მოქალაქე გიორგი გოგია, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის შვილის, ბერა ივანიშვილის შეურაცხყოფის საბაბით, 3000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი გოგიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას [წვრილმანი ხულიგნობა] ედავებოდა. უწყების მტკიცებით, გოგიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს. შსს-მ შესაძლო სამართალდარღვევად შეაფასა 14 ივნისს დაწერილი პოსტი, რომელშიც გიორგი გოგია აზიარებს ბერა ივანიშვილის განცხადებას და წერს: „განაცხადა **ისშვილმა, რომელიც ბავშვების საცემად ირაკლი ღარიბაშვილს სკოლებში არბენინებდა“.
საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან, 1 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც 150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი. ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან.