თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ შშმ პირი დუტა ჯავახიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5,000 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯავახიშვილს 7 თებერვალს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებოდა.
კანონი შშმ პირების შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის ნაცვლად 5,000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს. დუტა ჯავახიშვილის თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ორი დემონსტრანტის, ნესტან მამაცაშვილისა და ნათია გოფოძის, საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა 31 იანვარს, შაბათის მარშის დღეს, გზის სავალი ნაწილის სავარაუდო „ხელოვნურად გადაკეტვას“.
მამაცაშვილისა და გოფოძის საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა. სასამართლომ ორივე დემონსტრანტი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ნესტან მამაცაშვილს, როგორც მცირეწლოვანი შვილების დედას, ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდა და მის მიმართ სანქციის სახით 5,000-ლარიანი ჯარიმა განისაზღვრა. ნათია გოფოძეს კი სასამართლომ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო აქტივისტი თამუნა კირტავა 31 იანვარს, „შაბათის მარშის“ დღეს, გზის გადაკეტვის საფუძვლით 5,000 ლარით დააჯრიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოაცხადა.
საქმე ადმინისტრაციული წესით განიხილებოდა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისთვის ცნობილი გახდა, რომ კირტავას 11 წლის შვილი ჰყავს და კანონმდებლობა მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას არ ითვალისწინებს, უწყებამ სასამართლოს მისი დაჯარიმება მოსთხოვა.
„[..] მე რომ აქ ვზივარ, ეს არის უკვე უსამართლობა. შეგიძლიათ პატიმრობაშიც გამიშვათ. არ აქვს თქვენს გადაწყვეტილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე აქციაზე დგომის გამო ვზივარ აქ“, – მიმართა მოსამართლეს თამუნა კირტავამ.
უწყვეტი პროტესტის მონაწილე, აქტივისტი ია მელითაური სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. ია მელითაურის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც შეიცავდა უცენზურო გამონათქვამებს და რომელშიც ნახსენები იყო გვარი „სალუქვაძე“. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, აღნიშნული პოსტი პოლიციელ ლაშა სალუქვაძეს მიემართებოდა.
საქმე მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხება და სანქციის სახით ითვალისწინებს 2,000-დან 5,000 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
დაცვის მხარის პოზიციით, საქმეში არ არის დადასტურებული, რომ სადავო პოსტი ია მელითაურმა გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ადვოკატის განმარტებით, პოსტში მითითებულია მხოლოდ გვარი „სალუქვაძე“ სახელის, სტატუსის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი დეტალის გარეშე, რის გამოც დაცვის მხარე დავობს, რომ არ მტკიცდება, კონკრეტულად პოლიციელ ლაშა სალუქვაძეს მიემართებოდა თუ არა აღნიშნული ტექსტი.
საკრებულოს დეპუტატის, ბექა დავითულიანის შეურაცხყოფისთვის, აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს 4000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
შემთხვევა, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალწარმოება დაიწყო, 9 აპრილს მოხდა. მემორიალთან მისულ დეპუტატს მარიამ მეყანწიშვილმა „ქვეყნის გამყიდველი“, „რუსი მონა“ და „მოღალატე“ უწოდა. დემონსტრანტის საპროტესტო შეძახილებზე დავითულიანმა მას რამდენჯერმე მოუწოდა, გაწეულიყო, რის შემდეგაც გაღიზიანდა, ქალს ხელი ჩაავლო და ადგილიდან ძალით განარიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ელიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის და მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ელიაშვილს ედავებოდა გზის ხელოვნურად გადაკეტვასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, კერძოდ იგი გზას კეტავდა და არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებას გზის სავალი ნაწილის დატოვების შესახებ. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ ელიაშვილი გზას არ კეტავდა და ამ ნაწილში სამართალწარმოება შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, იგი დაუმორჩილებლობაში მაინც სცნო სამართალდამრღვევად და 2000 ლარით დააჯარიმა.
საქმის განხილვა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო და რამდენჯერმე გადაიდო მტკიცებულებების წარმოდგენის საჭიროების გამო. მტკიცებულებების კვლევა 2025 წლის ნოემბერში დასრულდა. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალის მიხედვით, ელიაშვილი დაკავების მომენტში ბორდიურზე იდგა, ხოლო პოლიციელებმა იგი თავად გადაიყვანეს გზის სავალ ნაწილზე. ელიაშვილი, 22 ოქტომბერს დააკავეს.სოციალურ ქსელში მისი ადვოკატი, ბორის ჩელე ყურუა წერს, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება პირი დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას დაუმორჩილებლობისთვის, თუ სასამართლომ თავად დაადგინა, რომ ის არ ახორციელებდა იმ ქმედებას (გზის გადაკეტვას), რომლის შეწყვეტისკენაც პოლიცია მოუწოდებდა.
9 მარტს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მაგდა მამუკაშვილსა და მაკო ქაფიანიძეს, 5 000-5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ 31 იანვარს გამართული საპროტესტო აქციის დროს საავტომობილო გზის “ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა არ იქნა გამოყენებული, რაც იმ გარემოებით განიმარტა, რომ ორივე მათგანს 12 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს.
2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართული ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.
აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. ამავე ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ, ტროტუარზე პროტესტის გამო, სამოქალაქო აქტივისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, თემურ ბერიანიძე სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
თემურ ბერიანიძე აფხაზეთის ომის ვეტერანია და მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბერიანიძეს 2025 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტთან ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”. ე.წ. “ტროტუარის საქმეზე” უკვე 20-ზე მეტი აქტივისტის სასამართლო პროცესი იყო. მათგან, ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. არაერთი აქტივისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია, სასამართლო კი ჯერ არ ჩანიშნულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მახარაძე, რომელიც 2026 წლის 14 იანვარს, თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე დააკავეს, სამართალდამრღვევად ცნო და 4500 ლარით დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა (173-ე მუხლის პირველი ნაწილი) და სიტყვიერ შეურაცხყოფას (173-ე მუხლის მეორე ნაწილი) ედავებოდა. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს ჯარიმას 2 000-დან 5 000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას, 60 დღემდე ვადით. ამ ორი ნაწილის განმეორებით ჩადენა იწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.
14 იანვარს, თბილისში, ირანის საელჩოსთან, ირანელი ხალხის სოლიდარობის აქცია იმართებოდა. რადიო “თავისუფლების” ცნობით, ნუცა მახარაძის დაკავებამდე, დემონსტრანტები ირანის საელჩოსთან მდებარე შუქნიშანზე მწვანე ფერის ანთების დროს გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლით გამოხატავდნენ პროტესტს. მოგვიანებით, როგორც პოლიციამ განმარტა, „მწყობრიდან გამოვიდა შუქნიშანი“, მახარაძემ კი სწორედ ამ დროს დაიწყო გზის გადაკვეთა.
ნუცა მახარაძის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 16 იანვარს გაიმართა. ამ პროცესზე ის შეუძლოდ გახდა. ნუცა მახარაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში არასათანადო მოპყრობაზეც საუბრობდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, “ქართული ოცნების” დეპუტატნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო 4 000 ლარით დააჯარიმა.
“ნინო წილოსანის ჯიში’ – ამ სტატუსისთვის უჩივლა დეპუტატმა წილოსანმა ნატა ფერაძეს. ნატა ფერაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-16 ნაწილის დარღვევას ედავებოდნენ, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის უჩივიან და შემდეგ სასამართლო აჯარიმებს. 27 იანვარს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ ასევე სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა, პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე, ზუგდიდში მცხოვრები თაკო გვილია, Facebook-ზე პოლიციელის შესახებ დაწერილი პოსტის გამო.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეების სასამართლოში დაბარება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2025 წლის ივნისში “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო “ოცნებამ” ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონში. ეს ცვლილებები ძირითადად ცილისწამების ნაწილს შეეხო. კერძოდ, შეიცვალა ცილისწამების განმარტება – ზიანის კომპონენტი, რომელიც აქამდე აუცილებელი იყო რომ განცხადება ცილისწამებად შეფასებულიყო, განმარტებიდან ამოიღეს. ამ ცვლილებების ამოქმედებიდან მალევე, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო ექვსი ჟურნალისტი დააჯარიმეს. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ეს ცვლილებები შეაფასა, როგორც ”გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, რომელიც ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ “ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან”.