სამოქალაქო აქტივისტს, თათია მექვაბიშვილს, ტროტუარზე პროტესტის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

სამოქალაქო აქტივისტს, თათია მექვაბიშვილს, ტროტუარზე პროტესტის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

გადაწყვეტილების შემდეგ, აქტივისტი  რუსთაველზე, პარლამენტის წინ დააკავეს. რუსთაველის გამზირზე მისულმა თათია მექვაბიშვილმა თავად დარეკა 112-ში და შეატყობინა, რომ მის დასაკავებლად ეკიპაჟი გაეგზავნათ.

ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

ნანუკა ჟორჟოლიანს, ტროტუარზე დგომის გამო, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

ცნობილ ჟურნალისტს, აქტივისტ ნანუკა ჟორჟოლიანს, ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. 

ალექსი პეტრიაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილს, ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო პეტრიაშვილს 17 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პეტრიაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ ვიდეოში არ ჩანს, თითქოს ტროტუარზე ვინმეს გადაადგილება შეეზღუდა. მისი თქმით, მის გარშემო საკმარისი სივრცე იყო და მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. პეტრიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 17 დეკემბერს, ადგილზე შსს-ს მხრიდან მოწოდება არ ყოფილა და მისი შეფასებით, აღნიშნული კანონი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.იმავე დღეს მოსამართლე კაპანაძემ განიხილა პროტესტის კიდევ ერთი მონაწილის, სანდრო სეხნიაშვილის საქმეც და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სეხნიაშვილს 7 თებერვალს პარლამენტის წინ საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა

ნათია ჭელიძეს გზის ხელოვნურად  გადაკეტვის საქმეზე  2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ პროტესტის მონაწილე ნათია ჭელიძეს გზის გადაკეტვის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭელიძეს 31 იანვარს, პარლამენტის წინ საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.

საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილს, რომელიც საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვასა და ტროტუარზე გამვლელთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას მოიცავს. აღნიშნული მუხლი 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში – 20 დღემდე. ამავე მუხლის განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

ნინო საღირიძესა და ელენე გელაშვილს ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინო საღირიძეს ტროტუარზე დგომის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

ტროტუარზე დგომის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ასევე უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო გელაშვილს 18 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. ელენე გელაშვილი პოლიციამ აგრარული უნივერსიტეტის ეზოში დააკავა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია მუხლით, რომელიც სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში – 20 დღემდე. ამავე მუხლით განმეორებითი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას იწვევს.

ტროტუარზე დგომისა და გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეებზე გიორგი სავანელსა და თათა ფერაძეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი სავანელს ტროტუარზე დგომის გამო 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

8 მაისს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სავანელის ადვოკატი აიჰან ჰასანლი წერდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეში ერთადერთი „მტკიცებულება“ უკანონოდ აქვს მოპოვებული. ადვოკატის შეფასებით, საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ ეხება და კონსტიტუციით დაცულ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას უკავშირდება. მისი თქმით, სასამართლო სხდომაზე მსჯელობა ძირითადად ერთგვერდიან „დათვალიერების ოქმსა“ და „პატაკს“ შეეხებოდა. ადვოკატის განცხადებით, როდესაც მოქალაქეს ტროტუარზე დგომის, შეკრებაში მონაწილეობისა და საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვის გამო ასამართლებენ, საქმე მხოლოდ ადმინისტრაციულ ოქმს აღარ ეხება და თავისუფლების საკითხს უკავშირდება.იმავე დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ პარტია „დროას“ წევრს, თათა ფერაძესაც ტროტუარზე გამვლელთა შეფერხებისა და გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეზე 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. თათა ფერაძე სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. ის გადაწყვეტილების აღსრულებას პარტიის ოფისში ელოდებოდა, საიდანაც მოგვიანებით დააკავეს.

გიგა მაქარაშვილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გიგა მაქარაშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, სიტყვიერ შეურაცხყოფას შეიცავდა.

საქმის მასალებში წარმოდგენილია მართლწესრიგის უფროსი ოფიცრის, კორნელი კირცხალიას მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ოქმის მიხედვით, „2026 წლის 3 აპრილს მოქ. გიორგი მაქარაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუკის საშუალებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს“.

სასამართლომ მაქარაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მის მიმართ სანქციის სახით 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა.

უწყვეტი პროტესტის მონაწილეს ტროტუარზე დგომის საქმეზე 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილე ბაჩანა აფხაზავას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო აფხაზავას პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით. ამ მუხლით სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

საპროტესტო აქციების მონაწილეებს ტროტუარისა და გზის გადაკეტვის საქმეებზე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილეთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. საქმეები ტროტუარის ან გზის სავალი ნაწილის სავარაუდო გადაკეტვას უკავშირდება.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ განიხილა ანი ფრიდონაშვილის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 17 დეკემბერს ტროტუარის გადაკეტვას ედავებოდა. სასამართლომ ფრიდონაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

პარტია „ახალის“ წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაჩანიძეს 18 დეკემბერს ტროტუარის გადაკეტვას ედავებოდა.2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, თამუნა გიორგაძეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგაძეს 17 დეკემბრის აქციაზე ტროტუარზე დგომას, ხოლო 7 თებერვლის შაბათის მარშის დროს საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა. ორივე საქმე ერთობლივად იქნა განხილული.

თბილისში ორი დემონსტრანტი გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეზე სამართალდამრღვევებად ცნეს

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ორი დემონსტრანტის, ნესტან მამაცაშვილისა და ნათია გოფოძის, საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა 31 იანვარს, შაბათის მარშის დღეს, გზის სავალი ნაწილის სავარაუდო „ხელოვნურად გადაკეტვას“.

მამაცაშვილისა და გოფოძის საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა. სასამართლომ ორივე დემონსტრანტი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ნესტან მამაცაშვილს, როგორც მცირეწლოვანი შვილების დედას, ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდა და მის მიმართ სანქციის სახით 5,000-ლარიანი ჯარიმა განისაზღვრა. ნათია გოფოძეს კი სასამართლომ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.