიზნით. 2025 წლის 19 მაისს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გამოცემები “პუბლიკა” და “On.ge” პროპაგანდისტულ მედიებად მოიხსენია და კოორდინირებულ ქმედებასა და ფაქტის მიჩქმალვაში დაადანაშაულა.  

განახლება: 2025 წლის 25 ივლისს შალვა პაპუაშვილმა “ტაბულა” კიდევ ერთხელ ახსენა:

მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას და ქართველი ხალხის მიმართ მსგავს შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი საკუთარ ქცევაზე გასცემდა ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვას პასუხს: რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ევრონაცების “ტაბულას” და ნაცების “გია ჯაფარიძის” დაფინანსებას, რომელთა გაცხადებული მიზანი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა, ანუ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელთა მიზანია “საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტება, შუღლის დათესვა და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შეფერხება”, –დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში

“ქართული ოცნების” მიერ მედიის წინააღმდეგ მიღებული კანონი “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” [FARA]

2025 წლის 1 აპრილს, “ქართული ოცნების” პარლამენტმა “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ [FARA] დაამტკიცა

ახალი კანონით, შემოდის ტერმინი “უცხოური პრინციპალის აგენტი”. ასეთი კი, კანონის განმარტებით, შეიძლება იყოს მათ შორის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც “უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოქმედებს”. 

კანონის მოთხოვნით, რეგისტრაციის განცხადება უნდა წარედგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც კანონი ანიჭებს, ფართო უფლებამოსილებას. მათ შორის, ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის უფლებას “ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე”. 

განსხვავებით მედიის შემზღუდავი სხვა კანონებისგან, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტმა მიიღო, FARA-ს მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს, როგორც ფინანსურ სანქციებს, ასევე ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

FARA-ს მიღება შეფასდა, როგორც დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შემზღუდავი კანონი. 

“ქართულ ოცნებას“, ერთი შეხედვით, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების კონტროლისთვის აშკარად შეუსაბამო FARA-ს გადმოღება კანონში გათვალისწინებული მკაცრი სისხლის სამართლებრივი მექანიზმების და ინდივიდუალურ დონეზე კანონის სელექციური და პოლიტიკური მოტივებით გამოყენების გამო სურს. ამაზე ღიად მიუთითებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მამუკა მდინარაძე. მმართველ გუნდს FARA-ს კანონის გამოყენება საქართველოში, ამერიკული რეალობისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი სასამართლოს და გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის მყარად დამკვიდრებული გარანტიების გარეშე ესახება და წარმოუდგენია, რომ ამერიკული სახელდების კანონის ინსტრუმენტალიზებას სამოქალაქო საზოგადოების დაზიანებისთვის გამოიყენებს” – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “ევრონიუსის” ჟურნალისტი დავით კეკენაძე დააჯარიმეს

დავით კეკენაძე, საერთაშორისო მედიაკორპორაციის, „ევრონიუსის“ ჟურნალისტი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა. პოლიცია მას 3 იანვარს გამართულ პროევროპულ აქციაზე გზის გადაკეტვას ედავება.

„ქართულმა ოცნებამ“ ჯარიმების მოცულობა, 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული პროევროპული აქციების ფონზე გაზარდა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ავტომობილის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტისთვის ჯარიმა გაათმაგდა და 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარამდე გაიზარდა.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “მთავარი არხის” ჟურნალისტი ალექსანდრე საჯაია დააჯარიმეს

2025 წლის 4 იანვარს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებიანმთავარი არხის“ ჟურნალისტ ალექსანდრე საჯაიასაც.

„ქართულმა ოცნებამ“ ჯარიმების მოცულობა, 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული პროევროპული აქციების ფონზე გაზარდა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ავტომობილის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტისთვის ჯარიმა გაათმაგდა და 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარამდე გაიზარდა.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი დააჯარიმეს

2024 წლის 10 ნოემბერს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებულ აქციაზე, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო ედავება პოლიცია. 

“მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა პოლიციაში წარადგინა სრული დოკუმენტაცია, რომ ის ჟურნალისტია და 10 ნოემბერს აქციის გასაშუქებლად იყო სანაპიროზე, ცოტა ხნის წინ, შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაინც გადაიგზავნა, თუმცა, მოსამართლის ავადმყოფობის გამო, პროცესი გადადებული იყო. ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ სალომე ჩადუნელის საქმე სასამართლოდან გამოითხოვა. თუმცა, ამის წერილობითი დასტური მას ჯერ არ მიუღია” – წერს “რადიო თავისუფლება”.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი დააჯარიმეს

რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, პოლიცია გზის “ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება რუსთაველის გამზირზე, 22 იანვარს. იმ დღეს, ქევანიშვილი ოპერატორთან ერთად ვიდეოს იღებდა. 

“დოკუმენტაცია, რომ ის ნამდვილად “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტია და იმ დღეს რედაქციის დავალებას ასრულებდა, პოლიციაში უკვე წარადგინა. თუმცა, შეტყობინება, შეწყდა თუ არა მის წინააღმდეგ სამართალწარმოება, ჯერ არ მიუღია” – ნათქვამია “რადიო თავისუფლების” სტატიაში.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით მედია “აპრილის”  ფოტოკორესპონდენტი დააჯარიმეს

მედია “აპრილის” ფოტოკორესპონდენტს, ვახო ქარელს შსს „უკანონოდ გზის გადაკეტვას“  ედავება. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, “დადგენილი ფაქტია”, რომ ვახო ქარელი 26 იანვარს იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე. ფოტორეპორტიორის რეპლიკას, რომ ნამდვილად იქნებოდა, რადგან ჟურნალისტია, შსს-ს წარმომადგენელმა ასე უპასუხა: “ეს თქვენ უნდა ამტკიცოთ, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ, რის მიხედვითაც უკვე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას”.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “ტაბულას” ჟურნალისტი დააჯარიმეს

2025 წლის 4 თებერვალს სამართალდამცავი ორგანოებიდან დაუკავშირდნენტაბულას“ ჟურნალისტს, ნიკოლოზ ჭირაქაძეს, და შეატყობინეს, რომ 17 იანვარს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყოფნის დროს, მან „დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები“, რის გამოც მოუწევს სამართლებრივი პროცედურების გავლა. „ტაბულას“ ინფორმაციით, ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.