ფრანგ ფოტოგრაფ ფრანსის პრიმერსკის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ბინადრობის ნებართვა გაუუქმეს

ფრანგი ფოტოგრაფი ფრანსის პრიმერსკი, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ ბინადრობის ნებართვა გაუუქმეს. ფოტოგრაფი ხშირად აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს. 

დღეს ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მტკივნეულია, რადგან ეს მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხი არ არის. ეს ეხება იმ კავშირს, რომელიც ამ ქვეყანასთან შევქმენი. და მაინც, არაფერს ვნანობ. რადგან ყოველთვის ვიმოქმედე ჩემი ღირებულებების შესაბამისად თავისუფლება, ღირსება, სამართლიანობა. ამ ღირებულებებს დავიცავ ბოლომდე. უმოქმედოდ არ დავრჩები. დავიწყებ სამართლებრივ ბრძოლას. ბოლომდე წავალ, საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგამდეც, რადგან ეს კავშირი ვერ წაიშლება ერთი გადაწყვეტილებით; რადგან ასეთ ქვეყანას ასე მარტივად ვერ ტოვებ, მისთვის იბრძვი. საქართველო ჩემი ნაწილია, რაც არ უნდა მოხდეს და მე არ დავნებდები“,  დაწერა პრიმერსკიმ.

პრიმერსკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში რომელიც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ არის გამოცემული ჩანს, რომ მას ბინადრობის ნებართვა 2027 წლამდე ჰქონდა მიღებული.

პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ, საქართველოში არაერთი შემთხვევა დაფისქირდა უცხოელი ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის. მათ შორის, უმეტესად საზღვრის კვეთის აკრძალვასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებსაც, CMIS დეტალურად აღწერს.

საქართველოს პარლამენტმა “მონიტორის” ჟურნალისტზე ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია არ გასცა

2026 წლის 25 მარტს, “მონიტორმა” გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც აღნიშულია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთან ზაალ დუგლაძესთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოახერხეს, რადგან პარლამენტმა ჟურნალისტზე არ გასცა სპეციალური საშვი.

საქართველოს პარლამენტში მისვლა და პარლამენტის წევრისთვის კითხვის დასმა ვერ შევძელით. ახალი წესების მიხედვით, პარლამენტში შესვლამდე საჭიროა კონკრეტული მიზეზის მითითება სპეციალური საშვის მისაღებად. როდესაც გაიგეს, რომ ზაალ დუგლაძესთან ინტერვიუს ჩაწერა გვინდოდა, პარლამენტმა საშვის გაცემაზე უარი თქვა” – აღნიშნულია “მონიტორის” მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში

“მონიტორმა” პარლამენტს სპეციალური საშვის მოთხოვნით პირველად 17 თებერვალს მიმართა. მოგვიანებით კი, 19 თებერვალს. ჟურნალისტზე საშვი არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვეს. “მონიტორისთვის” მიზეზები არ განუმარტავთ.

2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი, რომლის თანახმად, სპეციალური აკრედიტაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას აპარატის უფროსი იღებს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.  ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია წარმოადგენს მექანიზმს, რომლის საშუალებითაც იმ ჟურნალისტებს, რომლებიც არ ფლობენ საპარლამენტო აკრედიტაციას, ეძლევათ საქართველოს პარლამენტის სასახლეში შესვლისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა კონკრეტული მიზნის ფარგლებში. სპეციალური წესის მიხედვით, საჭიროა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განხადებით მიმართვა და კონკრეტული მიზეზის დასახელება, თუ რისთვის სურთ სპეციალური საშვის მიღება. მანამდე, კანონში ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა.

“ქართული ოცნების” მხრიდან, პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებისათვის შეზღუდვების დაწესება 2023 წლის 6 თებერვლიდან დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა.

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტს შსს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტმა ქეთი ხუციშვილმა CMIS მისი ორჯერ დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შსს-მ “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” ქეთი ხუციშვილი ჯამში 10,000 ლარით დააჯარიმა. პირველად 2025 წლის 2 აპრილს, მეორე შემთხვევაში კი, 2025 წლის 13 ივნისს. ჟურნალისტმა ორივე ჯარიმა გაასაჩივრა, ისინი ამჯერად ისინი განხილვის ეტაპზეა.

ქეთი ხუციშვილი დაჯარიმების მომენტისთვის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

CMIS აღწერს “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით დაჯარიმებული და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჟურნალისტების შემთხვევებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას მხატვრის მუშაობის შეზღუდვის მცდელობა

სასამართლო პროცესებზე მედიისთვის ფოტო, ვიდეო და აუდიოგადაღების აკრძალვის პირობებში, პროცესების ვიზუალური ასახვის ერთ-ერთ ერთადერთ საშუალებად მხატვრების მიერ შესრულებული სკეტჩები რჩება. მიუხედავად ამისა, 18 მარტის ანტონ ჩეჩინის, სერგეი კუხარჩუკისა და არტიომ გრიბულის სხდომაზე მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სცადა მხატვრის მუშაობის შეზღუდვა და მიუთითა, რომ „სახეებით გამოჭენება“ არ უნდა მოხდეს. ადვოკატების განმარტებების შემდეგ, რომ ხატვა აკრძალული არ არის, რასაც პროკურორიც დაეთანხმა, მხატვარს მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცა, თუმცა სახეების გამოსახვა შეეზღუდა.

აღნიშნული ვითარება ვითარდება იმ ფონზე, როდესაც 2025 წლის ივნისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით სასამართლოში გადაღება ფაქტობრივად აიკრძალა, რამაც მედიის მიერ პროცესების გაშუქება მნიშვნელოვნად გაართულა და საზოგადოების ინფორმირების შესაძლებლობა შეამცირა.სასამართლოში მიმდინარეობს ანტონ ჩეჩინის, სერგეი კუხარჩუკისა და არტიომ გრიბულის ახალი საქმის წინასასამართლო განხილვა. წარმოშობით რუს და უკრაინელ პატიმრებს, რომლებიც უკვე გასამართლებული არიან საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საქმეებით, ამჯერად პენიტენციურ დაწესებულებაში „ხელნაკეთი ბანქოს ჯგუფურად თამაშს“ ედავებიან. აღნიშნული ბრალი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩეჩინსა და გრიბულს უკვე 8.5-წლიანი, ხოლო კუხარჩუკს 2-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. ბრალის წარდგენის შემდეგ ისინი სხვადასხვა საკანში გადაიყვანეს

ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ პრო-სამთავრობო მედიაში მზია ამაღლობელის დისკრედიტაციის ნარატივი გრძელდება

ევროპარლამენტმა 12 მარტს მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებული პირების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ.

დოკუმენტი ასევე საუბრობს ოპოზიციისა და აქტივისტების დევნაზე, მოუწოდებს ხელისუფლებას გააუქმოს შემზღუდავი კანონები და უზრუნველყოს დაკავებული პირების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელი გამოძიება.

რეზოლუციის მიღების შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა მასალა, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოხსენიებულია როგორც „პოლიციელზე მოძალადე“. აღნიშნული ფორმულირება წარმოადგენს მის მიმართ დისკრედიტაციის ნარატივის გაგრძელებას, რომელიც პრო-სამთავრობო რიტორიკაში მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ აქტიურად ვრცელდება.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდარავა სამართალდამცავებს  მიმართავს დაინტერესდნენ  ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტით

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდარავა საქართველოს პროკურატურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაინტერესდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტით.

საუბარია მასალაზე, რომელიც „ფორმულას“ ეთერში 2026 წლის  17 იანვარს გავიდა. მასში ნათქვამია, რომ 2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საქართველოში  ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები შემოჰყავდა.

„სიუჟეტში გაჟღერებული იყო, რომ მე, სუს-თან შეთანხმებით, წინასწარი განზრახვით ჩავიდინე უმძიმესი დანაშაული. ეს ჩემთვის სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი დანაშაულია. ქვეყნის ღალატია, როცა ქრთამის სანაცვლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოგყავს პოტენციური დამნაშავეები. ამიტომ, გარდა იმისა, რომ სარჩელი შევიტანე სასამართლოში, მივმართავ პროკურატურას და ვთხოვ, ჩაატაროს გამოძიება საკითხზე, რათა დადგენილი იყოს, ვინ არის დამნაშავე, მე, სუს-ი, საზღვრის დაცვის პოლიცია თუ შპს „სიცრუის ფორმულა“,- განაცხადა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე.

მიმდინარე წლის იანვარში, ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, გოგა ხაინდრავამ დაანონსა, რომ ის  „ფორმულას“  სასამართლოს მიმართავდა. .აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა  მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო მისთვის უცნობი პირისგან. მუქარის ავტორი ჟურნალისტს სწერდა: “პატარა ქალაქია თბილისი…. თავს გაუფრთხილდი ჯიგარო”. დავით ქაშიაშვილმა აღნიშნულის შესახებ თავად განაცხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ფინანსური დავალიანების გამო გაითიშა “TV პირველის” სატელიტური მაუწყებლობა

2026 წლის 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ ფინანსური დავალიანების გამო “TV პირველის” სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა. ტელეკომპანიის ცნობით, სატელიტური და ღია მაუწყებლობა დიდი თანხებთან არის დაკავშირებული, რომლის დაფარვაც მათ ვეღარ შეძლეს.

არხი დახმარებას მაყურებელს სთხოვს და აქვეყნებს ანგარიშის ნომერს: „ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას! თქვენ შეგიძლიათ თქვენი მონაწილეობით გაუზიაროთ “TV პირველის” მაუწყებლობა მთელს საქართველოს და ემიგრანტებს, ვინც ევროპასა და აზიაში სატელიტის საშუალებით გვიყურებს”, – ვკითხულობთ “TV პირველის” განცხადებაში.

არხის პირდაპირი ტრანსლაციები კვლავ ხელმისაწვდომია ონლაინ და ფასიან სატელევიზიო პლატფორმებზე, როგორიცაა „მაგთი“ და „სილქნეტი“. გათიშვის შედეგად, ტელეკომპანიის გადაცემებზე აღარ ექნებათ წვდომა რეგიონებსა და შორეულ რაიონებში მცხოვრებ მაყურებლებს, სადაც ასეთი სერვისები ნაკლებად ხელმისაწვდომია ან თითქმის არ გამოიყენება.

“TV პირველი” არ არის გამონაკლისი მედია. ბოლო პერიოდში, “ქართული ოცნების” რეპრესიული საკანონმდებლო პოლიტიკის შედეგად, რომლის მიზანი დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის შეზღუდვაა, საქართველოში ბევრ მედიასაშუალებას შეექმნა ფინანსური პრობლემები.

პროსამთავრობო ტელევიზია „რუსთავი 2“ საგამოძიებო სტუდია „აი ფაქტის“ დისკრედიტაციას ახდენს

პროსამთავრობო ტელევიზია „რუსთავი 2“-მა, საგამოძიებო სტუდია „აი ფაქტის“ შესახებ დეზინფორმაციული სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც მედიასაშუალება უცხოური ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.  

“რუსთავი 2-ის” სიუჟეტი სახელწოდებით “საინფორმაციო იერიში ქვეყნის წინააღმდეგ”,  ბრიტანეთის მთავრობის მიერ პროსამთავრობო ტელევიზიების დასანქცირებას ეხებოდა. სიუჟეტის მთავარი ნარატივი იყო, რომ „უცხო ძალებისთვის საქართველოში მთავარი იარაღი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები არიან, რომლებიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან წინასწარ შემუშავებული სქემით მოქმედებენ“. ამის მაგალითად „რუსთავი 2-ს“ მოჰყავს „აი ფაქტის“ საგამოძიებო მასალა ყულევის ტერმინალში რუსული ნავთობით დატვირთლი ტანკერების შემოსვლაზე.

„ერთ-ერთი იარაღი უცხო ძალების ხელში მედიაპლატფორმა „აი ფაქტიც“ გახდა, რომელმაც წინასწარ დაწერა, რომ ლონდონი ყულევის ტერმინალში შემავალ ტანკერებს დაასანქცირებდა. ინფორმაცია ჯერ „აი ფაქტმა“ გამოაქვეყნა, შემდეგ კი გაერთიანებულმა სამეფომ ორი გემი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა“, – ამბობს წამყვანი და შემდეგ აზუსტებს, რომ ეს არის სქემის ნაწილი. „უცხოური სპეცსამსახურები კარგად იყენებენ აპრობირებულ მეთოდებს და ანალიტიკურ ორგანიზაციებში ქართველების აქტოვობებსაც სწორედ სხვა ქვეყნის დაზვერვა განსაზღვრავს“, – ამბობს ერთ-ერთი წამყვანი სიუჟეტის წარდგენისას. [სიუჟეტის ტაიმკოდი: 20:28 – 26:40]„აი ფაქტის“ დამფუძნებლის, ნინო ბაქრაძის განმარტებით, ამგვარი დეზინფორმაციული სიუჟეტი მხოლოდ იმის დასტურია, რამდენად აღელვებს „ქართულ ოცნებას“ ამ სტუდიის მიერ საქართველოს პორტებში რუსული ტანკერების შესახებ მომზადებული გამოძიებები.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, “ქართულმა ოცნებამ” ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან შეხვედრის უფლება არ მისცა

2026 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, “ქართულმა ოცნებამ” არ მისცა უფლება ციხეში მოენახულებინა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. 

“მოვითხოვეთ პატიმრების მონახულება, რომლებიც ციხეში არიან, განსაკუთრებით, სახაროვის პრიზის მფლობელის [მზია ამაღლობელის]. ეს გამოვხატეთ პრემიერმინისტრთან, ეს გამოვხატეთ ქვეყნის პრეზიდენტთან, ეს გამოვხატეთ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ეს გამოვხატეთ პარლამენტის სპიკერთან. და მათ გვიპასუხეს: არა”, – განაცხადა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს  განცხადებაც, რომელიც გაავრცელა დელეგაციამ საქართველოში ვიზიტის შესახებ.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო დელეგაციას “ქართული ოცნება” ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მონახულების შესაძლებლობას არ აძლევს. 2025 წლის ნოემბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, რომლებიც თბილისში იმყოფებოდნენ, დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მონახულებას ცდილობდნენ, თუმცა მათ ციხის საკანში შესვლაზე უარი უთხრეს. 2025 წლის მაისში მზია ამაღლობელთან შესვლის ნებართვა ასევე ვერ მიიღო თბილისში მყოფმა ევროპარლამენტარების დელეგაციამ.

„ქართული ოცნება” ე.წ. რუსული კანონის აღსრულებასაც აუდიტის სამსახურს ავალებს

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ე.წ. “რუსული კანონის” („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) კანონის აღსრულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აუდიტის სამსახური უკვე ახორციელებს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისა“(ე.წ. FARA) და გრანტების შესახებ კანონის მონიტორინგსა და აღსრულებას, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნევა, რომ ამავე უწყებამ განახორციელოს აღნიშნული კანონის შესრულებაც. ცვლილებების ავტორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

ე.წ. „რუსული კანონი“, რომელიც პირველად 2023 წელს იქნა ინიცირებული, დასავლური დაფინანსების მქონე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას ითვალისწინებს და კრიტიკოსების მიერ „რუსულ კანონად“ მოიხსენიება მისი მსგავსების გამო რუსეთში მოქმედ „უცხოეთის აგენტების“ კანონთან. კანონპროექტს საქართველოში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები და საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც 2023 წელს მისი მიღება შეჩერდა. თუმცა 2024 წლის აპრილში მმართველმა პარტიამ პროექტი ხელახლა წარადგინა პარლამენტში და 2024 წლის 28 მაისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, საბოლოოდ მიიღო.კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს ყოველწლიურად წარადგინონ ფინანსური დეკლარაციები და ითვალისწინებს სანქციებს მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. აღნიშნული კანონი იქცა საფუძვლად შემდგომი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების სერიისთვის, რომელიც მიმართულია ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვისკენ.