2025 წლის ოქტომბერში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული რეპრესიული პრაქტიკა კიდევ უფრო გამკაცრდა. მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დოკუმენტირებული 18 ინციდენტი ცხადყოფს, რომ თვის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდა აქციის მონაწილეების როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი დევნა. სასამართლოებმა არაერთ პირს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივი დაკავებები დაიწყო გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით.
ამავე პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მნიშვნელოვნად გაამკაცრა. პარალელურად, დაფიქსირდა აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმის შემთხვევაც.
ინციდენტები:
2025 წლის 1-ლ ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ აქტივისტს, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ხასაიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აქტივისტი შსს-ს წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს დააკავეს. ადვოკატის განცხადებით, საქმე ეხება 1-ლ სექტემბერს, სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელშიც გელა ხასაიასთვის უცნობი პირები მონაწილეობდნენ და რომელსაც ხასაია შეესწრო. ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ გელა ხასაიას პოლიციის განყოფილებაში ყოფნის პერიოდში, მასზე მიმდინარეობდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ფურცელაძის თქმით, ხასაიას ერთ-ერთმა პოლიციელმა შეახსენა ეპიზოდი, სადაც სამართალდამცავი დაჰპირდა, რომ ხასაიას „სისხლის სამართლის წესით დააკავებდა“.
2025 წლის 3 ოქტომბერს, მეტეხის ხიდზე განცხადების გასაკეთებლად შეკრებილ სტუდენტებს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია. თავდამსხმელები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ არასრულწლოვან აქტივისტსაც – მას თავში სავარაუდოდ რკინის ნაჭერი ჩაარტყეს.
2025 წლის 9 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პოეტ ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა პოეტს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის საფუძველზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, თუმცა მოსამართლემ მას ბრალდება გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს დააკავეს. მან თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სილა გააწნა პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილს.
2025 წლის 16 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით მიიღო სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილები, რომლითაც დემონსტრანტებისთვის პროტესტის გამოხატვის ფორმები იზღუდება. დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:
- სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
- ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
- თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
- მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
- ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.
აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს:
- ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
- თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;
უალტერნატივოდ 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა წესდება თუ აქციის მონაწილეები დაარღევენ შემდეგს:
- იქონიებენ ცეცხლსასროლი იარაღს, ფეთქებად, ადვილაალებად, რადიოაქტიურ ნივთიერებას, ცივი იარაღს ან პიროტექნიკურ ნაწარმს;
- იქონიებენ ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
- მონაწილეობენ იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:
- სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
- იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
- არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
- ორგანიზატორის მიერ ჩადენილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია – დაისჯება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის [პოლიციის დაუმორჩილებლობა, შეურაცხყოფა] მესამედ დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება:
- პოლიციის დაუმორჩილებლობა ან შეურაცხყოფა – ჩადენილი მესამედ – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
- ჩადენილი არაერთგზის – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე
- ჩადენილი არასრულწლოვნის მიერ – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2025 წლის 16 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარმდგენის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს:
- პარტიის შექმნა;
- პოლიტიკური პარტიის წევრობა;
- პარტიის ორგანოს წევრობა;
- პარტიული თანამდებობის დაკავება;
- არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა [პასიური საარჩევნო უფლება];
- არჩეული ორგანოს წევრის/არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენა;
- პოლიტიკური თანამდებობის დაკავება;
- კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელობა;
თუ მოსარჩელე მოითხოვს, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილება ასევე გამოიწვევს:
- აკრძალული პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობას;
- სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას;
- პარტიული სიიდან პირის ამორიცხვას.
რეგისტრაციაზე უარი ეთქმება ისეთ პარტიას, რომლის სიაშიც იქნება ისეთი პირი, რომელსაც პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აკრძალული აქვს. პარტიას, რომელიც სიაში შეიყვანს ასეთ პირს, ჯარიმა დაეკისრება.
ასევე, დაუშვებელი იქნება საპარლამენტო სიებსა თუ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიებში ისეთი პირის შეყვანა, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობა აკრძალული აქვს. ცესკო ასეთ პარტიებს არც საპარლამენტო და არც თვითმმარველობის არჩევნებისთვის რეგისტრაციაში არ გაატარებს.
2025 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, გიორგი კუჭუაშვილისთვის წარდგენილი ბრალი – პოლიციელზე თავდასხმის მუხლი [სსკ-ის 353 პრიმა მუხლი], პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე გადაუკვალიფიცირა [სსკ-ის 353-ე მუხლი] და სასჯელის ზომად და სახედ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. კუჭუაშვილი 2024 წლის მაისში, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზედააკავეს, მას 2025 წლის 4 თებერვალს 4 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა. კუჭუაშვილმა ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, 26 მაისს დატოვა საპატიმრო.
2025 წლის 19 ოქტომბერის, შსს-მ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილე 12 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. დაკავებულებს შორის არიან: ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, ლევან მარგიანი, გიორგი ყიასაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, საბა ხომერიკი, ლევან ჯობავა, თორნიკე თხილავა, გელა გამყრელიძე, ვახტანგ მაჭავარიანი, ლაშა ჩხარტიშვილი, მამუკა კუპრეიშვილი. დაკავებების სერია 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებს უკავშირდება, რომელმაც მოქალაქეებისთვის პროტესტის გამოხატვის ფორმები მნიშვნელოვნად შეზღუდა.
რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით დაკავებული 12 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ოქტომბერს გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაწილს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“, ნაწილს კი აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდა.
12 დაკავებულიდან 7-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ესენი არიან:
- აქტივისტი ლარა ნაჭყებია – 4 დღე (სახის ნიღბით დაფარვა);
- აქტივისტი ნინო სვანიძე – 5 დღე (გზის გადაკეტვა);
- ფერმწერი ლევან მარგიანი – 6 დღე (გზის გადაკეტვა);
- აქტივისტი გიორგი ყიასაშვილი – 6 დღე (გზის გადაკეტვა);
- აქტივისტი დავით გოგიჩაიშვილი – 6 დღე (სახის ნიღბით დაფარვა);
- აქტივისტი საბა ხომერიკი – 8 დღე (გზის გადაკეტვა);
- აქტივისტი ლევან ჯობავა – 14 დღე (გზის გადაკეტვა);
2025 წლის 20 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის 4 მონაწილე – ნინო ბერუაშვილი, საბა ჯაფარიძე, თამარ თოთლაძე და თემო სარალიძე დააკავეს. დაკავებულების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის 20 ოქტომბერსვე გაიმართა. შსს დაკავებულთაგან 2-ს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, 2-ს – აქციაზე სახის ნიღბით დაფარვას.
სასამართლომ ოთხივე დაკავებულს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. კერძოდ:
- აქტივისტი ნინო ბერუაშვილი – 4 დღე (გზის გადაკეტვა);
- მსახიობი საბა ჯაფარიძე – 6 დღე (აქციაზე სახის დაფარვა);
- აქტივისტი თამარ თოთლაძე – 6 დღე (გზის გადაკეტვა);
- აქტივისტი თემო სარალიძე – 6 დღე (აქციაზე სახის დაფარვა).
2025 წლის 21 ოქტომბერს, შსს-მ დილიდან რუსთაველის საპროტესტო აქციაში მონაწილე პირების დაკავებები დაიწყო. დღის მანძილზე, სამართალდამცავებმა პროტესტის კიდევ 5 აქტივისტი – ბექა ქურხული, კახა მიქაია, კონსტანტინე მიქაია, ბორის კუცია და იმედა კლდიაშვილი დააკავა. ყველა მათგანს აქციაზე სახის დაფარვას ანდა „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დემონსტრაციებზე ახალი წესების დარღვევისთვის დაკავებულ ხუთ აქტივისტს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ახალი წესის დარღვევისთვის:
- ბექა ქურხულს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს;
- კახა მიქაიას – 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს;
- კონსტანტინე მიქაიას – 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს;
- იმედა კლდიაშვილს – 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
2025 წლის 22 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. სამინისტროს ცნობით, ბოლო სამ დღეში, მას შემდეგ, რაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ახალი კანონი ამოქმედდა, პოლიციამ 53 ადამიანი დააკავა, მათგან 40-ზე მეტი უკვე სამართალდამრღვევად ცნეს. მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, დოკუმენტირებულია 22 შემთხვევა. გარდა ამისა, 19-21 ოქტომბრის შუალედში შსს-მ აქტივისტებთან ერთად სამი ჟურნალისტი დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დამატებით 28 დაკავებული პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
2025 წლის 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შსს-მ ადმინისტრაციული წესით 20-მდე მოქალაქე დააკავა. დაკავებების სერია 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებს უკავშირდება, რომელმაც მოქალაქეებისთვის პროტესტის გამოხატვის ფორმები მნიშვნელოვნად შეზღუდა. შსს-მ რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე გზის უკანონოდ გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით ადმინისტრაციული დაკავებები 18 ოქტომბერს დაიწყო.
2025 წლის 22 ოქტომბერს, 48 წლის თამარ ლორთქიფანიძე, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საპატრულო მანქანაზე ასვლის გამო დააკავეს.
მოქალაქეების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თამარი, აქციის სხვა რამდენიმე მონაწილესთან ერთად, ჯერ გზის სავალ ნაწილზე ზის, შემდეგ ფეხზე დგება, ხელებს შლის და ასე ცდილობს შეაჩეროს ავტომობილების მოძრაობა. დაახლოებით ორ წუთში, თავისუფლების მოედნიდან საპატრულო ეკიპაჟის მანქანა ჩნდება კადრში, თამარი ამჯერად პოლიციის მანქანის პირისპირ, რამდენიმე მეტრში დგება და შლის ხელებს. რამდენიმე წამში კი გარბის საპატრულო მანქანისკენ, მასზე ადის და დგება სახურავზე. მალევე, თამარ ლორთქიფანიძე თავისით ჩამორბის მანქანიდან და კვლავ ხელგაშლილი დგება გზის სავალ ნაწილზე. აღნიშნული ქმედების გამო, შსს მას სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, თუმცა, საქართველოს პროკურატურამ თამარ ლორთქიფანიძეს 24 ოქტომბერს ბრალი დაუმძიმა და ახლა აქტივისტს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას ედავება.
თამარ ლორთქიფანიძეს ბრალად ედება:
- ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
- პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება, აღკვეთის ღონისძიებას, 25 ოქტომბერს, თამარ ლორთქიფანიძეს მოსამართლე ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
2025 წლის 22 ოქტომბერს, შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. 24 ოქტომბერს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ კი დაკავებულ აქტივისტს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შსს მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
2025 წლის 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შსს-მ ადმინისტრაციული წესით 20-მდე მოქალაქე დააკავა. დაკავებების სერია 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებს უკავშირდება, რომელმაც მოქალაქეებისთვის პროტესტის გამოხატვის ფორმები მნიშვნელოვნად შეზღუდა. შსს-მ რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე გზის უკანონოდ გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით ადმინისტრაციული დაკავებები 18 ოქტომბერს დაიწყო.
2025 წლის 22 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. სამინისტროს ცნობით, ბოლო სამ დღეში, მას შემდეგ, რაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ახალი კანონი ამოქმედდა, პოლიციამ 53 ადამიანი დააკავა, მათგან 40-ზე მეტი უკვე სამართალდამრღვევად ცნეს. მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, დოკუმენტირებულია 22 შემთხვევა. გარდა ამისა, 19-21 ოქტომბრის შუალედში შსს-მ აქტივისტებთან ერთად სამი ჟურნალისტი დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დამატებით 28 დაკავებული პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
2025 წლის 24 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე 23 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისა და გამზირის გადაკეტვის გამო პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან:
- ბაჩო ქიმუცაძე – “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი;
- ნათია ლეთოდიანი – პარტია „დროა“ წევრი;
- დავით მშვენიერაძე – ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტი; [6 დღიანი პატიმრობა]
- ნინო ლაღიძე – გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი;
- ზურა ცეცხლაძე – სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა
- თენგო კირთაძე – პარტია “ფედერალისტების” წევრი;
- ანუკა გამსახურდია – სამოქალაქო აქტივისტი;
- დანი მაღრაძე – სამოქალაქო აქტივისტი;
- ზვიად კვარაცხელია – მწერალი, გამოცემელი, ტელეწამყვანი.
- გიორგი ლიფონავა – რეჟისორი; ტელეკომპანია “ფორმულას“ დამფუძნებელი,
- აჩი გოჩიტაშვილი – სტუდენტი; [10 დღიანი პატიმრობა]
- ვასო ბერიძე – სტუდენტი;
- ნათია გოგავა – სამოქალაქო აქტივისტი;
- ნატალია სლეპაკოვა – სამოქალაქო აქტივისტი.
- დავით ჭკადუა – გადაცემა „წიგნების თაროს“ მეორე სტუდენტური სეზონის ჩემპიონი.
- გიორგი მელითაური [10 დღიანი პატიმრობა]
2025 წლის 29 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მასწავლებელ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა (სეკუნდა) მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე/მანდატურზე თავდასხმა) ჰქონდა წარდგენილი. მასწავლებელმა და აქტივისტმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა. აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის შესახებ განცხადება პროკურატურამ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაავრცელა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვდნენ ნინო დათაშვილის ადვოკატებიც, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში მკვეთრად გაუარესდა და მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება ხერხემლისა და კისრის არეში. დათაშვილმა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო პროცესზე მისვლა ვერ შეძლო და სხდომას დისტანციურად დაესწრო.
2025 წლის 29 ოქტომბერს, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მკვლევარ შალვა კოღუაშვილს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შსს მას 27 ოქტომბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისიწინებულ სამართალდარვევას – გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
2025 წლის 27-31 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხუთი დღის განმავლობაში რუსთაველზე საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას 29 მოქალაქე დააკავეს. შსს მათ რუსთაველის გამზირის „უკანონოდ გადაკეტვას“ ედავება, რაც 16 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო პაკეტით, გამკაცრებულად ისჯება, პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობით, ჯარიმის გარეშე.