სამოქალაქო აქტივისტი გოტა ჭანტურია სოციალურ ქსელში წერს, რომ იუმორისტი დავით როსტომაშვილი ზესტაფონის სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის. იუმორისტი აქტივისტს მისი მისამართით სიტყვა “მევახშის” გამოყენებას ედავება.
ამ საჩივრის შესახებ გოტა ჭანტურიამ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტისგან შეიტყო, რომელიც კომენტარისთვის დაუკავშირდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მისმა მოძრაობამ, “სოციალ-დემოკრატებმა”, პარტიად რეგისტრაციაზე შეიტანა განაცხადი. აქტივისტი აღნიშნულ სამართლებრივ დავას ამ ფაქტს უკავშირებს.
ჭანტურიას მონაყოლით, საქმე ეხება თერჯოლაში, დავით როსტომაშვილის მიერ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას, რომელსაც ადგილობრივები აპროტესტებენ. აქტივისტი წერს, რომ მას შემდეგ რაც ადგილობრივები დაუკავშირდნენ, ჩავიდნენ ადგილზე და ვიდეომასალა მოამზადეს. ამ ვიდეოში იყენებს აქტივისტი სიტყვა “მევახშეს”.
“ბევრგან ვიკითხე და ბევრგან დამიდასტურეს მისი კავშირები მევახშეობასთან. ზოგი შეიძლება მზად იყოს საჯაროდ საუბრისთვის, ზოგიც – არა. თქვენც შეიძლება გქონდეთ ეს ინფორმაცია და იცოდეთ ამის შესახებ, იმდენად საქვეყნოდ ცნობილი ინფორმაციაა. სხვა თუ არაფერი, რეესტრშიც მარტივად გადასამოწმებელი მგონია. ცხადია, ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას და მოძრაობის პარტიად გარდაქმნას ვუკავშირებ. აბა, სხვა მხრივ დავით როსტომაშვილს რატომ უნდა აწყობდეს, რომ მთელმა ქვეყანამ ისევ მის საქმიანობაზე ისაუბროს”, – წერს აქტივისტი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო სექტორი საქართველოს მტრად მოიხსენია, პროევროპული საპროტესტო აქციები კი ანტიქართულ აქციად.
“მიაკვლიეთ, ვინ დააფინანსა ეს კონკრეტული ანტიქართული აქცია, ვინ მისცა ფული საია-ს და ბაია პატარაიას – როგორც კი ფულის წყაროს ნახავთ, ნახავთ თუ ვინ მტრობს საქართველოს! – ამ განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვარშავაში გამართულ ეუთოს კონფერენციას, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ონიანი და „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ესწრებოდნენ. ბაია პატარაია ამ შეხვედრას საპროტესტო ბანერით ესწრებოდა.
ამ ამბავს ეუთოს წევრი ქვეყნები გამოეხმაურნენ. მათ შალვა პაპუაშვილს შეახსენეს, წევრი ქვეყნების ქცევის კოდექსი. “შეშფოთებული ვართ ქართველი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ ამ კონფერენციაში მათ მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოთქმული კომენტარებით, აგრეთვე, ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციის მონაწილე სხვადასხვა უფლებადამცველისგან მიღებული ცნობებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეუთოს ღონისძიებებში უსაფრთხო მონაწილეობა, ყოველგვარი საპასუხო ზომების გარეშე“, – განაცხადა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, შვეიცარიის წარმომადგენელმა.
რუსული დეზინფორმაციისთვის ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული, პროსამთავრობო ტელეკომპანია “იმედი” ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” დისკრედიტაციას ახდენს და გამოცემას “ნაცმოძრაობის” პროპაგანდის ინსტრუმენტად მოიხსენიებს.
“პუბლიკა” თავდასხმის სამიზნე გახდა ერთ-ერთი პატიმრის მშობლების მიერ, რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გამართული აქციის გაშუქებისთვის. 2 ოქტომბერს რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია გამართეს პატიმარ გიორგი დავითაძის მშობლებმა, რომლებიც პენიტენციურ სისტემას შვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. “პუბლიკა” ამ აქციას აშუქებდა და სოციალურ ქსელში ათავსებდა ფოტოებს აქციიდან.
“იმედს” აღებული აქვს “პუბლიკის” ფოტორეპორტაჟი, გვერდით მის მიერ გადაღებული ისეთი ფოტო აქვს განთავსებული,სადაც აქციაზე ცოტა ადამიანი ჩანს და წერს: “როგორ აშუქებს ნაცმოძრაობის პროპაგანდის ინსტრუმენტი “პუბლიკა” აქციას” და “რა ხდება სინამდვილეში”.
ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც სამთავრობო მედია “ქართული ოცნების” თანამდებობის პირების მხადამხარ დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას ეწევა.
საპროტესტო აქციების მონაწილე სერგეი ყანჩელი ამბობს, რომ 27 სექტემბერს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციელებმა კუკიის სასაფლაოს მიმდებარედ გააჩერეს, შემდეგ კი სასაფლაოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ემუქრებოდნენ ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით. აქტივისტის განცხადებით, მას ასევე აიძულებდნენ სექსუალური ხასიათის ქმედების შესრულებას.
სერგეი ყანჩელი პოლიციის მხრიდან ძალადობას თავის სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს. მომხდარის გამო აქტივისტი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.
8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
6 ოქტომბერს, დამოუკიდებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი თეონა ჭალიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა „საქართველოს რადიოს“ წინასწარ შეთანხმებული გადაცემიდან ჩახსნა, გადაცემა კი ეთერში საერთოდ აღარ გაუშვა.
ვიდრე წინასწარ დაგეგმილ და შეთანხმებულ გადაცემაში მონაწილეობაზე უარს ეტყოდნენ, თეონა ჭალიძე მაუწყებლის შენობასთან მიმდინარე, პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა. მან საპროტესტო ბანერი – „არა წამებას!“ და „დაუთმეთ ეთერი პატიმრების მშობლებს“ – ტელევიზიის ეზოშიც გაშალა.
აქტივისტი ჰყვება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს გადაცემაში პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე უნდა ესაუბრა. თემაც და სტუმრობაც გადაცემის წამყავნა წინა დღეს შეუთანხმა. იმ დღეს, გადაცემაში მისულს, შენობის ფოიეში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ “მაღლაფერიძეს თავის მოსაზრებები ჰქონდა. მითხრა, რომ არ აპირებს აქციების ორგანიზატორებთან რაიმე კომუნიკაციას, ან აქციებით დაყენებული მოთხოვნების შესრულებას. ბოლოს, რომ დავასრულეთ საუბარი, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გადაცემის პროდიუსერს უთხრა: „აქციას გიწყობს და ეთერში იწვევ?“- იხსენებს აქტივისტი. ამის შემდეგ მას განუცხადეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოგადაცემაში სტუმრად დაბლოკილია და უკან გამოაბრუნეს.
პროსამთავრობო მედია, ტელეკომპანია “იმედი”, ნინო დოლიძის, გიორგი ბურჯანაძისა და გიორგი ონიანის სტრასბურგში ვიზიტს გამოეხმაურა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდნენ.
„ქრონიკის“ მასალაში ვიზიტი დისკრედიტაციულ კონტექსტში გაშუქდა და შეფასდა როგორც „ნაცნობი სცენარი“ და „საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“ მოქმედება. სიუჟეტში ითქვა, რომ ალენ ბერსესთან შეხვედრის თემა, მათივე „მისაღებ მედიაში“ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, კვლავ „სანქციები და სადამსჯელო მექანიზმები“ იყო.
ანალოგიური ნარატივი გაავრცელეს სხვა პროსამთავრობო მედიებმაც, მათ შორის POSTV-მ. აღნიშნულ მასალებში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი და საერთაშორისო შეხვედრები კვლავ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად და სანქციების მხარდაჭერის მცდელობად იყო წარმოჩენილი.
ამგვარი გაშუქება სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების საერთაშორისო ადვოკატირებას ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად წარმოაჩენს. მასალა იმეორებს ნარატივს, რომლის მიხედვითაც კრიტიკული სამოქალაქო აქტორების საქმიანობა არა დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ, არამედ სახელმწიფოს დაზიანებისკენ არის მიმართული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თეონა ბაღდავაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 1,500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმე სოციალურ ქსელში ნათია ბერიძის მიმართ სავარაუდო სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება თეონა ბაღდავაძის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც POSTV-ის წარმომადგენელი ნათია ბერიძე მას კითხვებს უსვამს და საუბრისას ბაღდავაძის გარდაცვლილ დას ახსენებს. ბაღდავაძემ ვიდეოს თან დაურთო კომენტარი, რომელშიც ბერიძის ქცევა „ამაზრზენად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სახელით მანიპულირებდა.
საქმე შსს-ს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ აღძრა. სამმართველომ მასალები სასამართლოს გადასცა, რის შემდეგაც სასამართლომ ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნია.
გამოცემა “საქართველოს ამბების” დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოცემის საიტი – sakartvelosambebi.ge კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა.
მთივლიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც მათი ვებგვერდები გატეხეს. “ვვარაუდობთ, ასე მარტივად იმიტომ გვერევიან, რომ საიტები ძველ ძრავებზეა აწყობილი. მინიმალური რესურსების გამო შესაბამისი პროგრამული განახლებები ვერ უზრუნველვყავით, რამაც თავდამსხმელებს საქმე გაუადვილა. ძალიან ამოგვიჩემეს და გვარიანადაც გვაზიანებენ”, – წერს მთივლიშვილი.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში დამოუკიდებელ კრიტიკულ გამოცემებსა და მათ პლატფორმებზე შეტევამ აქტიური სახე მიიღო. საგამოძიებო მედია “მონიტორი”, ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა ასეთი კიბერთავდასხმის სამიზნე.
2026 წლის 1 ოქტომბერს, “მაუწყებლობის შესახებ კანონის” დარღვევის მოტივით, კომუნიკაციების კომისიამ მესამედ დააჯარიმა ტელეკომპანია “ფორმულა”, ამჯერად, 10 000 ლარით.
კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, საუბარია 14-16 სექტემბრის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ “დარღვევებზე”. უწყება არხს შინაარსობრივი რეგულირების დარღვევაში უთვლის პირდაპირ ეთერებსა და სიუჟეტებში შეფასებითი ტერმინების გამოყენებას. რა ტერმინებზეა საუბარი, ამჯერად, კომუნიკაციების კომისიას ოფიციალურ განცხადებაში არ დაუსახელებია. თუმცა, წინა ორ შემთხვევაში არხი ჯარიმდებოდა ისეთი სიტყვების გამოყენებისთვის, როგორიცაა: “„ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონები“ და „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლების შინაარსის მონიტორინგი დაიწყო, “ფორმულას” წინააღმდეგ ოთხჯერ დაიწყო მოკვლევა. პირველ შემთხვევაში არხს წერილობითი გაფრთხილება მისცეს, მეორე შემთხვევაში არხი 2 500 ლარით დაჯარიმდა, მესამე წარმოება 5 000 ლარიანი ჯარიმით დასრულდა. ვინაიდან ეს მეოთხე შემთხვევა იყო, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, არხს უნდა დაკისრებოდა ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, ან არანაკლებ 10,000 ლარის ოდენობისა. შესაბამისად, მესამე ჯარიმა 10 000 ლარით განისაზღვრა.
ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანს, ვახო სანაიას მეორედ ემუქრება ადმინისტრაციული პატიმრობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო. საუბარია Facebook-ში გამოქვეყნებულ ორ სარკასტულ პოსტსა და ერთ ვიდეოზე, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ეხება. ერთი პოსტი დაპატიმრებამდე რამდენიმე წუთით ადრეა დაწერილი (22 ივლისს), მეორე კი ციხიდან გამოსვლის შემდეგ (5 აგვისტოს).
ჟურნალისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება შსს-ს “სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველომ” დაიწყო. ეს სამმართველო ერთ-ერთი ბერკეტია ხელისუფლების ხელში, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და მას პროაქტიულად იყენებს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასასჯელად. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
შალვა პაპუაშვილის შესახებ სტატუსების გამო, ვახო სანაია ერთხელ უკვე იყო ადმინისტრაციულ პატიმრობაში – 22 ივლისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მას 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულმა სამმართველომ, კრიტიკული პოსტების გამო, არაერთი სამოქალაქო აქტივისტი დაასანქცირა ან შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.