აქტივისტების მიმართ ყადაღის გამოყენების პრაქტიკა გრძელდება

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას და აქვეყნებს ფოტოს, რომლის მიხედვითაც აღსრულების ეროვნული ბიურო მას ატყობინებს, რომ მის საბანკო ანგარიშებზე ყადაღაა დადებული. დოკუმენტის თანახმად, ყადაღის ოდენობა 5350 ლარს შეადგენს. 

აქტივისტს დამატებითი განმარტება არ გაუვრცელებია, თუმცა არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ საქმე ეხება გზის გადაკეტვის ბრალდებასთან დაკავშირებულ ჯარიმებს. ბოლო პერიოდში არაერთი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც აქტივისტები ჯარიმების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ იყვნენ და ამის შესახებ მხოლოდ ანგარიშებზე ყადაღის დადების შემდეგ შეიტყვეს.

ამავე კონტექსტში, სოციალურ ქსელში წერს მწერალი ბექა ქურხულიც: „ჩვენმა “ღირსეულმა მთავრობამ” უკრაინის ომში, დონეცკის ოლქში, საბრძოლო ზონაში მყოფს დამიყადაღა საბანკო ანგარიში! ჯერ საკუთარ ქალაქში, საკუთარ რუსთაველის პროსპექტზე დგომისა და მათგან უღმერთოდ გამეტებული და დალეწილი ბავშვების გამოსარჩლების გამო, 35 000 ლარით დამაჯარიმეს, მერე როგორც კი გაიგეს რომ ომში ვარ, მაშინ დამაყადაღეს“, – წერს ქურხული.

ზვიად რატიანს  სასჯელის მოხდის პირობები დაუმძიმდა

პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც 23 ივნისის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება და სასჯელს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, სასჯელის მოხდის პირობები დაუმძიმდა,  მას ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შეუცვალეს. ნახევრად ღია რეჟიმი პატიმარს სასჯელის კოლონიურ ღია სივრცეში მოხდის შესაძლებლობას აძლევს, მაშინ როდესაც დახურული რეჟიმი სრულ იზოლაციას, მათ შორის პაემნების მნიშვნელოვნად შემცირებას გულისხმობს. რატიიანის განცხადებით, იგი ისედაც დაკავების დღიდან ფაქტობრივად დახურულ პირობებში იმყოფება და უკვე ექვსი თვეა სამარტოო საკანშია განთავსებული.

რატიიანი წერს, რომ 6 აპრილს პენიტენციურმა დაწესბეულებამ აცნობა, თითქოს ის „საშიშროების მომეტებული რისკის“ მქონე მსჯავრდებულია, რის საფუძველზეც რეჟიმი შეეცვალა. მისი განმარტებით, რეალურად უკვე თვეებია, პრაქტიკულად დახურულ პირობებში, მათ შორის სამარტოო საკანში იმყოფება.

„როგორც ჩანს, მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემანების კიდევ უფრო შემცირება იყო… მაგრამ „საშიშროების მომეტებული რისკი“ რა არის ჩემს შემთხვევაში ეს არის მთავარი კითხვა“, – წერს რატიანი. მისივე განცხადებით, მას არ ჰქონია კონფლიქტი არც პატიმრებთან და არც დაწესებულების თანამშრომლებთან. გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელებული „რისკის შეფასებას“ კი „საიდუმლო სხდომის ოქმს“  ეფუძნება. ზვიად რატიანმა ღია წერილით მიმართა იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას და პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას, სადაც ითხოვს განმარტებას, რა საფუძვლით იქნა მიჩნეული „მომეტებული რისკის“ მქონე პირად.

ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. 9 ოქტომბერს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე აქტივისტი გზის გადაკეტვის გამო სამართალდამრღვევად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე აქტივისტი სამართალდამრღვევად ცნო გზის გადაკეტვის ბრალდებით. გადაწყვეტილებები მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

საპროტესტო აქციების მონაწილეს, რეზი დუმბაძეს, 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 31 იანვარს საავტომობილო გზის “ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებოდა.

ამავე მოსამართლემ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ზვიად მარიამიძეს. ანა მებურიშვილსა და ნათია წიწილაშვილს სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.

აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. ამავე ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც  ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

სასამართლომ აქტივისტ ტასო დოლიძეს ტროტუარზე გამართული პროტესტის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი თამუნა გიორგაძე წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ტასო დოლიძეს ტროტუარზე პროტესტის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

სამოქალაქო აქტივისტი ნინო სვანიძე აცხადებს, რომ  ათობით ჯარიმის გადაუხდელობის გამო დააყადაღეს

საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ფოსტის კურიერმა ყადაღის დადგენილებების ნაწილი ჩააბარა, რაც მის მიმართ დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობას უკავშირდება.

მისი ინფორმაციით, ერთ დღეში 6 დადგენილება მიიღო, თუმცა, მისი თქმით, საერთო რაოდენობა 21-ს აღწევს, თითოეული 5000 ლარის ოდენობის ჯარიმას შეეხება. აქტივისტის განცხადებით, სანქციები, სავარაუდოდ, დაკავშირებულია საპროტესტო აქციებში მონაწილეობასა და გზის გადაკეტვის ბრალდებებთან.

სააპელაციო სასამართლოს  დეკემბრის აქციებზე დაკავებული 11 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ლეონიძემ 2024 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირი დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელად დატოვა.

საქმეზე მსჯავრდებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი. მსჯავრდებულებს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ისინი სასამართლომ ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად მიიჩნია. სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულები პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვდნენ.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თავდაპირველი ბრალდება (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი) 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევას. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში განაჩენს კვალიფიკაციის ნაწილში არ ეთანხმებოდა და ითხოვდა, ბრალდებულები დამნაშავედ ეცნოთ უფრო მძიმე მუხლით – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის.  

სამ სამოქალაქო აქტივისტს ანგარიშები დაუყადაღეს იმ ჯარიმების გადაუხდელობისთვის, რომელთა შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ

15 აპრილს, სამ სამოქალაქო აქტივისტს – ნათია მეგრელიშვილს, ნათია ართმელაძეს და თამთა ჩხაიძეს საბანკო  ანგარიშები დაუყადაღეს იმ ჯარიმების გადაუხდელობისთვის, რომელთა შესახებ არცერთ მათგანს შეტყობინება არ ჰქონდა მიღებული. დაყადაღების შესახებ აქტივისტებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. 

თამთა ჩხაიძე სინდისის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე და აქციების აქტიური მონაწილეა. მას ჯამში 25 000 ლარის ჯარიმა აქვს.  “ბათუმელებთან” იგი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ყადაღა გაასაჩივრა. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს 2024 წლის 17 მაისს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით. 

“გზის ხელოვნურად გადაკეტვა”, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის შესაბამისად, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევად ითვლება. 2025 წლის 7 თებერვლიდან „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დაკისრებული ჯარიმა გაათმაგდა და 5000 ლარი გახდა. ასეთი ჯარიმა პროევროპული პროტესტის მონაწილე ასობით ადამიანს აქვს.  ჯარიმების ჯამური ოდენობა რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს. იმ აქტივისტებს, რომელთაც ჯარიმები არ აქვთ გადახდილი, ანგარიშებს უყადაღებენ. ასეთი უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამოქალაქო აქტივისტს ვახტანგ გაგნიძეს სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, ვახტანგ გაგნიძეს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გაგნიძის ადვოკატის, დიმიტრი ვარდიაშვილის განცხადებით, სასამართლო რამდენიმე საქმეს გაერთიანებულად განიხილავდა. მათ შორის იყო საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვა და ტროტუარზე გამვლელთათვის დაბრკოლების შექმნა. ორივე სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილშია გაერთიანებული. ადვოკატის თქმით, ვახტანგ გაგნიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესს ვერ დაესწრო. მისი თქმით, მას აწუხებს ძლიერი ტკივილები და პარალელურად აგროვებს თანხას მკურნალობის ხარჯების დასაფარად.სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაგნიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „შემეძლო, ამერიდებინა ადმინისტრაციული პატიმრობა ჩემი თავისთვის მოგეხსენებათ ჩემი ოპერაციების შესახებ და ისიც იცით, რომ რეაბილიტაციას არც თუ ისე კარგად გავდივარ. მაგრამ აქ სულ სხვანაირადაა საქმე… როდესაც ჩემს მეგობარ გოგო-ბიჭებს იჭერენ აბსურდული ბრალდებებით – თითქოს ხალხს ტროტუარზე გადაადგილების უფლებას ვუზღუდავთ, როდესაც ჩემი თანამებრძოლები წლობით სხედან ციხეში პროტესტის გამო – მე ვერ ვირბენ ფარატინა ქაღალდით ხელში და ვერ დავიწყებ ტრაბახს: „ვერ მიჭერენ, ხელშეუხებელი ვარ-მეთქი“. „მეორე საკითხიცაა: მე, რომელსაც ერთი თვის წინ ფეხს მაჭრიდნენ და გადავრჩი, ახლა ნესტში უნდა გავიარო რეაბილიტაცია. ეს, ადამიანური თვალსაზრისით, არაფერში ჯდება – შეეძლოთ, ცოტა დრო მოეცათ, რომ გამოვჯანმრთელებულიყავი და შემდეგ მოესაჯათ პატიმრობა. არაუშავს – ყველაფერი კარგად იქნება.”- დაწერა მან.

9 აპრილს პოლიციამ  დააკავა აქტივისტი შაკო ბაღდოშვილი, რომელიც თავად იყო თავდასხმის მსხვერპლი

9 აპრილის მემორიალთან მომხდარი შეხლა-შემოხლისას დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი შაკო ბაღდოშვილი, რომელმაც თავად მიიღო ფიზიკური დაზიანებები, პოლიციის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში დააყოვნეს, ბოლოს კი გაათავისუფლეს და განაცხადეს, რომ ის მოწმის სახით იკითხებოდა. 

ინციდენტი 9 აპრილს მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე “ქართული ოცნების” წევრები  გამოჩნდნენ. მათ გამოჩენამდე, აქციის მონაწილეებთან, რომლებმაც პარლამენტთან ღამე გაათენეს, ე.წ. ტიტუშკები მივიდნენ. აქციის მონაწილეებსა და იქ მყოფ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, უწყვეტი აქციების აქტიურ მონაწილეებს ქართული ოცნების მხარდამჭერი ფიზიკურად გაუსწორდა. შაკო ბაღდოშვილმა მძიმე დაზიანებები მიიღო, რისი კვალიც მას ნათლად ემჩნეოდა. თუმცა,  მიუხედავად ამისა, პოლიციამ თავდამსხმელების ნაცვლად ბაღდოშვილი დააკავა. ადვოკატი რამდენიმე საათის განმავლობაში არკვევდა მის ადგილსამყოფელს. გვიან ღამით პოლიციამ განაცხადა, რომ ის მოწმის სახით გამოიკითხა და რამდენიმესაათიანი დაყოვნების შემდეგ, ბაღდოშვილი გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, იმავე დღეს და იგივე ვითარებაში დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი, შოთა ოდიშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი მაისური ეცვა, უცენზურო წარწერით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლ ზვიად ცეკვავამ იგი 10-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა, თითქოსდა, წვრილმან ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით.

9 აპრილს დაკავებული შოთა ოდიშვილი 10-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით

სამოქალაქო აქტივისტი, შოთა ოდიშვილი, რომელმაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შეურაცხმყოფელად მოიხსენია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლ ზვიად ცეკვავამ 10-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. 

ოდიშვილი 9 აპრილს, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან დააკავეს მაშინ, როდესაც ადგილზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მივიდნენ და პოლიცია აქტივისტების გაყვანას ძალის გამოყენებით შეეცადა.    
დაკავებულის ადვოკატის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, მოქალაქეს შსს-მ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის წაუყენა ბრალი.