სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” დამფუძნებლის საჩივარი სტიკერის გაკვრის საქმეზე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა რამიშვილმა არ დააკმაყოფილა “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის, საჩივარი სტიკერის გაკვრის საქმეზე. სტიკერის გაკვრის ფაქტზე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ორი ადმინისტრაციული საქმე აღძრეს და იგი ორჯერ დააჯარიმეს. სააპელაციო სასამართლომ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილება ძალაში დატოვა. 


მზია ამაღლობელი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ქალაქ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად იგი დააპატიმრეს ბათუმის პოლიციის სამმართველოს დამხმარე სათავსოს კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. რამდენიმე საათში ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი საქმე აღძრა – ორი ადმინისიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ერთი სისხლის სამართლის კოდექსით. ორივე ადმინისტრაციული საქმე სტიკერის გაკვრის ფაქტზე აღიძრა. პირველ შემთხვევაში, ამაღლობელს “პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას” ედავებოდნენ.   18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად სცნო და 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. იგივე ფაქტზე მეორე საქმე შენობის იერსახის დამახინჯების ბრალდებით დაიწყო. 18 ივნისს მოსამართლე მარინა ფომაევამ მზია ამაღლობელი ამ ეპიზოდზეც დამნაშავედ ცნო და 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა

გამოცემების “ბათუმელებისა” და ”ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

განაჩენის გამოცხადების დღეს მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს – პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე.

მზია ამაღლობელის დაცვის მხარე, მას შემდეგ, რაც განაჩენი ჩაბარდება, საქმის გასაჩივრებას გეგმავს. 

მზია ამაღლობელი მიმდინარე წლის 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო რამდენიმე საათში, 12 იანვარს, სისიხლის სამართლის წესით.

სასამართლოში გადაღების აკრძალვის შემდეგ, პირველად, გადაღების უფლება პროსახელისუფლებო მედიებს მისცეს

“ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებულმა  ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღეს უფლება გადაიღონ ბიძინა ივანიშვილის “პირად პატიმრად” მიჩნეული ბიზნესმენის, გიორგი ბაჩიაშვილის, სასამართლო პროცესი. ეს არის პირველი შემთხვევა, მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებების შედეგად მედიას სასამართლო პროცესის გადაღება აეკრძალა როცა იუსტიციის საბჭომ გადაღების ნებართვა გასცა. “იმედის” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მათ იუსტიციის საბჭოს 28 ივლისს მიმართეს და მეორე დღეს ნებართვა მიიღეს.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025 წლის 26 ივნისს მიიღო ცვლილებები “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში, რომლის თანახმად, სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია აიკრძალა.  გადაღებაზე ნებართვა კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გასცეს. კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებმა კანონის ამოქმედებიდან დღემდე არაერთი განცხადება შეიტანეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თუმცა, მათ ამ დრომდე არცერთხელ არ მიუღიათ პასუხი.

მეტიც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არაერთხელ მოუწოდეს მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, რომ დროულად შეემუშავებინა სხდომების გადაღებაზე ნებართვის გადაცემის პროცედურები, რაც მედიას შესაძლებლობას მისცემდა, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, სხდომის დაწყებამდე, სწრაფად მიეღო პასუხი განცხადებებზე. თუმცა ამ დრომდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უკუკავშირი არავის მიუღია. 

„პუბლიკის” რედაქტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის უფროსი კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა

2025 წლის 22 ივლისს, გამოცემა „პუბლიკის” რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი ვიდეოს გადაღების გამო კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა. ვარდიაშვილი ცდილობდა დაეფიქსირებინა, როგორ გამოიყვანა მანდატურის სამსახურმა ძალის გამოყენებით სასამართლოს შენობიდან ოპოზიციური პარტიის წევრი.

ინციდენტი სინდისის ერთ-ერთი პატიმრის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესის დროს მოხდა. როგორც ზურა ვარდიაშვილი აღწერს, მატიაშვილმა ოპოზიციური პარტია „ახალის” წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე, რომელიც სასამართლო პროცესზე დასასწრებად იყო მისული, ძალის გამოყენებით გაიყვანა სასამართლოს შენობიდან. როგორც კი შენობას გასცდნენ, ჟურნალისტმა ამ ფაქტის გადაღება დაიწყო: “კიბეებთან დავიწყე გადაღება. ეს რომ დაინახა, მეცა და შემათრია შიგნით. პირადობა ჩამომართვა, გადაცემულიაო და კანონის წინაშე აგებ პასუხსო”. იგი სასამართლოს შენობაში, ერთ-ერთ ოთახში რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი, შემდეგ კი პირადობის მოწმობა დაუბრუნეს და გაათავისუფლეს.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, 30 ივნისიდან  სასამართლო დარბაზებში, დერეფნებსა თუ ეზოში ფოტო/ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა აკრაძალულია. ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, მედიასაშუალებებმა გადაღების უფლებისთვის განცხადებით მიმართეს იუსტიციის საბჭოს – კანონით დადგენილ უწყებას, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არცერთს არ მიუღია.

რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამდე, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს უკანონოდ ხელი ეშლებოდათ სასამართლოს შენობაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ცვლილების შემდეგ კი მანდატურის სამსახური არაპროპორციულად, დაუსაბუთებლად ძალას იყენებს მათ შორის მედიის წინააღმდეგ რეპრესიული კანონმდებლობის აღსასრულებლად.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მოსამართლემ მცირე დარბაზში გადაიტანა

2025 წლის 14 ივლისს, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალსიტის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატარა დარბაზში გადაიტანა. ონლაინ მედია “ბათუმელების” ინფორმაციით, მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი თქმით დარბაზში ისმოდა შეძახილები ქუჩიდან -„თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“ ონლაინ მედიის ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე დასწრების მსურველთა დიდმა ნაწილმა პროცესზე შესვლა ვერ მოახერხა მათ შორის იყვნენ, მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები, კოლეგები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მოსამართლემ აგრეთვე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ჩვენება მოწმისთვის განკუთვნილი ტრიბუნიდან მიეცა. საბოლოოდ, ჟურნალისტმა ჩვენება შუშებით შემოსაზღვრული კაბინიდან მისცა. 

6 თვეზე მეტია, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 9 ივლისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც მოითხოვა მზია ამაღლობელის გათავისუფლება. მის გათავისუფლებას ითხოვენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

 მოსამართლემ ფოტოს გავრცელების გამო, სასამართლო პროცესი სრულად დახურა

2025 წლის 10 ივლისს, სასამართლო დარბაზიდან ფოტოს გავრცელების გამო მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ლომიძე-ზასოხაშვილის პროცესი დახურა და დარბაზი ყველა დამსწრეს, მათ შორის ჟურნალისტებს, დაატოვებინა. 

“ქართული ოცნების” პარლამენტმა 26 ივნისს, დაჩქარებული წესით საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები მიიღო. ახალი ნორმებით, რომელიც კანონის გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში, სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღება აიკრძალა. ცვლილებების შედეგად, იზღუდება როგორც სასამართლოს შიგნით სივრცეში, ასევე ეზოსა და დერეფნებში გადაღება.   

უკანონო დაკავების შემდეგ, “მთის ამბების” და “საქართველოს ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, 2000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციის გაშუქების დროს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი, “მთის ამბებისა” და “საქართველოს ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება 2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს ჟურნალისტის დაკავებას, რომლებიც აშუქებდა აღსრულების პოლიციის მიერ საცხოვრებელი კორპუსიდან ერთ-ერთი ოჯახის გასახლებას. პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა და ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 

აქციიის გაშუქებისას პოლიციამ დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავა “მთის ამბების” რედაქტორი გელა მთივლიშვილი. მოგვიანებით, იგი გაათავისუფლეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და დააკისრეს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. 

უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე გელა მთივლიშვილმა დაკავების დღესვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ, 2024 წლის 3 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო.

მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება

2025 წლის 23 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ონლაინ გამოცემების “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოწმეთა დაკითხვის გარდა, სასამართლოზე მზია ამაღლობელისთვის აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის შეცვლაზეც იმსჯელეს, თუმცა მოსამართლემ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

პროცესზე ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელს, 4 თებერვლის ანალიზის მიხედვით, მარჯვენა თვალში მხედველობა 30%, მარცხენაში — 0.04% ჰქონდა. 6 თებერვლის კვლევის შედეგად მარჯვენა თვალში მხედველობა 10%-მდე დაეცა და სათვალის გამოყენებით მაქსიმუმ 40%-მდე იზრდება, მაშინ როცა დაკავებამდე 90%-მდე იზრდებოდა. მარცხენა თვალში მხედველობა მხოლოდ სინათლისა და სიბნელის გარჩევის დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე ხაზგასმით მიუთითებდა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე, სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და პატიმრობა ძალაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ ბლანკეტურად ეყრდნობა ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, თუმცა ამ პოზიციის დასაბუთება გაუგებარია.

ვაგრძელებთ მზია ამაღლობელის საქმის მონიტორინგს, მათ შორის იმის შეფასებას, რამდენად ხელმისაწვდომია მისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება საპატიმრო პირობებში.

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ფოტოგრაფებს სასამართლო სხდომაზე მუშაობა შეუზღუდა

2025 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტის, ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც მიმდინარე წლის 9 მაისს, სასამართლოს შენობაში მომხდარი ინციდენტის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა.

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების და დასაბუთების გარეშე, სასამართლო სხდომის ფოტო და აუდიო გადაღება აკრძალა. სხდომაზე მხოლოდ ვიდეოკამერების დასწრება დაუშვა. “ბარბაქაძემ სხდომის დაწყებისას თქვა, რომ მიიღო მედიის განცხადებები ვიდეო და ფოტო გადაღების და აუდიო ჩანაწერების გაკეთების უფლების შესახებ, თუმცა, მხოლოდ ვიდეოს გადაღების უფლება გასცა, ფოტოსა და აუდიოზე უარი კი არც დაასაბუთა” – წერს საინფორმაციო სააგენტო  “პუბლიკა”.

სასამართლოებში მედიის მუშაობის შეზღუდვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, სულ რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მედიას სრულყოფილად მუშაობის საშუალება არ მისცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მედიის წარმომადგენლებს სრულყოფილად მუშაობის საშუალება არ მისცა

2025 წლის 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მედიის წარმომადგენლებს არ მისცა სრულყოფილად მუშაობის საშუალება. ამ დღეს, სასამართლოში სინდისის პატიმრის, არჩილ მუსელიანცის, საქმე განიხილებოდა. 

როგორც ჟურნალისტები ჰყვებიან, სასამართლო პროცესი იმართებოდა მინის კარ-ფანჯრით გაყოფილ დარბაზში, გამყოფ ტიხარს მიღმა არ აღწევდა მოსაუბრეების ხმა, რის გამოც, მედიის წარმომადგენლებმა მოსამართლეს მიკროფონების შიდა სივრცეში დადება სთხოვეს, მოსამართლემ კი მათ ამის უფლება არ მისცა.

მედიის წარმომადგენლებმა პროცესი დატოვეს, რადგან, მათი თქმით, დარბაზში ხმა არ ისმოდა და შეუძლებელი იყო სხდომის შინაარსის გაგება.

ბოლო პერიოდში, სასამართლო სისტემა მნიშვნელოვნად ზღუდავს მედიის საქმიანობას სასამართლო პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებით. 2025 წლის 22 მაისიდან 19 ივნისამდე პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაფიქსირდა ოთხი შემთხვევა (22, 23, 29 და 30 მაისს), როდესაც შენობაში არ შეუშვეს ფოტო/ვიდეო კამერებით აღჭურვილი რეპორტიორები. 10  და 11  ივნისს სხდომა მედიისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც გადაღების უფლება ჰქონდა, სრულად დახურეს. ასევე 11 ივნისს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი “პუბლიკის” ჟურნალისტს სასამართლო პროცესზე ფოტოების გადაღების აკრძალვით დაემუქრა. ყველა შემთხვევა მაღალი საჯარო ინტერესის იმ პროცესებზე მოხდა, რომელთაც პოლიტიკურ საქმეებად მიიჩნევენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სასამართლოს ახალ პრაქტიკას უკანონო ქმედებებად მიიჩნევს. ორგანიზაციის განცხადებით,  ეს სახიფათო პრეცედენტს ქმნის და ცხადყოფს “ქართული ოცნების” მიზანმიმართულ შემზღუდველ პოლიტიკას მედიასთან. “სასამართლო პროცესებზე მედიის დაშვების აკრძალვა არა მხოლოდ ჟურნალისტების უფლებების დარღვევაა, არამედ მთელი საზოგადოების ინფორმირებულობის უფლების ხელყოფაც”, – ნათქვამია განცხადებაში.