კომუნიკაციების კომისიამ “ტვ პირველი” 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 25 ივნისს “TV პირველი” დააჯარიმა. უწყება ტელეკომპანიას ედავება მაუწყებლობის შესახებ” კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას, რომლითაც 2 500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. კომისია ტელევიზიას აჯარიმებს ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის როგორებიცაა: „ოლიგარქი”, „ივანიშვილის რეჟიმი”, „არარსებული დანაშაული”, „ოცნების გამოძიება”, „ცრუ მოწმე” და სხვ.

ტელევიზიის დაჯარიმების პირველი შემთხვევა იყო 21 მაისს, ტელეკომპანია “ფორმულას” მიმართ გამოყენებული 2 500 ლარიანი სანქცია. 

ტელევიზიების დაჯარიმებას “მედიის ადვოკატირების კოალიციაც” გამოეხმაურა:

კომუნიკაციების კომისია საბოლოოდ ყალიბდება ცენზურის გამტარებელ ორგანოდ. კომისია აგრძელებს რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულებას” – წერია განცხადებაში.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, 2 500 ლარით დაჯარიმების შემდეგ კომისია უფლებამოსილია დამრღვევს, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.

პროკურატურამ “ფორმულას” ჟურნალისტი დავით ქაშიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი. მისი გამოკითხვაზე დაბარება “ფორმულას” წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.

2026 წლის 16 ივნისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კინორეჟისორის, გიორგი (გოგა) ხაინდრავას, ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. 

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ცრუ დასმენას “ფორმულას” წყაროს ედავება.

“პუბლიკის” ფოტორეპორტიორს პარლამენტმა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია არ მისცა

ონლაინ მედია “პუბლიკის” ფოტორეპორტიორს მინდია გაბაძეს პარლამენტმა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია არ მისცა. 

პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2026 წლის 16 ივნისს გაგზავნილ შესაბამისი განაცხადში „პუბლიკა“ მოითხოვდა ფოტორეპორტიორ მინდია გაბაძისთვის ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემას 22-26 ივნისის პერიოდში, რათა მას პარლამენტში ირაკლი კობახიძის ანგარიშის წარდგენის გაშუქება შეძლებოდა.

ერთი თვით ადრე, 21 მაისს „პუბლიკის“ 4 რეპორტიორს, მათ შორის მინდია გაბაძეს პარლამენტმა ერთწლიანი აკრედიტაციაც გააუქმა. მაშინ მიზეზად ის დასახელდა, რომ ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში „პუბლიკის“ აკრედიტებული ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოში არ მისულან.

იგივე მიზეზით აკრედიტაცია გაუუქმა “მონიტორის” 5 ჟურნალსიტსაც.

საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის წესების გამკაცრება 2023 წლის თებერვლიდან დაიწყო. პარლამენტში შემოიღეს უსაფრთხოების რამდენიმე ზომა, რა დროსაც, პარლამენტში არააკრედიტებულ ჟურნალისტებს შესვლა ეკრძალებათ. ასევე, შესაძლებელი გახდა ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერება, დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე. 2026 წლის 1 იანვრიდან კი  ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი ამოქმედდა, რამაც ასევე დამატებითი ბარიერები შეუქმნა ჟურნალისტებს. ყველა ეს ზომა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, არაერთხელ გამოიყენეს.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე, დეპუტატ ნინო წილოსანის შეურაცხყოფის საბაბით, 4 000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის შეურაცხყოფის საბაბით, 4000 ლარით დააჯარიმა. 

საქმე ეხება 2026 წლის ნინო წილოსანის 2 ივნისს პოსტზე შოთა თუთბერიძის მიერ დატოვებულ კომენტარს. პოსტი კანადაში ვიზიტს ეხებოდა.

შოთა თუთბერიძემ დაწერა: „მანდაც დე**ის ტ***ი უნდა გაგინონ, ნინიკო, თუ უბრალოდ ზოოპარკს ნახავთ და უცებ წამოხვალთ?” 

საჩივარი „ქართული ოცნების“ წევრს არ შეუტანია – საქმის წარმოება შსს-ის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით, რაც   გულისხმობს პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას. 

ეს, ახალი სამმართველოს წარმოებული, საჯაროდ გავრცელებული მეორე საქმეა. 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მუსიკოს მაია დარსმელიძის წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ‘ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირის, ნინო ჯღარკავას შესახებ დაწერილი პოსტის გამო. 

ახალი სამმართველო, შინაგან საქმეთა სამინისტროში, 1 ივნისიდან ამოქმედდა.  შსს-ს  განცხადებით, სამმართველოს მთავარი ამოცანა, საჯარო სივრცეში გავრცელებული, ადამიანის ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამოვლენაა, რომლებიც, შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს მოიცავდეს. 

სამოქალაქო აქტივისტი მარინე ჟვანია, ტროტუარზე დგომის გამო, სამართალდამრღვევად ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, სამოქალაქო აქტივისტი მარინე ჟვანია, ტროტუარზე დგომის გამო, სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო 69 წლის მარინე ჟვანიას 2025 წლის 17 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. ამ საქმის განხილვა დეკემბერში დაიწყო და რამდენჯერმე გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლემ საბოლოოდ,15 ივნისს გამოიტანა.

მარინე ჟვანია აცხადებდა, რომ ის ნამდვილად იდგა პარლამენტთან და აპროტესტებდა, თუმცა გამვლელებისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია. ის თავს სამართალდამრღვევად არ მიიჩნევდა.

მუსიკოს მაია დარსმელიძეს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირის შეურაცხყოფას ედავებიან

მუსიკოსი მაია დარსმელიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ “ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, ნინო ჯღარკავას შეურაცხყოფის მოტივით, სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს. მისივე თქმით, პროცესის შესახებ საჯარო კომუნიკაციის მონიტორინგის სამმართველოდან აცნობეს. “ვაშაააა, ლენტი გავჭერი. სქროლვის დეპარტამენტი დამიკავშირდა. ჯღარკმა მიჩივლა და ორი სქრინია თქვენიო” – წერს მუსიკოსი.

თავად ნინო ჯღარკავა აცხადებს, რომ მას მაია დარსმელიძის წინააღმდეგ საჩივარი ოფიციალურად არ დაუწერია. “ახლა დამირეკეს “TV პირველიდან”, ქვენ უჩივლეთ მაია დარსმელიძეს პოსტისთვისოო? ახალ სამმართველოს დაუწყია მუშაობა და ქალბატონი დარსმელიძე დაუბარებიათ სასამართლოში. მე ოფიციალურად არ მივსულვარ და არ დამიწერია საჩივარი. აქვე მოვნიშნე შინაგან საქმეთა სამინიტრო და რეაგირებაც დროულად მომხდარა, – წერს ჯღარკავა.

სასამართლო პროცესი, ამ საქმეზე, 10 ივლისსაა ჩანიშნული. ეს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო სივრცეში გაკეთებული კომენტარის გამო ახალი სამმართველოს მიერ წარმოებული პირველი საქმეა. ახალი სამმართველო, შინაგან საქმეთა სამინისტროში, 1 ივნისიდან ამოქმედდა.  შსს-ს  განცხადებით, სამმართველოს მთავარი ამოცანა, საჯარო სივრცეში გავრცელებული, ადამიანის ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამოვლენაა, რომლებიც, შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს მოიცავდეს. 

სამოქალაქო აქტივისტ თამუნა გიორგაძეს, საპროტესტო აქციაზე, უცნობი პირი დაესხა თავს

6 ივნისს, საპროტესტო აქციაზე, “შაბათის მარშზე”, სამოქალაქო აქტივისტს თამუნა გიორგაძეს უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. თავდამსხმელი საკურიერო კომპანია “გლოვის” სკუტერით იყო. თავდამსხმელი  პოცილიელებმა გაარიდეს ტერიტორიას.

გამოცემა “ბათუმელებთან” ინტერვიუში, თამუნა გიორგაძე ჰყვება, რომ მარშის დაწყებამდე ამ პირმა აქციის მონაწილეებს სკუტერით ჩაუარა და აგინა. 

„ფილარმონიასთან ვიდექით, მსვლელობის დაწყებას ველოდებოდით. ტროტუარსა და გზას შორის კუნძული რომ არის, იქ ვიდექით ხუთი ადამიანი. ჩაიარა „გლოვოს“ კურიერმა და შეგვაგინა, გვიძახა შეურაცხმყოფელი სიტყვები – „დებილებო, რას დგახართ, თქვენი დედა …ჩემს გვერდით იდგა ლევან ზაზაძე [ფოტოგრაფი] და იმანაც დაუბრუნა პასუხი. ის კაცი გადმოვიდა შეტევაზე და მე შევეცადე ჩავმდგარიყავი შუაში. პირველმა იმან დაარტყა სახეში ლევანს და მე შუაში, რომ ვიდექი, მე მომხვდა ყბაში და მუცელში, რადგან ის კაცი იქნევდა ხელებს” , –  ყვება გიორგაძე. 

დარტყმის შედეგად აქტივისტმა დაზიანებები მიიღო სახის, ხელისა და მუცლის არეში.  შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის, სამოქალაქო აქტივისტი ზურა მენთეშაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, 29 მაისს, 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა 61 წლის აქტივისტს, ზურაბ მენთეშაშვილს, გზის გადაკეტვის საქმეზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. ვინაიდან მენთეშაშვილი გასული წლის 1 ნოემბრიდან იმყოფება პატიმრობაში, ის ციხეს 1 აგვისტოს, ანუ 2 თვეში დატოვებს.

ზურაბ მენთეშაშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ქუჩის გადაკეტვის გამო 31 ოქტომბერს დააკავეს. რადგან იგი მანამდე ამავე მიზეზით ადმინისტრაციული წესითაც იყო დაკავებული, მის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ის პირველი ადამიანია, ვის წინააღმდეგაც, გზის გადაკეტვის გამო, საქმე სისხლის სამართლის კოდექსით აღიძრა. მას შეეხო „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი, რომლის თანახმად, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება, განმეორების შემთხვევაში, კი, 1-წლამდე პატიმრობით.

სამოქალაქო აქტივისტს, ნინო კალანდიას, დაუყადაღეს 13 წლის შშმ შვილის ანგარიში

სამოქალაქო აქტივისტი ნინო კალანდია ამბობს, რომ დააყადაღეს მისი 13 წლის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილის საპენსიო ანგარიში. დაყადაღების საფუძველი გახდა ის ჯარიმები, რომელიც თავად ნინო კალანდიას აქვს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, გზის გადაკეტვის საფუძვლით. 

„გუშინ მომივიდა მესიჯი „ლიბერთიდან“, რომ რაღაც დავალიანება მაქვს. ვერ გავიგე, რა დავალიანება შეიძლება მქონოდა. დღეს მივედი „ლიბერთიში“ გასარკვევად და მითხრეს, რომ ანგარიში დაყადაღებულია“, – ამბობს ნინო კალანდია “პუბლიკასთან”.

პარლამენტი ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესს  

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს. ერთ-ერთი საკითხი შეეხება პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის არჩევის წესს არეგულირებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ სამეურვეო საბჭოში ვაკანსია გამოცხადდება, რომელი სუბიექტის კვოტით არჩეულ წევრზეც გამოცხადდა ვაკანსია, ის სუბიექტი პირდაპირ შეარჩევს სასურველ ერთ კანდიდატურას და პარლამენტს განსახილველად წარუდგენს.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება. პარლამენტი მეურვეებს ირჩევს: ორს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, სამს საპარლამენტო ოპოზიციის წარდგინებით და სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

მოქმედი რეგლამენტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატურა ღია კონკურსით შეირჩევა. კონკურსს აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. იქმნება 9-წევრიანი კომისია, რომელიც შეარჩევს კანდიდატებს, წარდუგენს უფლებამოსილ სუბიექტებს, შერჩეული კანდიდატებიდან კი სუბიექტები შეარჩევენ პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატურებს.  პაპუაშვილი ამბობს, რომ  ეს რეგულაცია აბსურდულია, რადგან საკანონმდებლო ორგანო საკუთარ პროცედურებს გარე ჩარევების გარეშე ვერ ადგენს. ამიტომ, საზმაუს მეურვის არჩევის პროცედურა საპარლამენტო დემოკრატიის მთავარ პრინციპთან – საპარლამენტო სუვერენიტეტთან უნდა დაახლოვდეს. 

“შემოთავაზება არის ასეთი: იყოს პროცედურა, რომ თუკი არის ვაკანსია, რომელიც სუბიექტის კვოტის ფარგლებშიც არის ეს ვაკანსია, იმ სუბიექტმა თავად, როგორც უნდა, ისე შეარჩიოს [კანდიდატურა]. შეუძლია, კონკურსი ჩაატაროს, რაც უნდა, ის ქნას,  უმრავლესობა იქნება, ოპოზიცია, სახალხო დამცველი თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. მაგრამ პარლამენტთან ურთიერთობაში ამ სუბიექტმა წარმოუდგინოს პარლამენტს ერთი კანდიდატურა. თქვას, რომ აგერ არის ვაკანსია, მე მაქვს უფლება კანდიდატის დასახელების, ვასახელებ ამ კანდიდატს და არა სხვების მიერ შერჩეული კანდიდატებიდან  სამს და კიდე შენ აირჩიე იმ სამიდან რომელი იყოს”, – განაცხადა  პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, წარდგენილ კანდიდატურას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი შეაფასებს და შემდეგ კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე კენჭისსაყრელად წარდგება. პარლამენტი რეგლამენტში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას და მიმდინარე სასესიო კვირაში მიღებას გეგმავს.
 
“მედიის ადვოკატირების კოალიციის” შეფასებით, ეს ცვლილებები ქმნის დამატებით რისკებს მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის. “ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამცირებს გამჭვირვალობას და აძლიერებს გავლენების რისკს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც უკვე წლებია „ქართული ოცნების“ ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და რომლის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელ და პროფესიონალ ჟურნალისტებს დევნის”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.