პროსამთავრობო მედიებმა NGO-ების წინააღმდეგ ერთი და იმავე შინაარსის დისკრედიტაციული ქარდები გაავრცელეს

21 აგვისტოს პროსამთავრობო მედიასაშუალებებმა, მათ შორის POSTV-მ, „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“,  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ ერთი და იმავე შინაარსის ქარდები გაავრცელეს.

ქარდებში დისკრედიტაციულ კონტექსტში იყო წარმოჩენილი NGO-ების განცხადებები, რომლებიც ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებდნენ და მას „ანტისახელმწიფოებრივ, კრემლისტურ ნარატივებად“ აფასებდნენ. ერთობლივ განცხადებაში ორგანიზაციები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, არ აჰყოლოდნენ რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და შუღლს, ასევე საუბრობდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზ

მსგავსი შინაარსის ქარდების კოორდინირებულად გავრცელება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციული კამპანიის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს. „აგენტურისა“ და „უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების“ ფორმულირებები მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმაციის დაკნინებას, მათი საზოგადოებრივი საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენებას და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ მტრული გარემოს გაძლიერებას.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ვიდეო გავრცელდა „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ Facebook-გვერდზეც. ვიდეოში გამოყენებულია გიგაურის განცხადების ფრაგმენტი, სადაც ის საუბრობს ადამიანებზე, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ქვეყნისთვის საზიანო ქმედებებს სჩადიან. თანდართული წარწერა კი გიგაურს ისე წარმოაჩენს, თითქოს ამ შეფასებას საკუთარ თავზე აკეთებს.

კრიტიკული მედიის დისკრედიტაციის კამპანია გრძელდება

კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დისკრედიტაციული გზავნილები კვლავ ვრცელდება როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე პროსამთავრობო მედიასაშუალებების მხრიდან.

ინფრასტრუქტურის მინისტრი ხადის ხეობაში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ადგილზე, პროსამთავრობო ტელევიზიებთან ერთად იმყოფებოდა. ვიზიტი მოჰყვა „მთის ამბების“ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც პროექტის მშენებლობისას გამოვლენილ მძიმე დარღვევებს ეხებოდა. „მთის ამბების“ განმარტებით, სამინისტრომ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიას მხოლოდ წინა საღამოს მიაწოდა, რის გამოც გამოცემამ ადგილზე მისვლა ვერ შეძლო. ამის მიუხედავად, მინისტრის განცხადებები ისე წარმოჩნდა, თითქოს კრიტიკული მედია პროექტით არ ინტერესდება და მას უსაფუძვლოდ აკრიტიკებს.

პარალელურად, პროსამთავრობო რადიო „აი უცნობმა“ გაავრცელა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო, რომელშიც კრიტიკული მედიების ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრისთვის შეკითხვების დასმას ცდილობენ, ხოლო პრემიერი ამ დროს პიანინოზე უკრავს. ვიდეოს თან ერთვის ტექსტი: „პრემიერ-მინისტრი და ჟჟჟურრნალისტები – ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.

ორივე ეპიზოდი კრიტიკული მედიის მიმართ დისკრედიტაციული რიტორიკის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს. მსგავსი გზავნილები ამცირებს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ლეგიტიმურობას, მათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე დასმულ შეკითხვებს უსაფუძვლო კრიტიკად ან ხელის შეშლად წარმოაჩენს და ხელს უწყობს კრიტიკული მედიის მიმართ მტრული გარემოს გაძლიერებას. საქართველოში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია ხელისუფლების და მათთან აფილირებული აქტორების მხრიდან ტენდენციური ხასიათისაა.

ComCom-მა “TV პირველი” შინაარსობრივი რეგულირების დარღვევისთვის მეორედ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ TV პირველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომლებიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება, მეორედ დააჯარიმა. ამჯერად ჯარიმის ოდენობა 5,000 ლარია.

საქმე განიხილებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებების საფუძველზე, რომლითაც მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირება გამკაცრდა. ახალი წესები, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში პოზიციის გამოხატვის შეზღუდვას, პასუხის უფლების ახალ რეგულირებასა და ფარული ჩაწერის სტანდარტების განსაზღვრას ეხება.

მონიტორინგი 27-28 ივლისის საინფორმაციო გამოშვებებს შეეხებოდა. ComCom-ის შეფასებით, საინფორმაციო გამოშვებებში გამოვლინდა ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები. კომისიამ სადავოდ მიიჩნია ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „დიდი ნადირობა მოაწყო“, „სქროლვა-სქრინვის სააგენტო“, „ჩეჩნური ტიპის რაზმი“, „აქტივისტებზე ნადირობა“, „პოლიციას ნერვებმა უმტყუვნა“ და სხვა. კომისიამ დარღვევად შეაფასა 27 ივლისის 20:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი „ხალხის დაკავება დაიწყო“. ComCom-ის განმარტებით, ჟურნალისტის მიერ პოლიციელების საუბრის ინტერპრეტაცია „არაჯეროვანი სიზუსტით“ იყო გადმოცემული.

ამ დროისთვის შინაარსობრივი რეგულირების ფარგლებში ორ-ორი ჯარიმა აქვთ “TV პირველსა” და „ფორმულას“. თუ კომუნიკაციების კომისია “TV პირველის” მიმართ კვლავ დაადგენს დარღვევას, მას ექნება უფლებამოსილება, იმსჯელოს მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერებაზე ან დააკისროს გაზრდილი ჯარიმა –  არანაკლებ 10,000 ლარისა და არაუმეტეს კომპანიის წლიური შემოსავლის 3%-ისა.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” შეფასებით, ComCom განაგრძობს ტელევიზიებზე ზეწოლას „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი ტერმინოლოგიის გამოყენების შეზღუდვის მიზნით. ქარტია მიიჩნევს, რომ 2025 წლის მარტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ კომისია პროაქტიული მედიამონიტორინგის მექანიზმს სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს და ტელევიზიებს დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე უარის თქმას აიძულებს.

ტელეკომპანია „იმედი“ რადიო თავისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს

ტელეკომპანია „იმედმა“ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ბარათი, რომლითაც “რადიო თავისუფლების” დისკრედიტაციას ცდილობს. ქარდში მედიასაშუალება მოხსენიებულია როგორც „უცხოეთიდან დაფინანსებული რადიო თავისუფლება“ და ნათქვამია, რომ ის სასკოლო ფორმების რეფორმის გაკრიტიკებას ცდილობს.

„იმედი“ დისკრედიტაციულ კონტექსტში ახსენებს “რადიო თავისუფლების” რესპონდენტსაც, სექსოლოგ ეკა კვირკველიას, და მას „კამიტის“ საქმესთან დაკავშირებული პირის მეუღლედ მოიხსენიებს.

“იმედის” ბარათი ეხმიანება პროსამთავრობო მედიაში დამკვიდრებულ ნარატივს, რომელიც კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების „უცხოეთიდან დაფინანსებულად“ წარმოჩენასა და მათი სარედაქციო საქმიანობის დისკრედიტაციას ემსახურება.

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აქტივისტ ზურაბ მენთეშაშვილის საჩივარი

გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის გასამართლებული ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის, ჯანო ჭკადუას ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ზურაბ მენთეშაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

“საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვეტა პირდაპირ არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და საქმის საჯაროობის ფუნდამენტურ პრინციპს”, – წერს ადვოკატი

მენთეშაშვილის მხარე ზემდგომ ინსტანციაში მის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა. მენთეშაშვილი პირველი მოქალაქეა, ვისაც საპროტესტო აქციების კვალდაკვალ გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა საავტომობილო გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის. მან ციხეში 9 თვე გაატარა.

პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე დამოუკიდებელი  მაუწყებლების დისკრედიტაციას ახორციელებს 

2026 წლის 12 აგვისტოს, სამთავრობო ბრფინგზე პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიები: “ფორმულა” და “TV პირველი” არაერთხელ მოიხსენია პარტიულ ტელევიზიებად. ისინი რუსოფობიური განწყობების გაღვივებაში დაადანაშაულა, “TV პირველის” ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს კი არაერთხელ უწოდა “უცხოელი აგენტი” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტი. 

“TV პირველის” ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უთმობს პრემიერი ამდენ დროს რუსოფობიაზე საუბარს, კობახიძემ არაერთხელ გაიმეორა, რომ ამ განწყობებს შეგნებულად აღვივებენ უცხოური აგენტები და შემდეგ ამას კამპანიურად აშუქებს პარტიული ტელევიზია, მათ შორის, “TV პირველი”. 

“ამაში ხართ ჩართული თქვენ, პარტიული ტელევიზიების წარმომადგენლები, ეს არის კოორდინირებული კამპანია და ეს ყველაფერი გარედან იმართება”, – უთხრა მან ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და როდესაც მას მიმართავდა, გამუდმებით იმეორებდა ფრაზას “თქვენს პარტიაში”: “[რუსოფობიური] ბანერებით თქვენი პარტაქტივისტები ხომ დადიან პლიაჟზე? აგენტები არიან და თქვენ აშუქებთ ამას, რომ ხალხი აპროტესტებს რუს ტურისტებს საქართველოში” – უთხრა მან ჟურნალისტს. 

მესამე კიბერშეტევა “მონიტორზე” ბოლო ერთ თვეში – ამჯერად დაბლოკეს მედიის Facebook-ის გვერდი 

2026 წლის 3 აგვისტოს, დილით, საგამოძიებო მედია „მონიტორის“ ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დაიბლოკა მათი Facebook-ის გვერდი.  „მონიტორმა“ Meta-სგან მიიღო შეტყობინება, თითქოს მათ საავტორო უფლებები დაარღვიეს. მედიამ „საავტორო უფლებების დარღვევა“ კატეგორიულად გამორიცხა. 

სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი გვერდის დაბლოკვას უკავშირებს ჟურნალისტურ გამოძიებას თაღლითური ქოლცენტრების შესახებ, რომელიც  დღეს უნდა გამოქვეყნდეს. მედიას ამის შესახებ ანონსი უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა. 

Meta-სთან კომუნიკაციის შედეგად, “მონიტორის” გვერდი იმავე დღეს, საღამოს აღდგა.  

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც “მონიტორის” პლატფორმები კიბერთავდასხმის სამიზნე ხდება. 25 ივლისს გაითიშა „სტუდია მონიტორის“ YouTube-არხი, რომელიც გასაჩივრების შემდეგ აღდგა.  1 ივლისს კი, Meta-მ წაშალა რამდენიმე მასალა “მონიტორის” Facebook-ზე,  Instagram-სა და YouTube-ზე. 

საგამოძიებო მედიის ონლაინ პლატფორმების დაბლოკვა, ყველა ჯერზე, გაურკვეველი ელექტრონული მისამართებიდან შესული საჩივრების გამო მოხდა. კიბერთავდასხმები დროში დაემთხვა მედიის მიერ გამოქვეყნებულ მწვავე საგამოძიებო ფილმებს. გასული ორი ტავდასხმისას, ერთ შემთხვევაში გამოძიების თემა იყო – ონლაინ კაზინოების თაღლითური ქსელისა და მათთან დაკავშირებული სამშენებლო კომპანიების რუსული კავშირები. მეორე შემთხვევაში თბილისის მერის კახა კალაძის ოჯახსთან და მერის კორუფციულ გარგებებთან დაკავშირებული გამოძიებები. 

ამ კიბერთავდასხმების შემდეგ, “მონიტორმა” გაარკვია, რომ ონლაინ პლატფორმების დაბლოკვა მარტივად არის შესაძლებელი და თანხა, რასაც ამ მომსახრებაში იხდის დამკვეთი, 3-დან 5 ათას დოლარამდეა. მაგალითად, ეს თანხა გადაუხადეს “მონიტორის” YouTube-ს დაბლოკვაში ვინმე ადიტია სინგჰს. მან “მონიტორს” დაუდასტურა, რომ მათი YouTube-ის დაბლოკვა მას დაუკვეთეს, თუმცა, არ გაუმჟღავნა ვინ იყო დამკვეთი, რადგან რეალური კლიენტი მას სხვა „შუამავლის“ მეშვეობით დაუკავშირდა

„სტუდია მონიტორი“ მწვავე ჟურნალისტური გამოძიებებით გამოირჩევა. ამის გამო, ბოლო პერიოდში, ის არაერთხელ გახდა “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმის სამიზნეც. 

“მონიტორის” Facebook-ის დაბლოკვას მედიის დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა

2026 წლის 3 აგვისტოს, საგამოძიებო მედია “მონიტორის” YouTube-ს დაბლოკვას, “ქართული ოცნებისა” წევრებისა და პროსამთავრობო მედიების  მხრიდან, მედიის დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა. 

“Facebook-მა სტუდია მონიტორის პროპაგანდისტული გვერდი წაშალა” – ამ წარწერით გამოაქვეყნა ქარდი სოციალურ ქსელში პროსამთავრობო, რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულმა ტელეკომპანია “იმედმა”. 

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა, “იმედის” ქარდი თავის გვერდზე გადააშიარა და “მონიტორის” დაბლოკვა ჩათვალა “სამართლიან ქცევად”: “სამწუხაროდ, წლებია, „სტუდია მონიტორი“ თავს დამოუკიდებელ მედიად ასაღებს, სინამდვილეში კი ძირითადად სიცრუისა და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია… ვინც ფაქტების ნაცვლად სიცრუესა და მანიპულაციას ირჩევს, საზოგადოებას სწორედ ის აძლევს ყველაზე მეტ საფუძველს, მისი სანდოობის შესახებ კითხვები დასვას. ამჯერად ამ კითხვებზე პასუხი თავად ფეისბუქმა გასცა – „სტუდია მონიტორის“ გვერდი სოციალური ქსელიდან წაიშალა, – დაწერა ნინო წილოსანმა, რომლის შესახებ ასევე აქვს საგამოძიებო მასალა მომზადებული “მონიტორს”. 

ნინო წილოსანის ეს პოსტი უკანვე წაიღო და ახალ ამბად აქცია “იმედინიუსმა”, ასევე, იგივე სტატუსი, უცვლელად, ახალ ამბად გაავრცელეს “იმედთან” ერთად დასანქცირებულმა, პროსამთავრობო ტელეკომპანია“POSTV”-იმ და პროსამთავრობო  “რუსთავი 2”-მა.

თბილისში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზეში, დეპორტაციის საფრთხის გამო, იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა

2026 წლის 6 აგვისტოს, თბილისში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზეში, იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი დაკავება საემიგრაციო სამსახურის მიერ. ჟურნალისტი, რომელიც წლებია საქართველოში იმყოფება, 5 აგვისტოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა და დარღვეული ჰქონდა ქვეყანაში ყოფნის ვადები. 

ლასლო მეზეშის ადვოკატმა თორნიკე ჯანელიძემ განმარტა, რომ  ჟურნალისტს, საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, ქვეყნის დატოვების ვალდებულების გადავადებაზე უარი ეთქვა, რაც სასამართლოში გაასაჩივრეს. ეს სარჩელი სასამართლომ წარმოებაში თებერვალში მიიღო და ახლა მას უნდა გადაეწყვიტა, ლასლო მეზეშის ქვეყნის დატოვების ვალდებულების გადავადების საკითხი.

“მედიაჩეკერთან” საუბარში ადვოკატი ამბობს, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ დაკავების შემდეგ ჟურნალისტს შეამოწმებდნენ და გამოუშვებდნენ, რადგან, ისინი სასამართლო პროცესის მოლოდინში იყვნენ:  “შესაბამისად, მოლოდინი, რომ მისი გაძევების პროცესს დაიწყებდნენ, არ მქონია. პირიქით, მივყვებოდით სამართლებრივად ამ საქმეს. პოლიციელსაც ველაპარაკე, ავუხსენი, რომ ჩვენ სასამართლოში გვაქვს საქმე და იმ საქმის განხილვამდე მას აქვს უფლება ლეგალურად იმყოფებოდეს საქართველოში, თუმცა პოლიციელმა მიპასუხა, რომ მას მიუთითეს ლასლოს მიგრაციის სამსახურში გადაყვანა“, – უთხრა ჯანელიძემ „მედიაჩეკერს”.

ნებაყოფლობით საქართველოს დატოვების შემთხვევაში ჟურნალისტს მსუბუქი ჯარიმა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაეკისრებოდა. დეპორტის შემთხვევაში კი უფრო მწვავე შედეგი დადგებოდა. ამიტომ, საბოლოოდ, ჟურნალისტმა საქართველოს დატოვება გადაწყვიტა. ბილეთის ფული მას მოქალაქეებმა შეუგროვეს, აეროპორტში ჟურნალისტი სამართალდამცავებმა მიიყვანეს. 

ლასლო მეზეში უნგრეთში იდევნებოდა ვიქტორ ორბანის ხელისუფლების მხრიდან და ის ბოლო პერიოდში ცხოვრობდა საქართველოში. ჟურნალისტი აქტიურად იყო ჩართული და აშუქებდა კიდეც საქართველოში მიმდინარე პროევეროპულ პროტესტს. აქტიურობის გამო, იგი თავდასხმის სამიზნეც გახდა –  2025 წლის სექტემბერში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებისას, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.     

საზოგადოებრივ მაუწყებელს ადანაშაულებენ კრიტიკული ავტორის საავტორო პროექტის არქივიდან წაშლაში

ჟურნალისტი ია ანთაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საიტიდან (1tv.ge) გაქრა მისი საავტორო პროექტის “საინტერესო ადამიანების” ფარგლებში მომზადებული 350 ინტერვიუ. ია ანთაძეს საჯარო სტატუსზე არხიდან ჯერ არავინ გამოუხმაურებია, შესაბამისად, უცნობია, რატომ აღარ იძებნება მისი მასალები. 

ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე წლების განმავლობაში მუშაობდა. ბოლო რვა წლის განმავლობაში, ის ამ საავტორო პროექტზე მუშაობდა. ”საინტერესო ადამიანების” ფარგლებში, „პირველი არხის“ ვებ-გვერდზე, კვირაში ერთხელ, პორტრეტის ჟანრის ინტერვიუ ქვეყნდებოდა. ბოლო პერიოდში ია ანთაძის რესპონდენტებს შორის იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული განწყობით გამოირჩევიან. მათ შორის, პროევროპული პროტესტის მონაწილეები. 

ია ანთაძის პროექტი 2025 წლის ივლისში დახურეს, სხვა, არაერთ პროექტსა და რუბრიკასთან ერთად.