სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აქტივისტ ზურაბ მენთეშაშვილის საჩივარი

გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის გასამართლებული ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის, ჯანო ჭკადუას ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ზურაბ მენთეშაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

“საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვეტა პირდაპირ არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და საქმის საჯაროობის ფუნდამენტურ პრინციპს”, – წერს ადვოკატი

მენთეშაშვილის მხარე ზემდგომ ინსტანციაში მის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა. მენთეშაშვილი პირველი მოქალაქეა, ვისაც საპროტესტო აქციების კვალდაკვალ გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა საავტომობილო გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის. მან ციხეში 9 თვე გაატარა.

თორნიკე თოშხუა საკრებულოსთან ბანერის გამო კვლავ დააკავეს. მას პატიმრობა შეეფარდა

31 ივლისს, თბილისის საკრებულოს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. მას ხელში ეჭირა ფურცელი წარწერით: „ბიძინა ყ არაა/არის?“.

გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, დაკავების დროს თოშხუა პოლიციელებს დაკავების საფუძვლის განმარტებას სთხოვდა. კადრებში ისმის, რომ პოლიცია დაკავების საფუძვლად „ხულიგნობას“ ასახელებს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რადიო თავისუფლებას“ დაუდასტურა, რომ თორნიკე თოშხუა ადმინისტრაციული წესით, „შეურაცხმყოფელი ბანერისთვის“, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის – წვრილმანი ხულიგნობის – საფუძველზე დააკავეს.

თორნიკე თოშხუა პოლიციამ 26 ივლისსაც დააკავა თბილისის საკრებულოს შენობასთან, ასევე „შეურაცხმყოფელი ბანერისთვის“. მაშინ მას ხელში ეჭირა ფურცელი წარწერით: „ბიძინა ყ***? კი თუ არა“. მისი დაკავების შემდეგ, სოლიდარობის ნიშნად, საკრებულოსთან კიდევ 9 მოქალაქე დააკავეს. 26 ივლისს დაკავებულთა საქმეებზე სასამართლომ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ნაწილს კი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. თავად თოშხუა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 3,000 ლარით დააჯარიმა.

თოშხუა მანამდე სისხლის სამართლის წესითაც იყო დაკავებული და საპატიმრო რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

2 აგვისტოს, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ თორნიკე თოშხუას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

სამოქალაქო აქტივისტს ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით 

2026 წლის 13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო აქტივისტს, ისაკო დევიძეს, სასამართლოს უპატივცემულობის საქმზე, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების პირობებით, მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ დაამტკიცა. 

ისაკო დევიძეს ბრალად ედებოდა მოსამართლის შეურაცხყოფით სასამართლოს უპატივცემულობა – სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამ დანაშაულის ჩადენას აქტივისტს იმ სასამართლო პროცესზე ედავებიან, სადაც მისი ადმინისტრაციული დაკავების საქმე განიხილებოდა. 

ისაკო დევიძე 2025 წლის 20 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, პოლიციელის შეურაცხყოფის საფუძვლით დააკავეს. 22 დეკემბერს, მოსამართლე ზვიად ცეკვავა, მის საქმეს განიხილავდა. სასამართლო პროცესზე ისაკო დევიძემ მოსამართლის სამუშაო კომპიუტერს ხელი დაარტყა. კომპიუტერის მონიტორი მაგიდაზე დაეცა. დევიძე დარბაზიდან გაიყვანეს, სხდომაზე შესვენება გამოცხადაა. შესვენების შემდეგ, განახლებულ პროცესზე, მოსამართლე ცეკვავამ პოლიციელის შეურაცხყოფის ადმინისტრაციულ საქმეზე აქტივისტს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

ისაკო დევიძეს, პატიმრობის ვადა 19 იანვარს ეწურებოდა. 17 იანვარს ოჯახმა შეიტყო, სასამართლო პროცესზე მომხდარი ინციდენტის გამო, აქტივისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება იყო დაწყებული. დევიძეს, ამ ახალ საქმეზე, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 

ვინაიდან, მისი პატომრობა, სისხლის სამართლის საქმზე, 17 იანვრიდან ითვლება, აქტივისტი ციხეში კიდევ ოთხ თვეს გაატარებს.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის სექტემბერი

კონტექსტი

2025 წლის სექტემბერში დოკუმენტირებული ინციდენტები მიუთითებს სამოქალაქო აქტივისტებისა და საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებული პირების მიმართ რეპრესიული პრაქტიკის კიდევ უფრო გამკაცრებაზე. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო თავისუფლების აღკვეთისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენება პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ, მათ შორის მრავალწლიანი პატიმრობის შეფარდება როგორც ჯგუფურ ქმედებებში მონაწილეობის, ისე ნარკოდანაშაულისა და სხვა ბრალდებების საფუძველზე. არაერთ შემთხვევაში ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ სამართლებრივი დევნა მათ საპროტესტო აქტივობას უკავშირდებოდა.

დოკუმენტირებული შემთხვევები ასევე მოიცავდა ადმინისტრაციულ დაკავებებს, ფინანსური სანქციების დაკისრებას, ფიზიკური ძალადობისა და დაშინების ფაქტებს, მათ შორის აქტივისტებზე ჯგუფურ თავდასხმებსა და მუქარის შემცველ ინციდენტებს. ცალკეულ ეპიზოდებში გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებიც, როდესაც სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას უზღუდავდნენ ან მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებით მოქმედებდნენ.

ამასთან, სექტემბერში გაგრძელდა ე.წ. „პირბადეების საქმის“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ საქმიანობას უკავშირდება.

ინციდენტები:

2025 წლის 2 სექტემბერს,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ჩეჩინს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობაში ედებოდა ბრალი. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდეს. ჩეჩინი 3 დეკემბერს დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა 18 ნოემბრის შემთხვევა, რა დროსაც, მისი თქმით, ის აქციიდან პოლიციის განყოფილებასთან გადაიყვანეს და დაემუქრნენ, რომ შეეწყვიტა მას საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება.

2025 წლის 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მოქალაქეები „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში თეა წულუკიანის განცხადებებს აპროტესტებდნენ, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 23 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს და რამდენიმე პირი ტროტუარზე ძალის გამოყენებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულები პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ.

2025 წლის 3 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული  რვავე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. 

სამ მათგანს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; პროკურატურა სამივეს 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას სდებდა ბრალად.

დანარჩენ 5 ბრალდებულს: ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ პირებს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

2025 წლის 3 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ თერთმეტივე ბრალდებულს – რევაზ კიკნაძეს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, რუსლან სივაკოვს, ირაკლი ქერაშვილს, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, სერგეი კუხარჩუკსა და გური მირცხულავას – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პროკურატურა 11-ვე პირს 225-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 პირის საქმის მსგავსად მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც  ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

2025 წლის 3 სექტემბერს,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, პროევროპული აქციების დროს დაკავებულ საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალდების მხარე პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებოდა, თუმცა 24 ივლისს პროკურატურამ მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლზე გადაუკვალიფიცირა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი ქმედებაა.

2025 წლის 3 სექტემბერს, აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს „ოცნების” მხარდამჭერი ბექა გოცირიძე თავს დაესხა. როგორც მარიამ მეყანწიშვილი „პუბლიკას” უყვება, ბექა გოცირიძემ მას, 3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც საპროტესტო მარშის პარალელურად კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობდა, სიგარეტის ნამწვი ესროლა  და ხელი დაარტყა. 

2025 წლის 4 სექტემბერს, აქტივისტ ალბი კორძაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე უკავშირდებოდა 2 სექტემბერს, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მის დაკავებას, სადაც მოქალაქეები „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიაში თეა წულუკიანის განცხადებებს აპროტესტებდნენ. 

2024 წლის 4 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულების ადმინისტრაციული საქმმეები განიხილა. აქტივისტები: ლუკა დევდარიანი, ნიკა კორძაძე და დავით გუნაშვილი 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ. 

2025 წლის 8 სექტემბერს, თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრებილ დემონსტრანტებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს აქტივისტებს და მათ ფიზიკურად უსწორდებიან. დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში პერიოდულად გრძელდებოდა. მონაწილეების განცხადებით, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ თავდასხმების ეფექტიანად აღკვეთა ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტების თქმით, თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაიწყო.

2025 წლის 10 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით მეგი დიასამიძე დააკავეს. 23 წლის მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე. ხოლო 12 სექტემბერს, დაკავებულ 23 წლის აქტივისტს, მეგი დიასამიძეს, მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა

2025 წლის 12 სექტემბერს, პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8.5-8.5 წელი მიუსაჯა.  ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 17 დეკემბერს დააკავეს, მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაში ედებათ. გრიბული და ზინოვკინა ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ მათ ნარკოტიკი აქციებში მონაწილეობის გამო პირადი და ბინის ჩხრეკის დროს ჩაუდეს. ორივე მათგანი წარსულში რუსეთში, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობდა. 

2025 წლის 12 სექტემბერს, საჯარო მოხელის, თაკო კავკასიძის თქმით, ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. როგორც კავკასიძე აღნიშნავს, ის “ქართული ოცნების” მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას გაემიჯნა და პოზიცია სპეციალურ პეტიციაზე ხელმოწერით დააფიქსირა. მასთან ერთად, ყოფილი საჯარო მოხელის განცხადებით, თანამდებობა დაატოვებინეს პროევროპული კურსის მხარდამჭერი პეტიციის კიდევ ერთ ხელმომწერს. 

2025 წლის 15 სექტემბერს, რუსთაველის გამზირისა და ბესიკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან წამოსული საპროტესტო მარშის მონაწილეებს რამდენიმე პირი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. აქტივისტების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ჰქონდა. შსს-ს ცნობით, ინციდენტის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს.

2025 წლის 23 სექტემბერს,  OC MEDIA-ს დირექტორისა და ფოტორეპორტიორის, მარიამ ნიკურაძის ინფორმაციით, თბილისში, ათონელის რეზიდენციასთან მიმდინარე ე.წ. ზებრების აქციაზე, დემონსტრანტებს ავტომობილი განზრახ დააჯახეს.

“მარიამ მეყანწიშვილი გადაიყვანეს სასწრაფოში, მანამდე გონი დაკარგა ორჯერ. მეორე დაზარალებულიც, ლიზი უბილავა, ამ წუთას წაიყვანა სასწრაფომ. პოლიციამ გვითხრა, რომ განზრახ დაჯახების ფაქტი “გადაცემულიაო” შესაბამის ადგილასო. გამოძიება დაიწყო თუ არა, არ ვიცით”, – წერს OC MEDIA-ს დირექტორი და ფოტორეპორტიორი, მარიამ ნიკურაძე.

2025 წლის 29 სექტემბერს, „გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, აქტივისტი გელა ხასაია დააკავეს. შსს-ს განცხადებით, გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს. ადვოკატის განცხადებით, საქმე ეხება 1 სექტემბერს, სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელშიც გელა ხასაიასთვის უცნობი პირები მონაწილეობდნენ და რომელსაც ხასაია შეესწრო. ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ გელა ხასაიას პოლიციის განყოფილებაში ყოფნის პერიოდში, მასზე მიმდინარეობდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ფურცელაძის თქმით, ხასაიას ერთ-ერთმა პოლიციელმა შეახსენა ეპიზოდი, სადაც სამართალდამცავი დაჰპირდა, რომ ხასაიას „სისხლის სამართლის წესით დააკავებდა“.

ე.წ “პირბადეების საქმე” 

ე.წ. „პირბადეების საქმის“ ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე არაერთი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი დაიბარა. 4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე. მისი განცხადებით, პროკურატურის კითხვები ეხებოდა როგორც მის ცალკეულ Facebook-პოსტებსა და ორგანიზაციის ფინანსურ დოკუმენტაციას, ასევე 2024 წლის საპროტესტო აქციების ორგანიზების საკითხს.

8 სექტემბერს იმავე საქმეზე გამოიკითხა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი.

17 სექტემბერს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ თავმჯდომარე, „საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ (GCRT) დირექტორი ლელა ცისკარიშვილი. მათი განცხადებით, გამოკითხვის დროს შეკითხვები შეეხებოდა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ საქმიანობას, მათ შორის აქციების მონაწილეთა მხარდაჭერას, ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდას, იურიდიულ დახმარებასა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობისა თუ ინვენტარის შეძენას.

ე.წ პირბადეების საქმე უკავშირდება პროკურატურაში 2025 წლის 8 თებერვალს დაწყებულ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321/1 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“. 

გამოძიების ფარგლებში, 7 აგვისტოს პროკურატურის განცხადებით ყადაღა დაედო 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს. უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების  „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების იურიდიულ დახმარებასაც.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის ოქტომბერი

2025 წლის ოქტომბერში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული რეპრესიული პრაქტიკა კიდევ უფრო გამკაცრდა. მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დოკუმენტირებული 18 ინციდენტი ცხადყოფს, რომ თვის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდა აქციის მონაწილეების როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი დევნა. სასამართლოებმა არაერთ პირს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივი დაკავებები დაიწყო გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით.

ამავე პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მნიშვნელოვნად გაამკაცრა. პარალელურად, დაფიქსირდა აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმის შემთხვევაც. 

ინციდენტები:

2025 წლის 1-ლ ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ აქტივისტს, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ხასაიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

აქტივისტი შსს-ს წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს დააკავეს. ადვოკატის განცხადებით, საქმე ეხება 1-ლ სექტემბერს, სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელშიც გელა ხასაიასთვის უცნობი პირები მონაწილეობდნენ და რომელსაც ხასაია შეესწრო. ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ გელა ხასაიას პოლიციის განყოფილებაში ყოფნის პერიოდში, მასზე მიმდინარეობდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ფურცელაძის თქმით, ხასაიას ერთ-ერთმა პოლიციელმა შეახსენა ეპიზოდი, სადაც სამართალდამცავი დაჰპირდა, რომ ხასაიას „სისხლის სამართლის წესით დააკავებდა“.

2025 წლის 3 ოქტომბერს, მეტეხის ხიდზე განცხადების გასაკეთებლად შეკრებილ სტუდენტებს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია. თავდამსხმელები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ არასრულწლოვან აქტივისტსაც – მას თავში სავარაუდოდ რკინის ნაჭერი ჩაარტყეს.

2025 წლის 9 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პოეტ ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა პოეტს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის საფუძველზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, თუმცა მოსამართლემ მას ბრალდება გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს დააკავეს. მან თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სილა გააწნა პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილს. 

2025 წლის 16 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით მიიღო სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილები, რომლითაც დემონსტრანტებისთვის პროტესტის გამოხატვის ფორმები იზღუდება. დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:

  • სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
  • ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
  • თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
  • მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
  • ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს:

  • ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
  • თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;

 უალტერნატივოდ 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა წესდება თუ აქციის მონაწილეები დაარღევენ შემდეგს: 

  • იქონიებენ ცეცხლსასროლი იარაღს, ფეთქებად, ადვილაალებად, რადიოაქტიურ ნივთიერებას, ცივი იარაღს ან პიროტექნიკურ ნაწარმს;
  • იქონიებენ ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც  გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
  • მონაწილეობენ იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:

  • სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
  • იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
  • არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
  • ორგანიზატორის მიერ ჩადენილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია – დაისჯება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის [პოლიციის დაუმორჩილებლობა, შეურაცხყოფა] მესამედ დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება:

  • პოლიციის დაუმორჩილებლობა ან შეურაცხყოფა – ჩადენილი მესამედ – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
  • ჩადენილი არაერთგზის – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე
  • ჩადენილი არასრულწლოვნის მიერ – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2025 წლის 16 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარმდგენის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს:

  • პარტიის შექმნა;
  •  პოლიტიკური პარტიის წევრობა;
  • პარტიის ორგანოს წევრობა;
  •  პარტიული თანამდებობის დაკავება;
  •  არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა [პასიური საარჩევნო უფლება];
  •  არჩეული ორგანოს წევრის/არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენა;
  •  პოლიტიკური თანამდებობის დაკავება;
  •  კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელობა;

თუ მოსარჩელე მოითხოვს, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილება ასევე გამოიწვევს:

  • აკრძალული პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობას;
  • სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას;
  • პარტიული სიიდან პირის ამორიცხვას.

რეგისტრაციაზე უარი ეთქმება ისეთ პარტიას, რომლის სიაშიც იქნება ისეთი პირი, რომელსაც პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აკრძალული აქვს. პარტიას, რომელიც სიაში შეიყვანს ასეთ პირს, ჯარიმა დაეკისრება.

ასევე, დაუშვებელი იქნება საპარლამენტო სიებსა თუ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიებში ისეთი პირის შეყვანა, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობა აკრძალული აქვს. ცესკო ასეთ პარტიებს არც საპარლამენტო და არც თვითმმარველობის არჩევნებისთვის რეგისტრაციაში არ გაატარებს. 

2025 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, გიორგი კუჭუაშვილისთვის წარდგენილი ბრალი – პოლიციელზე თავდასხმის მუხლი [სსკ-ის 353 პრიმა მუხლი], პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე გადაუკვალიფიცირა [სსკ-ის 353-ე მუხლი] და სასჯელის ზომად და სახედ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. კუჭუაშვილი 2024 წლის მაისში, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზედააკავეს, მას 2025 წლის 4 თებერვალს 4 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა. კუჭუაშვილმა ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, 26 მაისს დატოვა საპატიმრო. 

2025 წლის 19 ოქტომბერის, შსს-მ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილე 12 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. დაკავებულებს შორის არიან: ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, ლევან მარგიანი, გიორგი ყიასაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, საბა ხომერიკი, ლევან ჯობავა, თორნიკე თხილავა, გელა გამყრელიძე, ვახტანგ მაჭავარიანი, ლაშა ჩხარტიშვილი, მამუკა კუპრეიშვილი. დაკავებების სერია 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებს უკავშირდება, რომელმაც მოქალაქეებისთვის პროტესტის გამოხატვის ფორმები მნიშვნელოვნად შეზღუდა.

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით დაკავებული 12 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ოქტომბერს გაიმართა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაწილს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“, ნაწილს კი აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდა.

12 დაკავებულიდან 7-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ესენი არიან:

  • აქტივისტი ლარა ნაჭყებია – 4 დღე (სახის ნიღბით დაფარვა);
  • აქტივისტი ნინო სვანიძე – 5 დღე (გზის გადაკეტვა);
  • ფერმწერი ლევან მარგიანი – 6 დღე (გზის გადაკეტვა);
  • აქტივისტი გიორგი ყიასაშვილი – 6 დღე (გზის გადაკეტვა);
  • აქტივისტი დავით გოგიჩაიშვილი – 6 დღე (სახის ნიღბით დაფარვა);
  • აქტივისტი საბა ხომერიკი – 8 დღე (გზის გადაკეტვა);
  • აქტივისტი ლევან ჯობავა – 14 დღე (გზის გადაკეტვა);

2025 წლის 20 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის 4 მონაწილე – ნინო ბერუაშვილი, საბა ჯაფარიძე, თამარ თოთლაძე და თემო სარალიძე დააკავეს.  დაკავებულების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის 20 ოქტომბერსვე გაიმართა. შსს დაკავებულთაგან 2-ს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, 2-ს – აქციაზე სახის ნიღბით დაფარვას.

სასამართლომ ოთხივე დაკავებულს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. კერძოდ:

  • აქტივისტი ნინო ბერუაშვილი – 4 დღე (გზის გადაკეტვა);
  • მსახიობი საბა ჯაფარიძე – 6 დღე (აქციაზე სახის დაფარვა);
  • აქტივისტი თამარ თოთლაძე – 6 დღე (გზის გადაკეტვა);
  • აქტივისტი თემო სარალიძე – 6 დღე (აქციაზე სახის დაფარვა).

2025 წლის 21 ოქტომბერს, შსს-მ დილიდან რუსთაველის საპროტესტო აქციაში მონაწილე პირების დაკავებები დაიწყო. დღის მანძილზე, სამართალდამცავებმა პროტესტის კიდევ 5 აქტივისტი – ბექა ქურხული, კახა მიქაია, კონსტანტინე მიქაია, ბორის კუცია და იმედა კლდიაშვილი დააკავა. ყველა მათგანს აქციაზე სახის დაფარვას ანდა „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დემონსტრაციებზე ახალი წესების დარღვევისთვის დაკავებულ ხუთ აქტივისტს ადმინისტრაციული პატიმრობა  შეუფარდა. 

ახალი წესის დარღვევისთვის:

  • ბექა ქურხულს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს;
  • კახა მიქაიას – 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს;
  • კონსტანტინე მიქაიას – 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს;
  • იმედა კლდიაშვილს – 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

2025 წლის 22 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. სამინისტროს ცნობით, ბოლო სამ დღეში, მას შემდეგ, რაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ახალი კანონი ამოქმედდა, პოლიციამ 53 ადამიანი დააკავა, მათგან 40-ზე მეტი უკვე სამართალდამრღვევად ცნეს. მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, დოკუმენტირებულია 22 შემთხვევა. გარდა ამისა, 19-21 ოქტომბრის შუალედში შსს-მ აქტივისტებთან ერთად სამი ჟურნალისტი დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დამატებით 28 დაკავებული პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. 

2025 წლის 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შსს-მ ადმინისტრაციული წესით 20-მდე მოქალაქე დააკავა. დაკავებების სერია 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებს უკავშირდება, რომელმაც მოქალაქეებისთვის პროტესტის გამოხატვის ფორმები მნიშვნელოვნად შეზღუდა.  შსს-მ რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე გზის უკანონოდ გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით ადმინისტრაციული დაკავებები 18 ოქტომბერს დაიწყო. 

2025 წლის 22 ოქტომბერს, 48 წლის თამარ ლორთქიფანიძე, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საპატრულო მანქანაზე ასვლის გამო დააკავეს. 

მოქალაქეების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს,  რომ თამარი, აქციის სხვა რამდენიმე მონაწილესთან ერთად, ჯერ გზის სავალ ნაწილზე ზის, შემდეგ ფეხზე დგება, ხელებს შლის და ასე ცდილობს შეაჩეროს ავტომობილების მოძრაობა. დაახლოებით ორ წუთში, თავისუფლების მოედნიდან საპატრულო ეკიპაჟის მანქანა ჩნდება კადრში, თამარი ამჯერად პოლიციის მანქანის პირისპირ, რამდენიმე მეტრში დგება და შლის ხელებს. რამდენიმე წამში კი გარბის საპატრულო მანქანისკენ, მასზე ადის და დგება სახურავზე. მალევე, თამარ ლორთქიფანიძე თავისით ჩამორბის მანქანიდან და კვლავ ხელგაშლილი დგება გზის სავალ ნაწილზე. აღნიშნული ქმედების გამო, შსს მას სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, თუმცა, საქართველოს პროკურატურამ თამარ ლორთქიფანიძეს 24 ოქტომბერს ბრალი დაუმძიმა და ახლა აქტივისტს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას ედავება.  

თამარ ლორთქიფანიძეს ბრალად ედება:

  • ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
  • პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება, აღკვეთის ღონისძიებას, 25 ოქტომბერს, თამარ ლორთქიფანიძეს მოსამართლე ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

2025 წლის 22 ოქტომბერს, შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. 24 ოქტომბერს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ კი დაკავებულ აქტივისტს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შსს მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. 

2025 წლის 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შსს-მ ადმინისტრაციული წესით 20-მდე მოქალაქე დააკავა. დაკავებების სერია 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებს უკავშირდება, რომელმაც მოქალაქეებისთვის პროტესტის გამოხატვის ფორმები მნიშვნელოვნად შეზღუდა.  შსს-მ რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე გზის უკანონოდ გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით ადმინისტრაციული დაკავებები 18 ოქტომბერს დაიწყო. 

2025 წლის 22 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. სამინისტროს ცნობით, ბოლო სამ დღეში, მას შემდეგ, რაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ახალი კანონი ამოქმედდა, პოლიციამ 53 ადამიანი დააკავა, მათგან 40-ზე მეტი უკვე სამართალდამრღვევად ცნეს. მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, დოკუმენტირებულია 22 შემთხვევა. გარდა ამისა, 19-21 ოქტომბრის შუალედში შსს-მ აქტივისტებთან ერთად სამი ჟურნალისტი დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დამატებით 28 დაკავებული პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. 

2025 წლის 24 ოქტომბერს,  რუსთაველის გამზირზე 23 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისა და გამზირის გადაკეტვის გამო პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.  დაკავებულთა შორის არიან:

  • ბაჩო ქიმუცაძე – “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი;
  • ნათია ლეთოდიანი – პარტია „დროა“ წევრი;
  • დავით მშვენიერაძე – ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტი; [6 დღიანი პატიმრობა]
  • ნინო ლაღიძე – გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი;
  • ზურა ცეცხლაძე – სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა
  • თენგო კირთაძე – პარტია “ფედერალისტების” წევრი;
  • ანუკა გამსახურდია – სამოქალაქო აქტივისტი;
  • დანი მაღრაძე – სამოქალაქო აქტივისტი;
  • ზვიად კვარაცხელია – მწერალი, გამოცემელი, ტელეწამყვანი.
  • გიორგი ლიფონავა – რეჟისორი; ტელეკომპანია “ფორმულას“ დამფუძნებელი,
  • აჩი გოჩიტაშვილი – სტუდენტი; [10 დღიანი პატიმრობა] 
  • ვასო ბერიძე – სტუდენტი;
  • ნათია გოგავა – სამოქალაქო აქტივისტი;
  • ნატალია სლეპაკოვა – სამოქალაქო აქტივისტი.
  • დავით ჭკადუა – გადაცემა „წიგნების თაროს“ მეორე სტუდენტური სეზონის ჩემპიონი.
  • გიორგი მელითაური [10 დღიანი პატიმრობა]

2025 წლის 29 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მასწავლებელ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა (სეკუნდა) მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე/მანდატურზე თავდასხმა) ჰქონდა წარდგენილი. მასწავლებელმა და აქტივისტმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა. აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის შესახებ განცხადება პროკურატურამ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაავრცელა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვდნენ ნინო დათაშვილის ადვოკატებიც, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში მკვეთრად გაუარესდა და მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება ხერხემლისა და კისრის არეში. დათაშვილმა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო პროცესზე მისვლა ვერ შეძლო და სხდომას დისტანციურად დაესწრო. 

2025 წლის 29 ოქტომბერს, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მკვლევარ შალვა კოღუაშვილს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შსს მას 27 ოქტომბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისიწინებულ სამართალდარვევას – გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

2025 წლის 27-31 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხუთი დღის განმავლობაში რუსთაველზე საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას 29 მოქალაქე დააკავეს. შსს მათ რუსთაველის გამზირის „უკანონოდ გადაკეტვას“ ედავება, რაც 16 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო პაკეტით, გამკაცრებულად ისჯება, პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობით, ჯარიმის გარეშე.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის ნოემბერი

კონტექსტი

2025 წლის ნოემბერში დოკუმენტირებული ინციდენტები საპროტესტო აქციებში მონაწილე პირების მიმართ დაკავებებისა და ადმინისტრაციული პატიმრობების სისტემურ პრაქტიკას აჩვენებს, განსაკუთრებით რუსთაველის გამზირზე “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” ბრალდებებთან დაკავშირებით. თვის განმავლობაში არაერთ მოქალაქეს შეეფარდა როგორც ხანმოკლე, ისე რამდენიმე დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

გარდა ამისა, დაფიქსირდა სისხლისსამართლებრივი წესით დაკავების შემთხვევაც, როდესაც სამოქალაქო აქტივისტს პროკურატურა გზის განმეორებით ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა და სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამავე პერიოდში მიმდინარეობდა ე.წ “სინდისის პატიმრების” საქმეების სააპელაციო განხილვები, სადაც უმეტესწილად სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა. 

ნოემბერში ასევე გამოვლინდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები, როდესაც აქციის მონაწილეებს პოლიციამ მარშის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა. პარალელურად, დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის ინციდენტიც, რომელიც პროევროპულ აქციებში მონაწილე პირის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება.

მთლიანობაში, ნოემბრის ინციდენტები ადასტურებს სამართლებრივი და ადმინისტრაციული მექანიზმების აქტიურ გამოყენებას საპროტესტო აქტივობებში ჩართულ მოქალაქეთა მიმართ, ასევე აქტივისტთა წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევებს.

2025 წლის 1-ლ ნოემბერს, ზურაბ მენთეშაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დააკავეს. მას პროკურატურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გზის განმეორებით ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. 3 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლალი გარშაულიშვილმა, მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

2025 წლის 1-ლ ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ყოფილ წარმომადგენელს, გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ დიპლომატ გიორგი წიქარიშვილს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

2025 წლის 1-ლ ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მერიოტის მოპირდაპირედ დააკავეს ლევან ბუტიკაშვილი.

2025 წლის 4 ნოემბერს, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველის საპროტესტო აქციების მონაწილეები დააკავა. დაკავებულებს შორის არიან: პოეტი პაატა შამუგია, ბექა აგულაშვილი, ვაჟა ბერიშვილი, ანუკა გამსახურდია და ნიკოლოზ დარსანია. მათ შსს რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით დაკავებული აქტივისტების პროცესები 5 ნოემბერს  მიმდინარეობდა:

  1. პოეტ პაატა შამუგიას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. 
  2. ანუკა გამსახურდიას 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა;
  3. ნიკოლოზ დარსანიას 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა;
  4. 70 წლის ვაჟა ბერიშვილს 1-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. მან იზოლატორი რამდენიმე საათში დატოვა;
  5. ბექა აგულაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. 

2025 წლის 5 ნოემბერს, საბჭოთა წარსულის მკვლევარს, პედაგოგს, ისტორიკოსს, რუსიკო კობახიძე პოლიციამ გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დააკავა. მას ღამით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

2025 წლის 6 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ არასრულწლოვანი, 15 წლის ანდრია ხამაშურიძე დააკავა. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, მოზარდი პოლციიამ ძალის გამოყენებით ჩასვა დაკავების მანქანაში. მოგვიანებით, ანდრია გაათავისუფლეს.

2025 წლის 6 ნოემბერს, პროევროპული აქციების მონაწილე, ნუგზარ კირთაძე ამბობს, რომ ე.წ. ტიტუშკებმა სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და სასტიკად სცემეს. მისი თქმით, მინიმუმ ორი ნიღბიანი მას სადარბაზოში დახვდა და ზურგიდან ჩაარტყა. მიყენებული დაზიანებების გამო, როგორც კირთაძე იხსენებს, რამდენიმე წუთით მან გონებაც დაკარგა.

2025 წლის 7 ნოემბერს, სამოქალაქო აქტივისტი ბაია მარგიშვილი, რომელსაც მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლოს ეზოში დააკავეს. მარგიშვილს შსს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. 

2025 წლის 7 ნოემბერს, კონსტანტინე მიქაიას 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება კობა ჩაგუნავამ მიიღო. შსს მას 19 და 20 ოქტომბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

2025 წლის 12 ნოემბერს, პროევროპული აქციების მსვლელობისას დაკავებული აქტივისტის, საბა სხვიტარიძის 2-წლიანი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ძალაში დატოვა. 

საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით, თავისუფლების მოედანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება მოქალაქეებსა და შავებში ჩაცმულ უცნობ პირებს შორის, რომლებიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად იყვნენ შეკრებილები.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. თუმცა სასამართლო განხილვების პროცესში პროკურატურამ ბრალდება შეამსუბუქა და სხვიტარიძეს ბრალად კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარუდგინა. საბოლოოდ, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქტივისტი დამნაშავედ ცნო 120-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) პირველი ნაწილით და მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმაც უცვლელად დატოვა.

2025 წლის 13 ნოემბერს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ საბჭოთა წარსულის მკვლევარს, პედაგოგს, ისტორიკოსს, რუსიკო კობახიძეს, უკვე მეორედ გზის გადაკეტვის საბაბით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლი), სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

2025 წლის 15 ნოემბერს, თბილისში, ზანდუკელის ქუჩის მიმდებარედ, პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზა ჩაუხერგა და საფეხმავლო გზაზე გადაადგილების საშუალება არ მისცა. პოლიციელებს ადგილზე კორდონი ჰქონდათ გაკეთებული. აქციის მონაწილეებს კი სურდათ, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმთან მარშით მისულიყვნენ.  

2025 წლის 19 ნოემბერს, სინდისის პატიმრის მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე, პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და მთარგმნელი, ქეთევან ხუსკივაძე დააკავა. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, გოგა მემანიშვილის თქმით, ხუსკივაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. 

2025 წლის 22 ნოემბერს, პოლიციამ საპროტესტო აქციაზე დაკავებები დაიწყო. „წვრილმანი ხულიგნობის“ საბაბით დააკავეს  რეჟისორი გიორგი სავანელი.  მასთან ერთად დაკავებულები არიან: ლუკა ჭოხონელიძე, ოთო ირემაძე, დავით გუნაშვილი, მარიამ მეყანწიშვილი, ცოტნე მირცხულავა, სოფო მარკოზია.

აქციაზე დაკავებულ რეჟისორ გიორგი სავანელს, 24 ნოემბერს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის ივნისი

2025 წლის ივნისში დოკუმენტირებული ინციდენტები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებასა და კრიტიკული მოქალაქეების მიმართ ზეწოლის სხვადასხვა ფორმის გამოყენებაზე მიუთითებს. თვის განმავლობაში პროევროპული საპროტესტო აქციების რამდენიმე მონაწილეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო რიგ შემთხვევებში გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სასამართლოს შენობაში ან საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტების საფუძველზე.

ივნისში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო აქტივისტისა და მასწავლებლის, ნინო დათაშვილის საქმემ, რომლის წინააღმდეგაც სასამართლოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ თავდაპირველად გამოძიება დაიწყო, მოგვიანებით კი იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. ამავე პერიოდში, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს პოეტი ზვიად რატიანი, რომელსაც მოგვიანებით სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გარდა სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევებისა, დაფიქსირდა ფინანსური სანქციების გამოყენების ფაქტებიც. მათ შორის, ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებების გამო დაჯარიმდა.

დოკუმენტირებული შემთხვევები აჩვენებს, რომ საპროტესტო აქტივობებში მონაწილე პირების მიმართ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ივნისშიც აქტიურად გაგრძელდა და მოიცავდა როგორც დაკავებასა და თავისუფლების აღკვეთას, ასევე ფინანსური სანქციების გამოყენებას.

ინციდენტები:

2025 წლის 2 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლილი მსხილაძემ, 2023 წლის დეკემბერში რუსთაველის გამზირზე სამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 23 წლის დანიელ მუმლაძეს და 26 წლის გურამ ხუტაშვილს 3-3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ და ზარალის ანაზღაურებისთვისაც მზად იყვნენ, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდათ.

ნინო დათაშვილის საქმე

აქტივისტისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ნინო დათაშვილის საქმე 2025 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტით დაიწყო, სადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. 

9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში ნინო დათაშვილსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. მანდატურები ნინო დათაშვილს სიტყვიერად აიძულებდნენ, დაეტოვებინა ადგილი, სადაც, მათი განცხადებით, დგომა აკრძალული იყო სასამართლოს მითითებით. ამას ნინო დათაშვილის მხრიდან თავდაპირველად სიტყვიერი წინააღმდეგობა მოჰყვა. ინციდენტის ამსახველ ვიდეოში, რომელიც აქტივისტებმა გაავრცელეს ჩანდა, რომ ნინო დათაშვილი სასამართლოს შენობიდან რამდენიმე მანდატურმა იძულებით გაიყვანა. 

2025 წლის 11 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ნინო დათაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი საჯარო მოსამსახურეზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს. 

აღნიშნული ინციდენტიდან 11 დღის შემდეგ, 2025 წლის 20 ივნისს, სამართალდამცავებმა ნინო დათაშვილი დააკავეს, ხოლო სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად გაიზიარა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე თავიდანვე მიუთითებდა ჯანმრთელობის რისკებზე. 

ნინო დათაშვილის დაკავებიდან მალევე, 200-ზე მეტმა მასწავლებელი და ლექტორმა დაკავებულ მასწავლებელს სოლიდარობა გამოუცხადა და განცხადება გაავრცელა. მასწავლებლები აცხადებენ, რომ ნინო დათაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა. ისინი ითხოვდნენ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უფრო მსუბუქი ფორმით შეცვლილიყო.

7 აგვისტოს სასამართლო პროცესზე ნინო დათაშვილმა გაიხსენა, როგორ ექცეოდნენ პოლიციელები 20 ივნისს, დაკავების შემდეგ. მასწავლებლისა და აქტივისტის თქმით, მას რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ შვილთან და ადვოკატთან დარეკვის საშუალებას. დათაშვილი ჰყვებოდა, რომ განყოფილებაში გააშიშვლეს და რამდენიმე საათის განამვლობაში არ მისცეს ტუალეტში შესვლის უფლება ( ნიშანდობლივია, რომ იდენტურ მოპყრობაზე ისაუბრა მზია ამაღლობელმაც). მასწავლებლის თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ექცეოდნენ ექცეოდნენ როგორც ნივთს, ცინიკურად და ღირსების შემლახავად.  

საპატიმროში ყოფნის პერიოდში საქმემ კიდევ უფრო რეზონანსული ხასიათი მიიღო, როდესაც აგვისტოს დასაწყისში პროკურატურამ ბრალდებულის სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერის საფუძველზე სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოითხოვა. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს უარის თქმის შემთხვევაში 20 დღით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი გადაყვანით დაემუქრნენ, რაც უფლებადამცველებმა და თავად დათაშვილმა საბჭოთა ტიპის რეპრესიულ პრაქტიკად და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობად შეაფასეს.

სექტემბრიდან ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში მკვეთრად და კრიტიკულად გაუარესდა, რის გამოც მან ხერხემლის პრობლემების ფონზე დამოუკიდებლად გადაადგილების, ჯდომისა და საკვების მიღების უნარიც კი დაკარგა. მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო ის საკუთარ სასამართლო სხდომებზე გამოცხადებასაც ვეღარ ახერხებდა, რაც სასჯელაღსრულების სამსახურის მთავარმა ექიმმაც ოფიციალურად დაადასტურა. მიუხედავად ადვოკატების არაერთი მცდელობისა და საზოგადოებრივი პროტესტისა, სასამართლო მას თავდაპირველად მაინც პატიმრობაში ტოვებდა.

საბოლოოდ, ვინაიდან პატიმრობაში ყოფნა შეუთავსებელი აღმოჩნდა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, თავად პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 2025 წლის 29 ოქტომბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა, რის შემდეგაც მან საპატიმრო დაწესებულება მკურნალობის მიზნით დატოვა

ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ნინო დათაშვილის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ კამპანიად აფასებენ.

უფლებადამცველების ძირითადი აქცენტები და შეფასებები რამდენიმე მიმართულებად იყოფა:

  • პატიმრობის დაუსაბუთებლობა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებაში განმარტა, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენება სრულიად დაუსაბუთებელი იყო, რადგან არ არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების ან ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე. საქართველოს სახალხო დამცველმაც აღნიშნა, რომ პატიმრობის მუდმივი გაგრძელება აბსტრაქტულ რისკებს ეყრდნობოდა და უგულებელყოფდა მის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას.
  • საბჭოთა ტიპის ფსიქიატრიული რეპრესიები: ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალებმა მკაცრად დაგმეს იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის მოთხოვნა. მათი შეფასებით, სამედიცინო ისტორიიდან ამოგლეჯილი სიმპტომის („ემოციური ლაბილობის“) გამოყენება აქტივისტის წინააღმდეგ იყო „საბჭოთა ტიპის რეპრესიული პრაქტიკის“ დაბრუნება და უთანაბრდებოდა არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
  • საერთაშორისო გამოხმაურება: წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციამ (OMCT) და ადამიანის უფლებათა დამცველთა დაცვის ობსერვატორიამ (FIDH) დათაშვილის პატიმრობა შეაფასეს როგორც თვითნებური დაკავება და სასამართლო დევნა, რომელიც მიზნად ისახავდა მის დასჯას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვისთვის.
  • ჯანმრთელობის უფლების დარღვევა: საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ საპატიმროში დათაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების არმიწოდება (FIDH) და მისი მძიმე ფიზიკური ტკივილის უგულებელყოფა ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური სტანდარტების უხეში დარღვევა იყო.

2025 წლის 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა, ე.წ „სინდისის პატიმარს“ , 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

2025 წლის 18 ივნისს, ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია  „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 4 000 ლარით დააჯარიმა. ბაია პატარაიას  Facebook-ზე მამუკა მდინარაძის, თეა წულუკიანისა და მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. 

2025 წლის 23 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. მან პოლიციელს პროტესტის ნიშნად სახეში სილა გააწნა. 25 ივნისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა  პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რატიანს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის ივლისი

კონტექსტი

2025 წლის ივლისში დოკუმენტირებული ინციდენტები კვლავ მიუთითებს სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე, ასევე, ფიზიკურ ძალადობაზე. თვის განმავლობაში, პროევროპულ აქციებში მონაწილეობისას დაკავებულ რამდენიმე აქტივისტს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გარდა სისხლის სამართლის საქმეებზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენებისა, ივლისში დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის 2 შემთხვევა, რომლებიც შეეხო სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულ მუსიკოსებს. ინციდენტები უკავშირდებოდა მათ მონაწილეობას ან ასოცირებას საპროტესტო შინაარსის მქონე კულტურულ გამოხატვებთან, მათ შორის სიმღერა „ოლე ოლას“ შესრულებასთან. აღნიშნულ შემთხვევებში დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ მათზე განხორციელებული თავდასხმები ან მუქარები სწორედ ამ აქტივობას უკავშირდებოდა.

მთლიანობაში, ივლისის ინციდენტები აჩვენებს ტენდენციას, სადაც სამართლებრივი დევნა, თავისუფლების აღკვეთა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები მიემართება იმ პირებს, რომლებიც ან უშუალოდ მონაწილეობენ საპროტესტო აქტებში, ან ასოცირდებიან მათთან დაკავშირებულ კულტურულ და საჯარო გამოხატვასთან.

ინციდენტები:

2025 წლის 3 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი მინდაძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე მინდაძეს (გდდ) თანამშრომლისთვის პიროტექნიკის სროლას ედავებოდა. 

2025 წლის 6 ივლისს, მუსიკოსს, მსახიობსა და ტელეწამყვანს, ვანო თარხნიშვილს უცნობი პირები საცხოვრებელ კორპუსთან თავს დაესხნენ და დაზიანებები მიაყენეს. მსახიობი თავდასხმას უკავშირებს 2025 წლის იანვარში თბილისის ერთ-ერთ პაბში მის მიერ სიმღერა „ოლე ოლას“ შესრულებას. თარხნიშვილმა ინციდენტის შემდეგ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ მას სახის არეში, თვალთან და ცხვირთან, სისხლნაჟღენთები აღენიშნება.

2025 წლის 8 ივლისს, მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz) არაიდენტიფიცირბეული პირები თავს დაესხნენ. როგორც მუსიკოსი ამბობს, ინციდენტამდე ის 6 თვის განმავლობაში მუქარის შემცველ წერილებს იღებდა. კორძი თავდასხმას საპროტესტო სიმღერა „ოლე ოლას“უკავშირებს, ვინაიდან სიმღერას მუსიკალური გაფორმება ალექსანდრე კორძაიამ გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ ამ სიმღერის შესრულების გამო თავს დაესხნენ ვანიკო თარხნიშვილსა და დავით გაბუნიას. 

2025 წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ ანრი კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ანრი კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ანრი კვარაცხელიას მოლოტოვის კოქტეილის სროლით გდდ-ის თანამშრომლებისთვის საფრთხის შექმნას ედავებოდა, თუმცა მის საქმეში ფიზიკურად დაზიანებული პოლიციელი არ არსებობდა. კვარაცხელია ბრალს არ აღიარებდა და თვლიდა, რომ მისი საქმე ხელოვნურად „შეკერილი“ იყო. 

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის იანვარი

2025 წლის იანვარში დოკუმენტირებული ინციდენტები სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ გამოყენებულ, ზეწოლის მრავალფეროვან და ინტენსიურ ფორმებზე მიუთითებს. შემთხვევები მოიცავს ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ დევნას, ფიზიკურ ძალადობას, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ფინანსურ სანქციებსა და პროფესიულ საქმიანობაში სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას. 

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით თვალსაჩინოა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული მასობრივი დაკავებები თბილისსა და ბათუმში, ასევე სასამართლოების მიერ აქტივისტებისა და ე.წ. „სინდისის პატიმრების“ მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები. პარალელურად, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები სამსახურიდან გათავისუფლებას საკუთარ სამოქალაქო პოზიციასა და პროტესტში მონაწილეობას უკავშირებდნენ, რამაც განსხვავებული აზრის გამოხატვის შემაკავებელი, ე.წ „მსუსხავი“ ეფექტი შექმნა. 

ასევე გამოვლინდა ფიზიკური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, მათ შორის აქტივისტების მიმართ როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საერთო ჯამში, იანვრის მოვლენები ასახავს გარემოს, სადაც სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ძალისმიერი მექანიზმები ერთობლივად გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ინციდენტები:

2025 წლის 5 იანვარს, საჯარო მოხელეები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თანამშრომელი – ვაკო მაისურაძე, რეორგანიზაციის მიზეზით სამსახურიდან გაათავისუფლა. მაისურაძე მის გათავისუფლებას “ქართული ოცნების” ძალადობის საჯარო დაგმობას უკავშირებს. აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის თანამშრომელიც. პავლე გახარიას თქმით, მას შრომითი ხელშეკრულება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუჩერეს.

2025 წლის 8 იანვარს, გერმანიის მოქალაქე გელა მეგრელიძეს, რომელიც ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების მონაწილეა, სამშობლოში ბინადრობის უფლება არ მისცეს და აქციაზე სამართალდამრღვევად სცნეს. გელა მეგრელიძეს, რომელიც 20 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, ბინადრობის ნებართვა არ მისცეს. გერმანიის მოქალაქე საქართველოში ცხოვრების უფლებას ითხოვდა, თუმცა უარის მიზეზად მიუთითეს, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ფოტოგრაფ გელა მეგრელიძისთვის გადაცემულ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მისი საქართველოში ყოფნა „სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია“.

2025 წლის 10 იანვარს, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ სინდისის 11 პატიმრის – ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩაიას, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, სერგეი კუხარჩუკის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის, ვალერი თეთრაშვილის საქმეები განიხილა და ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროევროპული საპროტესტო აქციების აქციების მონაწილე თერთმეტ პირს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას ედავება. 

2025 წლის 11 იანვარს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა სინდისის 8 პატიმრის – ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გიორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოს ჯავახიშვილის საქმეები და ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხუთს კი – ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2025 წლის, 11 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროევროპული პროტესტის მიმდინარეობისას,  აქციის ერთ-ერთი მონაწილე, შშმ პირთა უფლებადამცველი, გია ჯვარშეიშვილი, დააკავეს. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორის, ეკა გიგაურისა და “საქართველოს ევროპული ორბიტის” ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას ბრიფინგიდან ირკვევა, ჯვარშეიშვილის დაკავებისას არაერთი უფლება დაირღვა და მას მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ისევე ფიზიკური შეურაცხყოფა. 

2025 წლის 12 იანვარს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოსთან“, ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სახელწოდებით „უსამართლო სასამართლო“ გაიმართა. აქციის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელებსა და საპროტესტო ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლო სისტემის წარმომადგენლები და ე.წ. „კლანის“ წამყვანი მოსამართლეები რესტორანში საახალწლო კორპორატიულ წვეულებას მართავდნენ. მოქალაქეების მწვავე პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის, მასობრივი დემონსტრაციებისა და მომიტინგეთა დაკავებების ფონზე, მოსამართლეები სადღესასწაულო ვახშამს აწყობდნენ. აქცია დღის მეორე ნახევარში დაიწყო, რის გამოც ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდა პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების დიდი რაოდენობა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები. სამართალდამცავებმა რესტორნის პერიმეტრი სრულად ჩაკეტეს, რათა შენობაში მყოფი სტუმრები მომიტინგეებისგან დაეცვათ.

ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე საპროტესტო აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა. მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საგულისხმოა, რომ ყველა დაკავებული საუბრობდა დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. 

დაკავებულების პროცესი 14 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. დაკავებულ 8 აქტივისტს მოსამართლეებმა ადმინისტრაციული პატიმრობები შეუფარდეს

კერძოდ: 

  • მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ტიტე გედენიძესა და ზვიად რობაქიძეს  10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო შაკო მაღრაძეს  – 12-დღიანი პატიმრობა.
  • მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დანიელ ბულკაშვილს 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა; 
  • მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ზურაბ მანჩხაშვილს 13 დღიანი, ხოლო გიორგი ჩაჩანიძეს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა;
  • მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ბექა პაპაშვილს 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა;
  • მოსამართლე ნინო ენუქიძემ კახა ჯაფარიძეს 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

2025 წლის 11-12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 13 აქტივისტი დააკავა.

11 იანვარს დაკავებები დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საპროტესტო პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს აქტივისტი თათია აბულაძე. მოგვიანებით, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს აქტივისტი ციალა ქათამიძე, რომელმაც ანალოგიური შინაარსის პლაკატი გააკრა. პოლიციამ სხვადასხვა ეპიზოდში დააკავა აქტივივისტები: მათე ცენტერაძე, გოდერძი ფრანგიშვილი, თემურ ქათამაძე, ლალი დგებუაძე, თეო ბერიძე, მალხაზ ირემაძე და არასრულწლოვანი ნინი შავაძე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დაკავებულთა ნაწილს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

12 იანვარს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. მათ შორის იყვნენ: ელიზბარ ჩხიკვაძე, ლუკა ნაცვლიშვილი, შუშანა მაცაბერიძე და ლევან ხორავა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულები ფოთში გადაიყვანეს. 

2025 წლის 13 იანვარს,  “ქართული ოცნების” წევრებმა, ვიქტორ სანიკიძემ და ირაკლი ზარქუამ, დუბაიში, სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა გაბიტაშვილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება ლაშა გაბიტაშვილის მიერ “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის, წინა დღით, “მონისა” და “მოღალატის” დაძახებას მოჰყვა. 

2025 წლის 13 იანვარს, თბილისის მერიის თანამშრომელი, ქრისტინა ჩუბინიძე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ყოფილი საჯარო მოხელე ამბობს, რომ სამსახურიდან კონსტიტუციის და ქვეყნის ევროპული ღირებულებების ერთგულების გამო გაუშვეს. მისი განმარტებით, 31 დეკემბერს შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის შესახებ მხოლოდ 13 იანვარს შეიტყო. ქრისტინა ჩუბინიძე ერთ-ერთი იყო იმ მოქალაქეთაგან, ვინც ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელი მოაწერა. 

გარდა ქრისტინა ჩუბინიძისა, 5 იანვარს, საჯაროდ გავრცელებული წყაროებიდან გახდა ცნობილი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ვაკო მაისურაძე გაათავისუფლეს სამსახურიდან რეორგანიზაციის მიზეზით. მაისურაძე გათავისუფლებას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. ასევე 5 იანვარს გახდა ცნობილი, რომ 112-ის თანამშრომელს, პავლე გახარიას, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაუშვეს სამსახურიდან. 

2025 წლის 18 იანვარს, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის VII სამმართველოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. მათ შორის არიან: რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, სონა კალანდაძე, „ჰარაკის“ მენეჯერი მარიამ პაიჭაძე, თამარ ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი. მათ პირბადის ტარებასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

თემქის პოლიციასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების ნაწილი პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს. ადვოკატის განცხადებით, სონა კალანდაძეს პოლიციის განყოფილებაში შეყვანისას თმა მოქაჩეს და აგინეს, მარიამ პაიჭაძეს კი დაკავების დროს ასევე თმაში მოქაჩეს. მისივე თქმით, ერთ-ერთი სავარაუდო სამართალდამცავი, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო, დაკავებულებს დასცინოდა და აქციებში მონაწილეობისთვის ამცირებდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის თქმით, პოლიციის განყოფილებაში კეფაში ჩაარტყეს გურამ მაცხონაშვილს. 

2025 წლის 20 იანვარს, სინდისის პატიმრების ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის საქმეზე, მოსამართლე ნინო გუდაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. პატიმრებს სასჯელის სახედ 3-3 წელი განესაზღვრათ, რაც ამნისტიით 2,5 წელი გახდა. აქედან ერთი წელი პირობით სასჯელად ჩაითვალა, ხოლო წელიწად-ნახევარი – სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად. ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 8 თვეა სასჯელს იხდიან, შესაბამისად, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებენ. 20 იანვარს სასამართლო სხდომაზე ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა აღიარეს მათ მიმართ წაყენებული ბრალი. პროკურატურა მათ 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებოდა. როგორც საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ თქვა, ბრალდებულებმა აანაზღაურეს ეს ზიანიც. 

ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი პოლიციამ  ე.წ. “აგენტების კანონის” საპროტესტო აქციაზე დააკავეს

2025 წლის 20 იანვარს, ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. –  გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია. ბუბუტეიშვილს პროკურატურა ასევე, მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავებოდა.

2025 წლის 26 იანვარს, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში სამოქალაქო აქტივისტი, ვახო ფიცხელაური გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტი ამბობს, რომ მინიმუმ 3 ნიღბიანი პირი თავს მაშინ დაესხა, როცა ის მაღაზიაში მიდიოდა. ფიცხელაური აღნიშნულ ფაქტს მის საქმიანობას უკავშირებს

2025 წლის 29 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ მოქალაქეებმა “ქართული ოცნების” პოლიტიკის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და კარვები მიიტანეს, თუმცა, აქციის მიმდინარეობისას პოლიცია მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავდა. სამართალდამცავებმა მოქალაქეებს საპროტესტო კარვებიც წაართვეს.

2025 წლის 20 იანვარს, რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. შსს მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლებს ედავებოდა. მუხლები პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და აქციაზე სახის დაფარვას გულისხმობს. მაცხონაშვილი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის VII სამმართველოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დააკავეს რამდენიმე აქტივისტთან ერთად. 

2025 წლის 27 იანვარს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სახის დამფარავი საშუალების აქციაზე ტარებისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, პარტია “დროას” პოლიტიკური აქტივისტი მარიამ სიჭინავა 2000 ლარით დააჯარიმა.

2025 წლის 30 იანვარს, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომელი, ნინო ხაზალაშვილი წერს, რომ სამსახურიდან პოსტის “დაჰაჰავების” გამო გაათავისუფლეს. ხაზალაშვილის თქმით, ის კვირების განმავლობაში გამოხატავდა რეაქციებს სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებულ პოსტებზე, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის აგვისტო

კონტექსტი

2025 წლის აგვისტოში დოკუმენტირებული ინციდენტები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი რეაგირების გამკაცრებაზე მიუთითებს. თვის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დაკავებული მონაწილეების პროცესების განხილვა დასკვნით ფაზაში გადავიდა. მოსამართლეებმა ე.წ “სინდისის პატიმრები” დამნაშავედ სცნეს და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ცალკეულ შემთხვევებში სასამართლომ თავდაპირველი ბრალდებები შედარებით მსუბუქ მუხლებზე გადააკვალიფიცირა. ბრალდებულთა უმეტესობა ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული იყო, ხოლო ადვოკატების შეფასებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები სანდოობას მოკლებული იყო.

ამავე პერიოდში გაძლიერდა ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზეც – სასამართლოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კრიტიკული და უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის მცდელობად აფასებდნენ.

ჯამში, აგვისტოში დაფიქსირებული შემთხვევები აჩვენებს, რომ საპროტესტო პროცესებთან დაკავშირებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ზეწოლის პრაქტიკა კვლავ ინტენსიურად გრძელდებოდა და ის შეეხებოდა როგორც ინდივიდუალურ აქტივისტებს, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

ინციდენტები

2025 წლის 12 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროევროპული აქციების დროს დაკავებულ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნაჭყებიამ გიგაურის ბრალდება, რაც „პოლიციელზე თავდასხმას“ ითვალისწინებდა, გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რაც პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. გიგაური 2024 წლის 24 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს – პოლიციელ ვახტანგ გაბუნიასთვის ხელის დარტყმის გამო. გიგაურის დაცვის მხარე ამბობდა, რომ ამ ფაქტს წინ უძღოდა ამავე პოლიციელის მხრიდან ძალადობა – სახეში დარტყმა – გიგაურის თქმით, სანამ ის ხელს მოიქნევდა, მანამდე პოლიციელმა თავად დაარტყა ხელი და შესაბამისად ის აუცილებელი მოგერიების პირობებში მოქმედებდა. 

2025 წლის 12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 9 დეკემბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდებულების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა საპროტესტო აქციის მონაწილეების მცდელობას, უნივერსიტეტის შენობაზე ბანერი განეთავსებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესაძლებლობა მათ უნივერსიტეტის ლექტორმა თეა ცაგურიამ არ მისცა, რასაც მოგვიანებით მისი მეუღლისა და თანმხლები პირის მიმართ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტს ანრი კაკაბაძეს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კაკაბაძე გადაწყვეტილების გამოცხადების დროისთვის უკვე დაახლოებით 7 თვის განმავლობაში იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და სასჯელის მოხდის მიზნით პატიმრობაში კიდევ 2 თვის გატარება მოუწევს.

ამავე საქმეზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს, 20 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, თუმცა წინასწარ პატიმრობაში გატარებული პერიოდის გათვალისწინებით, გადასახდელი თანხა 18 000 ლარით განისაზღვრა.

სასამართლომ ფინანსური სანქციები დააკისრა ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებს — გურამ მიქელაძეს, დავით გვიანიძეს და გიორგი დავითაძეს. თითოეულ მათგანს 17 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო წინასწარ პატიმრობაში გატარებული პერიოდის გათვალისწინებით, გადასახდელი თანხა 15 000 ლარამდე შემცირდა.

2025 წლის 15 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპული აქციების დროს დაკავებულ დავით ხომერიკს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებოდა (სსკ-ის 18-229 მუხლი), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხომერიკი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქმეში არსებული ნივთები/ნივთიერებები მას არ ეკუთვნოდა.

2025 წლის 22 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ პროევროპული აქციების დროს დაკავებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუსელიანცს ედავებოდნენ აქციების დროს პარლამენტთან დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების კაბელების დაზიანებას, რამაც 534 ლარის ზიანი გამოიწვია. არჩილ მუსელიანცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით და სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2025 წლის 27 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”,  ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების”, „საფარის” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.

პროკურატურის განცხადებით, ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება იმ სისხლის სამართლის გამოძიებებს უკავშირდებოდა, რომლებიც ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. უწყება ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული იყო სხვადასხვა დამცავი საშუალების, მათ შორის აირწინაღების, დამცავი სათვალეების, პირბადეების, სახის ნიღბებისა და წიწაკის სპრეის, შეძენა, რომელსაც უწყების მტკიცებით, თითქოსდა „საპროტესტო აქციების მონაწილეები პოლიციასთან დაპირისპირების დროს იყენებდნენ.“